ორშაბათი, ივლისი 14, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოებაუფასოდ ვერავინ დაგიცავს, ვერც ფეისბუქზე დაწერ, მედია ვერ გააშუქებს – „ოცნება“ ყველა...

უფასოდ ვერავინ დაგიცავს, ვერც ფეისბუქზე დაწერ, მედია ვერ გააშუქებს – „ოცნება“ ყველა კარს კეტავს

„ახლა მხოლოდ ის კი არ არის რისკი, რომ მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება და იურისტის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, დაუცველი დარჩება. ის უკვე მედიასაც ვეღარ მიაკითხავს, რადგან მისთვის აღარავის ეცლება და ეს მოხდება ისედაც უსამართლო სასამართლოს პირობებში“ – ამბობენ უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ კვალიფიციური დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ადვოკატის დაქირავების საშუალება არ ჰქონდათ.

„ოცნება“ პარლამენტში დასამტკიცებლად ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით ფაქტობრივად ყველა კარს კეტავს იმ დაუცველი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არც ფული აქვთ ძვირადღირებული იურიდიული კონსულტაციების მისაღებად და არც „გავლენიან პირებთან კავშირები“ – პრობლემების მოსაგვარებლად.

უფლებადამცველების თქმით, ცვლილებები კანონში, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო პერიოდში დაამტკიცა და რომელთა დამტკიცებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს, მწვანე შუქია საჯარო მოხელისთვის, ცრუ მოწმე პოლიციელისთვის, პროკურორისთვის, მოსამართლისთვის – ყველა მათგანისთვის, ვინც „ჭრის და კერავს ამ საქმეებს“, ვინც ამაში მონაწილეობს. „თქვენ დამემორჩილეთ და კვალსაც არ დავტოვებ, არაფერი იქნება თქვენს წინააღმდეგო – ეუბნება მათ ოცნება“ – მიიჩვევენ უფლებადამცველები. 

მაგალითად, მორიგი საკანონმდებლო ცვლილებებით „ოცნება“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიციირებულია და მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.

„ოცნების“ პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის, რის საფუძველზეც მედიისთვის პროცესების გაშუქება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება ვიდეო და ფოტომასალით.

ამის პარალელურად დაუცველი შეიძლება დარჩეს მოქალაქე, რომელსაც, მაგალითად, მიწის ნაკვეთს არ დაურეგისტრირებენ, არ ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში, არ მისცემენ დახმარებას, დააკავებენ უკანონოდ, დაჩაგრავენ… მედია კი, ახალი კანონის პირობებში, ვეღარ შეძლებს აჩვენოს საზოგადოებას, როცა სისტემა მოქალაქეს უსამართლოდ ექცევა. 

  •  „ახალი კანონი კლავს ყველა პლატფორმას, სადაც მოქალაქეს შეუძლია დარღვეულ უფლებაზე ილაპარაკოს“

„ეს არის რუსული კანონის გაგრძელება. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა“ – ამბობს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე. იგი მათ შორისაა, ვინც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაუცველ მოქალაქეებს უწევდა კვალიფიციურ კონსულტაციებს და ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებდა პროექტებს მათი ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.

გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ „ოცნება“ არ იშურებს ძალისხმევას ჩანაფიქრის ბოლომდე მისაყვანად და ეს მთლიანად ერთი პაკეტია – რუსული კანონი.

„მაგალითად, ადამიანი ცხოვრობს, თვითდასაქმებულია. ნებისმიერი უფლების დარღვევის შემთხვევაში მას შეეძლო მიემართა დამოუკიდებელი მედიისთვის, პრობლემების შესახებ ესაუბრა, მისულიყო არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც უფასოდ გაუწევდა სამართლებრივ კონსულტაციას, იურიდიულ დახმარებას და წარმოადგენდა მის ინტერესებს სასამართლოში იქნებოდა ეს თუ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში. ახლა, ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ამის შესაძლებლობა მას ფიზიკურად არ ექნება.

