გერმანული Deutsche Bank-ის გაჟონილი შიდა დოკუმენტების მიხედვით, დონალდ ტრამპთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ ბაქოში სასტუმროს პროექტის ფარგლებში საეჭვო წყაროებიდან, მათ შორის „აზერბაიჯანულ ლაუნდრომატთან“ დაკავშირებული კომპანიებისგან, 3 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.
ამის შესახებ 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში Inside Deutsche Bank წერენ. 230-ზე მეტმა ჟურნალისტმა 50-ზე მეტი მედიასაშუალებიდან 15 მილიონზე მეტი გაჟონილი საბანკო დოკუმენტი შეისწავლა.
გამოძიების თანახმად, საუბარია კომპანიებზე DT Marks Baku და THC Baku Services, რომლებიც ტრამპის ბაქოში დაგეგმილ სასტუმროს პროექტს Trump International Hotel & Tower-ს უკავშირდებოდნენ.
Deutsche Bank-ის შიდა დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიების ტრანზაქციების ნაწილი საეჭვოდ შეფასდა და დაკავშირებული იყო რუსულ და აზერბაიჯანულ ფულის გათეთრების სქემებთან. 2020 წელს ბანკმა ამ ოპერაციების შესახებ საეჭვო საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
„აზერბაიჯანული ლაუნდრომატი“ საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებებით გამოვლენილი, დაახლოებით 3-მილიარდდოლარიანი ფულის გათეთრების სქემაა. მისი მეშვეობით აზერბაიჯანთან დაკავშირებული თანხები რთული კომპანიებისა და საბანკო გადარიცხვების ქსელით გადაადგილდებოდა. გამოძიებების მიხედვით, ამ ფულს უცხოეთში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლადაც იყენებდნენ.
დოკუმენტებში უშუალოდ ტრამპი ეჭვმიტანილად დასახელებული არ არის. გამოძიება არ ადასტურებს მის პირად მონაწილეობას ფულის გათეთრებაში.
წყარო: netgazeti.ge