რეპრესიული კანონები პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი მედია, რომელიც რეჟიმისთვის არის მიუღებელი, შეზღუდოს, გაანადგუროს, მოკლას. მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი პლატფორმა, რომლითაც ისაუბრებს თავის გულის ტკივილზე, დარღვეულ უფლებებზე.

ამის პარალელურად, „ოცნების“ მიზანია გაქრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც არ არიან დაქვემდებარებული რეჟიმზე და იცავენ ადამიანის უფლებებს – ეს იქნება პენსიონერის დარღვეული უფლებების აღდგენა, მიწის რეგისტრაციის პროცესში უფასო დახმარება, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების დახმარება თუ სხვა ნებისმიერი პრობლემა“. 

გოჩა მჟავანაძე

იურისტი ირმა აბაშიძე, რომელიც ასევე, დაუცველი ადამიანების უფლებების დასაცავად მუშაობს, ჩვენთან საუბარში ვრცლად მიმოიხილავს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ბოლო პერიოდში „ოცნებამ“ დაამტკიცა ან/და რომელთა მიღებასაც გეგმავს. მათ შორის არის რუსული კანონი და „ოცნების ფარა“.

იურისტი ამბობს, რომ კანონმდებლობაში უკვე მიღებული და დაგეგმილი ცვლილებები მთლიანად ცვლის რეალობას და ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის სტანდარტს აუარესებს.

იურისტი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე გვიხსნის, როგორ დააზარალებს საზოგადოებას სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა და ე.წ. ცრუ მოწმეებს მისცემს საშუალებას მეტი ტყუილი უფრო თამამად თქვან:

„საქმეებიდან გამომდინარე, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე გვქონია, პირები, რომლებიც პროცესზე მოდიან, სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას ისეთი ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომლებსაც მხოლოდ ისინი ასახლებენ და სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებით ეს ვერ დასტურდება.

მეტსაც გეტყვით – პროცესზე წარვადგინე ფოტო-ვიდეო მასალა, უწყვეტი კადრები, სადაც სრულად ჩანდა რა ხდებოდა. ამის საპირისპიროდ მოწმეები დიდ დროს უთმობდნენ იმის ჩამოყალიბებას, თუ რას არღვევდა მხარე. ვიდეომასალაში ამის მინიმალური ფაქტიც კი არ დაფიქსირებულა. იმ შემთხვევაში ბენეფიციარებს გაუმართლათ, რომ არსებობდა უწყვეტი კადრები, მაგრამ ეს სასამართლოსთვის არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. ვიდეოკადრი, რომლის ავთენტურობაც სადაო არ გამხდარა, აჩვენებდა სიმართლეს, თუმცა მოსამართლე მაინც მოწმის ჩვენებებს დაეყრდნო.

როცა ასეთი მოწმეების შესახებ მედიით ვრცელდება ინფორმაცია, საზოგადოების წინაშე მორალური პასუხისმგებლობის ნაწილი იწევს წინა პლანზე, თუნდაც ის, რომ ფართო მასები იცნობდნენ იმ ადამიანებს, ვინც სასამართლო პროცესებზე ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ… ამ ნაწილშიც კი, ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა შეუწყობს ხელს, რომ ასეთმა პირებმა კიდევ უფრო მეტი ტყუილი თქვან.

ყველა ცვლილება მიდის იქითკენ, რომ ადამიანებმა ვერ გამოხატონ პროტესტი მოსალოდნელი რეპრესიების გამო, რაც შეიძლება გამოიყენონ მათ წინააღმდეგ და იყენებენ კიდეც. არაერთი პირის ადვოკატი ვარ და არის საქმეები, რომლებიც ეხება შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებს“. 

  • „ვერც ფეისბუქზე დაწერ“

გოჩა მჟავანაძე ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მედიისა და არასამთავრობოების გაქრობის პარალელურად „ოცნება“ ცდილობს ისეთი ცვლილებები შეიტანოს კანონში, რაც სოციალურ ქსელშიც დაარეგულირებს პოზიციის გამოხატვას:

„მოქალაქეს, რომლისთვისაც არც მედია იქნება ხელმისაწვდომი, რჩება მხოლოდ სოციალური ქსელი და იქაც კი კონტროლის მექანიზმი შედის. ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ თანამდებობის პირზე კრიტიკული პოსტისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა, 3-4 თვემდე ვადით. ნებისმიერ პრობლემაზე პოსტი – ეს იქნება ინფრაქტრუქტურული, სოციალური თუ ეკონომიკური კრიტიკული პოზიცია, შეიძლება რეჟიმმა შეურაცხყოფად აღიქვას და დააყენოს ავტორის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხი“ – განმარტავს გოჩა მჟავანაძე. 

  • „მეზობელმა ან შვილმა არ უნდა ნახოს ტელევიზორში, როგორ ტყუის ცრუ მოწმე პოლიციელი“

„ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის.

კანონპროექტის თანახმად, არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოშიც ფოტო-ვიდეო გადაღება იკრძალება. გამონაკლისები იქნებიან სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები – მათთვის გადაღება დაშვებული იქნება. რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერას, ეს დაიშვება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვით. 

„ეს ემსახურება იმას, რომ არ უნდათ ხალხმა დაინახოს სასამართლოში არსებული უსამართლო სიტუაცია, ცრუ მოწმეები, შეთითხნილი საქმეები, შეკერილი ბრალდებები, ცრუ მოსამართლეები, რომლებიც თავის გადაწყვეტილებებს არ აფუძნებენ არგუმენტებს, მტკიცებულებებს და პირიქით – ემსახურებიან რეჟიმს. არ უნდათ, რომ მოხდეს ამის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩაწერა, დაარქივება და შემდგომში მისი გამოყენება ამ ხალხის მიმართაც, ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს.

შვილმა არ უნდა ნახოს ტელევიზორში, რას ეუბნება მამა სასამართლოს, ამით „ოცნება“ სისტემის თანამშრომლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს ეუბნება – ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს მიმართ არანაირი მტკიცებულება არ შეიქმნას რეალური სახით, ვიდეო იქნება ეს თუ ფოტო. ამით სისტემა ერთგვარად დაცულობის გარანტიას აძლევს მათ.

პარალელურად, მესამე მხარე, რომელიც ვერ ახერხებს სასამართლო პროცესებზე დასწრებას, მაგრამ უნდა, რომ ინფორმაცია მიიღოს, ამ ინფორმაციას ვერ მიიღებს. თუ არ მოხდება გადაღება, ასახვა და მიწოდება დამოუკიდებელი მედიის საშუალებით, ინფორმაცია მიუწვდომელი იქნება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მოწმე პოლიციელი ე.წ. დაზიანებით არის სამ საქმეში წარმოდგენილი, პროცესებზე ეს თემა გაიშიფრა და საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის რეალურად ცრუმოწმე, ეს ვიდეოკადრები კი სამომავლოდ მის მიმართ შეიძლება გამოდგეს, როგორც მტკიცებულება“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე. 

იურისტი ირმა აბაშიძე, თავისი პრაქტიკის გათვალისწინებით, გვიყვება პროცესების გაშუქების მნიშვნელობაზე და ხაზს უსვამს, რომ თუ მედია პროცესებს ვერ გადაიღებს, საზოგადოება პროპაგანდის ამარა დარჩება, რაც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას:

„დაგვრჩება პროპაგანდა, რასაც მასები უსმენენ და აღმოჩნდება, რომ სწორი ინფორმაცია საზოგადოების დიდ ნაწილამდე ვეღარ მივა. ამდენი ცვლილების შემდეგ უარეს რეალობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ეს ცუდ გავლენას ახდენს არასამთავრობო სექტორზე, რომელსაც თავისი დღის წესრიგის მორგება უწევს ამ ცვლილებებზე და ეს ძალიან რთულია“.

ირმა აბაშიძე, ადვოკატი

  •  რატომ ვეღარ გაიგებთ, რომ ღარიბი ქვეყნის თანამდებობის პირები მილიონიან სახლებს ყიდულობენ და ასიათასობით ლარს საათებში იხდიან 

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით უქმდება კანონის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

კანონპროექტის მიღების შედეგად ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდება მოპასუხეზე. მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, დაზუსტდება ცილისწამების განმარტებაც, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.

„ბოლო ცვლილებით შეცვლილი და დაზუსტებულია ცილისწამების ნაწილი, შეცვლილია ასევე მტკიცების სტანდარტი. აქამდე თუ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, ვინც თვლიდა, რომ ზიანი მიადგა, ახლა შებრუნებულია და პირიქით, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს აქვს ყოფითი პრობლემა, მაგალითად სჭირდება გზა და გამოხატავს თავის პოზიციას ცოტა მწყრალად, შესაძლოა ამ ფორმულირებით ის სხვა შედეგამდე მივიდეს. ის კი არა, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და უზრუნველყოს მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემო, პირიქით, იქითკენ იქნება მიმართული, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს, შემცირდეს და სრულიად აღმოიფხვრას უკმაყოფილო ადამიანების მხრიდან პროტესტის გამოხატვის რაიმე ფორმა“ – ამბობს იურისტი ირმა აბაშიძე.

გოჩა მჟავანაძე ამას „მტკიცების ტვირთის შემობრუნებას“ უწოდებს. მისი განმარტებით, „ოცნებას“ იქით მიჰყავს საკანონმდებლო ცვლილებები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგალითად, ვერ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, კვლევები თანამდებობის იმ პირების შესახებ, რომლებიც კავშირში იქნებიან კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, უკანონო მშენებლობასთან თუ კანონის მიღმა არსებულ საქმიანობასთან.

„აქამდე ვამხელდით საჯარო პირს, რომ ის არის სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაში, მაშინ როცა დარწმუნებულიც კი ვიყავით, რომ კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტური ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, ასეთი ორგანო არის სასამართლო და სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს, მანამდე ადამიანზე არ შეგიძლია თქვა, რომ მან კორუფციული გარიგება ჩაიდინა, ამიტომ ვიყენებდით აპრობირებულ მიდგომას, რომ „სავარაუდოდ ჩაიდინა“ და მოვუწოდებდით შესაბამის სამსახურებს გამოეძიებინათ, მოეკვლიათ ეს საკითხი.

ეს ცვლილები, რაც არის ინიციირებული და მალე შევა ძალაში, აჩენს შესაძლებლობას, რომ ჩვენ თუ ვამხელთ თანამდებობის პირს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაზე, ეს პირი წავა სასამართლოში, იჩივლებს რეპუტაციული ზიანისა და სახელის გატეხის საფუძვლებით და ჩვენ მოგვიწევს სასამართლოში მტკიცება, დოკუმენტების წარდგენა, თუ რატომ ვსაუბრობთ სავარაუდო კორუფციაზე ამ შემთხვევაში.

ანუ, მტკიცების ტვირთი გადმოდის ჩვენზე, რაც ალოგიკურია. გამოდის, რომ შეიზღუდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა, ვინც მონიტორინგს უწევს საჯარო ფინანსების ხარჯვას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ანუ უნდა განაწილდეს, ვინ იმუშავებს ინფორმაციის მოძიებაზე და საზოგადოებისთვის გაცნობაზე და ცალკე რესურსი დასჭირდება იმას – თუ ვინ წავა და სასამართლოზე დაიწყებს ამის მტკიცებას.

ამ უსამართლო სასამართლოს პირობებში კი ნებისმიერ საქმეზე იქნები დამნაშავე და ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ, დოკუმენტები და მტკიცებულებებიც რომ გქონდეს წარდგენილი. დაგეკისრება მორალური ზიანის ანაზღაურება, რასაც მოჰყვება ყადაღა, ინკასო და ასე შემდეგ.

გამოდის, რომ საჯარო თანამდებობის პირებს მწვანე შუქს უნთებს რეჟიმი – „მიდით, აკეთეთ პარტიასთან შეთანხმებით ყველაფერი, იყავით ჩემი მორჩილი, შედით კორუფციულ გარიგებებში, მიიღეთ არალეგალური შემოსავლები, შევთანხმდეთ და მე დაგიცავთ, ვინმე თუ თქვენზე რამეს იტყვის“… შეიტანს სასამართლოში მარტივი ფორმით საჩივარს და მერე მოგიწევს იმის მტკიცება, რასაც ამ სასამართლოში ვერ დაამტკიცებ“.

  • სოფლად მცხოვრები ღარიბი მოქალაქის ცხოვრება უფრო გართულდება 

სპეციალისტები შიშობენ, რომ ზემოთ მითითებული ყველა ახალი გარემოების გათვალისწინებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდება:

„ქვეყანაში, სადაც 700 ათასამდე სოციალურად დაუცველი გვყავს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება, რეჟიმი გვეუბნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, მაგრამ ამის პარალელურად დაუცველთა ბაზაში მონაცემები იზრდება, 70 ათასამდე ბავშვი შიმშილობს რეალურად ქვეყანაში, ამის პარალელურად საჯარო მოხელეს, თანამდებობის პირს შეუძლია შეიძინოს მილიონიანი ქონება, უცხოეთში შეიძინოს ბინა, იცხოვროს ჩვენს ხარჯზე და ამაზე ვერავინ ვერ გამოაქვეყნებს, იმის გამო, რომ ამის რესურსი ფიზიკურად აღარ იქნება“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე.

იგი განმარტავს, რომ ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები შეისწავლიან კორუმპირებული საჯარო მოხელეების საქმიანობას და ვერ წარმოადგენენ მამხილებელ დოკუმენტებს:

„არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ იქნებიან ფიზიკურად და ამ ჩინოვნიკს ექნება საშუალება, რომ მისი შემოსავლები არალეგალურად კიდევ უფრო გაზარდოს, სოფლად, გაჭირვებაში მცხოვრები მოქალაქის ეკონომიკური პირობები და ფაქტორები კი უფრო მეტად დამძიმდება, ეს უფრო მეტ სიღარიბეს მოასწავებს მისთვის.

მას აღარც ექნება საშუალება, რომ ამის წინააღმდეგ ხმა ამოიღოს, გამოთქვას პროტესტი და იქნება იმაზე დამოკიდებული თუ რას მიაწვდის მას რეჟიმი“.

გიორგი ბადრიძე

  • „ახლა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა შეეგუოს დიქტატურას“

ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ახლა, როცა „ოცნება“ ყველა კარს კეტავს, ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, თითოეულმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, დიქტატურაში ცხოვრებას აპირებს თუ არა:

„ეს ჩვეულებრივი დიქტატურისკენ მიმავალი გზაა, უფრო სწორად უკვე იქ ვართ.

უბრალოდ საკუთარ თავს ადამიანმა ძალიან მარტივად უნდა კითხოს – თანახმაა ამ დიქტატურაში უდრტვინველად, წინააღმდეგობის გარეშე ცხოვრებაზე თუ არა.

ეტყობა საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მათ არ შეეხება, მაგრამ არ არსებობს არავინ, ვისაც ეს არ შეეხება, იქნება ეს თვითონ თუ ოჯახის წევრი… და რაც მთავარია, შეეხება მთელ ქვეყანას და მის ისტორიულ ბედს.

ასე რომ, საკუთარი საქმის კეთება, იმის ილუზიით, რომ ეს მის გარეშე შეიძლება შეიცვალოს, არის ძალიან მავნე თვითდამშვიდება და თავის მოტყუება. ამის გააზრება არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი.

ცაგო კახაბერიძე

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში – “რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან”

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა