მთავარიპოლიტიკა“ფრონტერას” სარგებელი - რის სანაცვლოდ შეაფერხა ნიკანდროსმა “მეგობარი აქტი?”

“ფრონტერას” სარგებელი – რის სანაცვლოდ შეაფერხა ნიკანდროსმა “მეგობარი აქტი?”

2024 წლის გაზაფხულზე“აგენტების კანონის” მიღებამ თბილისის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა. “ქართული ოცნება” პროტესტის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა და რეპრესიული კანონი ძალაში დატოვა.

ამ ამბავმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უბიძგა, საქართველოსთან ურთიერთობებისთვის გადაეხედა. შედეგად, 2024 წლის 23 მაისს დაინიცირდა “მეგობარი აქტი”/MEGOBARI Act, რომელიც ხელისუფლებას მკაცრი შეზღუდვებით, მათ შორის, ფინანსური აქტივების გაყინვით ემუქრებოდა. აქტის ზოგადი მიზანი კი საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენის შესუსტება იყო.

თუ საქართველო დემოკრატიულ რელსებს დაუბრუნდებოდა, ამ აქტით, ვაშინგტონი უვიზო მიმოსვლას, სავაჭრო შეღავათებსა და თავდაცვის გაძლიერებას გვპირდებოდა.

თუმცა, ვერც ეს სიკეთე მივიღეთ და ვერც “ქართულმა ოცნებამ” აგო პასუხი ქვეყნის უკუსვლაზე, რადგან 2025 წლის დეკემბერში “მეგობარი აქტი” დაიბლოკა. ამის უკან ორი ადამიანი იდგა – ყოფილი ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი და ტეხასელი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი, რომელსაც აქტის მიღება პირადი ინტერესების გამო არ აწყობდა.

ამ მოვლენების პარალელურად კი სტივ ნიკანდროსის ბიზნესმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო – ფინანსური შეღავათები და 15-მილიონიანი დავალიანების ჩამოწერა.

ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, რა ხდებოდა სენატის კულუარებში, როგორ იმუშავა სტივ ნიკანდროსმა “მეგობარი აქტის” ჩასაგდებად და როგორ დათბა მისი დაფუძნებული ნავთობკომპანიის, “ფრონტერას” ურთიერთობა ხელისუფლებასთან.

ვინ არის ყოფილი სენატორი მალინი?

ჯო უილსონის ინიცირებულმა “მეგობარი აქტის” კანონპროექტმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. 2025 წლის მაისში ის კონგრესის ქვედა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო (349 – მომხრე, 42 – წინააღმდეგი), საბოლოოდ დასამტკიცებლად კი ზედა პალატაში, სენატში გადავიდა.

სენატში “მეგობარი აქტი” ორჯერ შეფერხდა – 2025 წლის სექტემბერსა და დეკემბერში. როგორც ამერიკული გამოცემა The Hill წერდა, კანონპროექტი ორივეჯერ სენატორმა ჯონ ტუნმა დაბლოკა. მის ამ გადაწყვეტილებას კი ლობირებდა ყოფილი სენატორი მარკვეინ მალინი. მან სენატი 2026 წლის მარტში დატოვა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

ყოფილი სენატორი მარკუეინ მალინი, ფოტო: სააგენტო ფრანს-პრესი
ყოფილი სენატორი მარკუეინ მალინი, ფოტო: სააგენტო ფრანს-პრესი

პარადოქსია, რომ ეს იგივე ადამიანია, რომელიც 2020 წელს საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა და აშშ-ის მთავრობისგან “მკაცრ რეაგირებას” ითხოვდა. მაშინ მალინი ბიძინა ივანიშვილს „რუსული სკოლის ოლიგარქს”, “პუტინის მოკავშირეს” უწოდებდა და ლეგალური ამერიკული ბიზნესის, “ფრონტერას” ქვეყნიდან გაძევების მცდელობაში ადანაშაულებდა. ამით მალინი “ფრონტერას” წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან კომპანიას უკვე წაგებული ჰქონდა საერთაშორისო არბიტრაჟი და ქვეყნის დატოვება ემუქრებოდა.

რა მოხდა ამ ხუთ წელში, რატომ იცვალა ფერი ყოფილმა სენატორმა მალინმა? სინამდვილეში, მისი ქცევა ადრეც და ახლაც ერთი და იმავე ფიგურის, სტივ ნიკანდროსის ინტერესებთან იკვეთებოდა. აი, მათი ძველი კავშირების შესახებ:

  • ცნობილია, რომ 2019-2020 წლებში ნიკანდროსმა მალინის საარჩევნო კამპანია 9 000 დოლარით დააფინანსა;
  • როგორც ბრიტანული Open democracy წერს, აშშ-ის საარჩევნო კომისიის (FEC) მონაცემებით, 2017-2020 წლებში ნიკანდროსმა 73, 450 აშშ დოლარი შესწირა 16 ამერიკელ კონგრესმენს და სენატორს. ისინი კი მოგვიანებით Frontera-ს სასარგებლოდ ლობირებდნენ;
  • 2019 წლის თებერვალში მარკუეინ მალინმა კონგრესში დააინიცირა „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი“. ის გულისხმობდა საქართველოს მთავრობის სანქცირებას და ვიზების შეზღუდვას კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკულ ბიზნესს ხელს შეუშლიდნენ;
  • 2020 წლის იანვარში რამდენიმე ამერიკელმა კანონმდებელმა, მათ შორის, მალინმა საქართველოს მთავრობას კრიტიკული ღია წერილები გაუგზავნა და ამერიკული ბიზნესის შევიწროებაში დაადანაშაულა.
  • 2017-2021 წლებში ნიკანდროსმა დამატებით 850,000 აშშ დოლარი გადაუხადა ვაშინგტონურ ლობისტურ ფირმას Cornerstone Government Affairs-ს/CGA, აღმოსავლეთ ევროპაში ძიება-წარმოების საკითხებზე ლობირებისთვის.

რატომ დასჭირდა ნიკანდროსს სენატორების მობილიზება, ამის გასაგებად ამერიკული „ფრონტერას“ ქართულ ისტორიას უნდა გადავხედოთ.

ამერიკული “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ” საქართველოში 1997 წელს გამოჩნდა, დაარეგისტრირა შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”, რომელმაც მე-12 ბლოკზე (კახეთსა და ქვემო ქართლში) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების 25-წლიანი ლიცენზია მოიპოვა.

მირზაანის საბადო კახეთში, სადაც “ფრონტერა” მუშაობდა. ფოტო: 2026 წლის 2 აპრილი

რესურსების წარუმატებელი ძიებისა და დაგროვილი ვალის გამო 2018 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ „ფრონტერას” ჰააგის საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.

როგორც ჩანს, სწორედ ამ არბიტრაჟში წაგების და ქვეყნის დატოვების შიშით მიმართა ნიკანდროსმა თავის გავლენიან ნაცნობებს სენატში – მათ შორის, მარკვეინ მალინს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აამხედრა.

2025 წლის მიწურულს კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – “ფრონტერა” და “ქართული ოცნება” ფაქტობრივად თანამოაზრეები აღმოჩნდენ. საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც „მეგობარი აქტის“ სახით თავზე დამოკლეს მახვილი ეკიდა, სასწრაფოდ დასჭირდა ვაშინგტონში გავლენიანი „მაშველი რგოლი“. ნიკანდროსს კი სენატში მასთან ვალში მყოფი მოკავშირეები ჰყავდა.

ნავთობმაგნატმა ლობისტური ქსელი აამოქმედა, სენატორებს, მათ შორის, მალინს წერილები დაუგზავნა და სანქციების დაბლოკვა მოსთხოვა. ბრიტანული Reuters-ის და ამერიკული The Hills-ის ინფორმაციით, არგუმენტად მოიშველია, რომ “მეგობარი აქტი” მისი ახალი კომპანიის, TXN Energy-ის მომავალ ქართულ ინვესტიციებს დააზიანებდა. ცდამ შედეგი გამოიღო – “ფრონტერას” ქსელმა “მეგობარი აქტი” დაბლოკა და საქართველოს ხელისუფლება გარდაუვალი სანქციებისგან იხსნა.

ნიკანდროსი კი წერდა, TXN Energy-ი ორ წელში 100-მილიონიან ინვესტიციას გეგმავსო, თუმცა ეს ამბავი ხელოვნურ არგუმენტს უფრო ჰგავს. London.report-ის მიხედვით, ნიკანდროსს სენატორებისთვის ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, ვიცით, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ამ კომპანიაზე ნავთობის ძიება-მოპოვების ლიცენზია ჯერ არ გაუცია.

TXN Energy 1996 წელს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში დარეგისტრირდა, საქმიანობის სფეროდ კი ნავთობის და გაზის ძიება-მოპოვება აქვს მითითებული. საინტერესოა, რომ იდენტურია TXN Energy-ის ახლანდელი და “ფრონტერას” ძველი მისამართები. მეტიც, TXN Energy-ს ახალ ვებგვერდზე “ფრონტერას” ძველი ვებგვერდის ფოტოებია განთავსებული. მსგავსია მათი სტრატეგიაც – შავი ზღვის რესურსების ათვისება. 2025 წლის ნოემბერში ლონდონური დამოუკიდებელი გამოცემა reporter.london-იც წერდა, რომ TXN Energy, ფაქტობრივად, “ფრონტერას” რებრენდინგია.

ახლა „ფრონტერას” ქართულ ისტორიას გადავხედოთ – რომ მივხვდეთ, სინამდვილეში რა მოტივი ამოძრავებდა სტივ ნიკანდროსს, როცა “მეგობარი აქტის” ჩაგდებას ლობირებდა.

ფოტო 1: “ფრონტერას” ძველი საიტიდან; ფოტო 2: TXN Energy-ის საიტიდან

საარბიტრაჟო დავა: “ფრონტერა” საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

“ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” 1997-2020 წლებში მე-12 ბლოკზე, კერძოდ, მირზაანის, პატარა შირაქის, ტარიბანის, მწარე ხევის, ბაიდისა და ნაზარლების საბადოებზე მუშაობდა.

თავიდან ამ შპს-ს 50%-იან წილს ამერიკული “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ” ფლობდა, დანარჩენ 50%-ს კი სახელმწიფო კომპანიები განკარგავდნენ, მათ შორის, 2014 წლიდან დღემდე ნავთობისა და გაზის კორპორაცია. რაც შეეხება კომპანიის დირექტორს, ამ პოსტს დაარსებიდან დღემდე ზაზა მამულაიშვილი იკავებს.

1997-2020 წლებში “ფრონტერას” სახელით, საქართველოში კიდევ 5 კომპანია დარეგისტრირდა. მათგან ორი ამერიკული კომპანიის ფილიალია, დანარჩენი კი ფილიალებთან დაკავშირებული შპს-ები.

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ,,ფრონტერას" მიერ

“ფრონტერა” საქართველოში საქმიანობით ამაყობდა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებებში წერია, რომ 1997-2020 წლებში საქართველოში 580 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ხოლო მოპოვებული და რეალიზებული ნავთობის და გაზის ღირებულება 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

გარდა ამისა, “ფრონტერა” თავს იწონებდა, რომ ჩაატარა სამგანზომილებიანი სეისმური კვლევა; თანამედროვე ტექნოლოგიით გაბურღა 60-მდე ჭაბურღილი; 2004 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა აქციები და ააშენა პირველი გაზსადენი, რომლითაც საქართველოში მოპოვებული გაზი სხვადასხვა რეგიონს მიეწოდება. კომპანიის თქმით, სახელმწიფო მისგან გადასახადების სახით ათეულობით მილიონ დოლარს იღებდა, პროექტში კი ასეულობით ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული.

სინამდვილეში, ყველაფერი ასე კარგად არ ყოფილა. ამერიკულ კომპანიას გადაცდომები დაუგროვდა – არღვევდა დასაქმებულთა უფლებებს, გასცემდა გაზვიადებულ დაპირებებს მარაგების შესახებ, არ იხდიდა დავალიანებას, არ იცავდა ხელშეკრულების ვადებს, რის გამოც იმიჯი და რეპუტაცია შეელახა. საბოლოოდ კი სახელმწიფომ მის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების აქცია, 2020 წლის თებერვალი
„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების აქცია, 2020 წლის თებერვალი

მოვლენები ასე განვითარდა:

1. 2015-2016 წლებში ნიკანდროსი ამტკიცებდა, რომ კახეთში 3.8-დან 5 ტრილიონამდე კუბური მეტრი გაზის მარაგები აღმოაჩინა, რაც ქვეყანას ენერგეტიკულ გიგანტად აქცევდა. თუმცა, რეალობა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა – „ფრონტერამ“ სახელმწიფოს კოლოსალური მარაგების დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა.

2. “ფრონტერა” თანამშრომლებს ხელფასებს ხან უგვიანებდა, ხან საერთოდ არ უხდიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასაქმებული მუშები გაიფიცნენ კიდეც, მაგრამ კომპანიამ მათი მოსმენა არ ისურვა და 2019 წლის ბოლოს გაფიცული 84-ვე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამას მომდევნო ორი წლის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ;

3.  2019 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, „ფრონტერა“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან (AIM) მოხსნეს;

4. 1997 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ფრონტერას“ ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომერციული მარაგები 10 წელში უნდა აღმოეჩინა. თუმცა, კომპანია ამ ვადის გახანგრძლივება არაერთხელ მოითხოვა;

5. ვადის გადაწევის და 20-წლიანი უშედეგო ძიების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ კომპანიას დამატებით ვადაზე უარი უთხრა და აუთვისებელი ტერიტორიის დაბრუნება მოსთხოვა. “ფრონტერამ” ეს პირობაც დაარღვია;

6. ხელისუფლებასა და კომპანიას შორის ურთიერთობა ჩიხში შევიდა. 2018 წლის 15 იანვარს სახელმწიფომ “ფრონტერას” ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა.

2020 წლის 17 აპრილს არბიტრაჟმა საბოლოო განაჩენი გამოიტანა და დაადგინა:

  • „ფრონტერამ“ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება (PSC) არსებითად დაარღვია;
  • კომპანიას ვალდებულებად დაეკისრა ძებნა-ძიების ფართობის 99%-ის სახელმწიფოსთვის დაბრუნება;
  • კომპანიას დაევალა, დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარის (საარბიტრაჟო პროცესის ხარჯები) ანაზღაურება;
  • „ფრონტერას“ განცხადებები კახეთში გაზის უზარმაზარი მარაგების აღმოჩენაზე დოკუმენტურად არ დასტურდებოდა.

არბიტრაჟის შედეგებით, სახელმწიფოს შეეძლო კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ეს უფლება ბოლომდე არ გამოიყენა და კომპანიას მუშაობის გაგრძელების ნება დართო, საწყისი საძიებო ტერიტორიის მხოლოდ 1%-ზე – იქ, სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

ტარიბანის ნავთობის საბადო, სადაც "ფრონტერა" მუშაობდა, ფოტო: 2026 წლის 2 აპრილი
ტარიბანის ნავთობის საბადო, სადაც “ფრონტერა” მუშაობდა, ფოტო: 2026 წლის 2 აპრილი

მთავრობამ ამ დათმობის მიზეზად ოფიციალურად დაასახელა – “სანიმუშო საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაციის შენარჩუნება” და აშშ-სთან, როგორც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა. გარდა ამისა, თქვეს, “ფრონტერასთან“ პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებულ ორმხრივ კომპრომისს ვეძებთო.

“…ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ”,- წერდა ეკონომიკის სამინისტრო 2020 წლის 23 ივლისს.

“ფრონტერას” მხარე ასეთი დიპლომატიით არ გამოირჩეოდა – საარბიტრაჟო დავის შედეგები წარმოაჩინეს, როგორც ქვეყანაში ამერიკული ბიზნესის შევიწროების მცდელობა.

ამ აზრის გასამყარებლად კი სტივ ნიკანდროსმა ვაშინგტონში თავისი ლობისტური ქსელი გაააქტიურა. მათ შორის, სწორედ ის სენატორები, რომლებმაც 2025 წელს პოზიცია შეიცვალეს და “ქართული ოცნება” მკაცრი ამერიკული სანქციებისგან იხსნეს.

როგორ გადაურჩა “ფრონტერა” 15-მილიონიან დავალიანებს?

„ფრონტერამ“ საქართველოსთან არბიტრაჟი ოფიციალურად კი წააგო, მაგრამ რეალურად მოგებულის პოზიციაში დარჩა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში დაწერა, რომ „ფრონტერასგან“ მისაღები აქვს 15,4 მილიონი ლარი, თუმცა ამ თანხის ამოღება შეუძლებელია, რადგან კომპანია ლიკვიდაციის პროცესშია და ფული არ აქვს.

კორპორაცია განმარტავს, რომ გადაწყვიტეს, ეს თანხა ბალანსზე არ მიითვალონ, როგორც აქტივი და მისაღები ფული. დოკუმენტში იმასაც წერენ, რომ “ფრონტერას” სამართალმემკვიდრეებს მისცეს შანსი, ეს თანხა 2024 წლის 30 აგვისტომდე გადაეხადათ, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს.

ამავე დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ლიკვიდაციის პროცესშია როგორც ამერიკული “ფრონტერას” ქართული ფილიალი – Frontera Resources Georgia Corporation (FRGC), ისე კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული Frontera Resources Corporation-ის (FRC).

2021 წლის 10 თებერვალს FRGC/ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში ოფიციალურად მიიჩნიეს გადახდისუუნაროდ.

თუ “ფრონტერას” კომპანიებს ფული არ აქვს და 6 მილიონ აშშ დოლარს ვერ იხდის, ჩნდება კითხვა, რა სახსრებით აპირებს სტივ ნიკანდროსი საქართველოში ახალი ინვესტიციის ჩადებას? საიდან მოიზიდავს ფინანსებს?

შეგახსენებთ, ნიკანდროსი სენატორებს არწმუნებდა, რომ “მეგობარი აქტი” შეაფერხებდა TXN Energy-ის 100-მილიონიან ინვესტიციას, რომელსაც საქართველოში 2 წელში გეგმავდა. თუმცა, ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია.

ოფიციალურად გვაინტერესებდა, რა ბედი ეწია 6 მილიონი აშშ დოლარის დავალიანებას და გადაიხადა თუ არა კომპანიამ ეს თანხა. ამის გასარკვევად აღსრულების ეროვნულ ბიუროს 3 აპრილს მივმართეთ. ბიუროდან გვითხრეს, ვერ გვეტყვით, მიმდინარეობს თუ არა აღსრულება და რა ეტაპზეა პროცესი, რადგან თქვენ არ წარმოადგენთ სააღსრულებო მხარეს და ამ შემთხვევაში მინდობილობა გჭირდებათო.

რა ხდებოდა არბიტრაჟის შემდეგ?

არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფო, კერძოდ, ნავთობისა და გაზის კორპორაცია “ფრონტერას” პრობლემურ საქმეებში არაერთხელ გამოჩნდა.

მოგიყვებით ამის ორ მაგალითს – ერთი კომპანიის გაკოტრებას ეხება, მეორე შპს “გრინ კაპიტალს” და 5.8 მილიონ დოლარს.

“გრინ კაპიტალის” საქმე

„გრინ კაპიტალი“ 2017 წელს დარეგისტრირდა. ის “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” მარადმწვანე დირექტორის, ზაზა მამულაიშვილის ოჯახთანაა დაკავშირებული. ოთარ ურუშაძე, რომელიც 2018 წლიდან “გრინ კაპიტალის” ერთადერთი მფლობელი და დირექტორია, პარალელურად ხელმძღვანელობს შპს “სთრიმ ჯორჯიას”. “სთრიმ ჯორჯია” ზაზა მამულაიშვილის შვილს, მანანა მამულაიშვილს ეკუთვნის.

,,გრინ კაპიტალის" და ზაზა მამულაშვილის კავშირი

შექმნისას, “გრინ კაპიტალის” მიზანი სამეურნეო საქმიანობით მოგების მიღება იყო. საქსტატის მიხედვით, კომპანია საფინანსო მომსახურებებებს ეწევა. ბოლოს კი ნავთობინდუსტრიაში აღმოჩნდა.

ამ საქმეში “გრინ კაპიტალი” შემთხვევით არ გამოჩენილა. ზაზა მამულაიშვილის თქმით, 2013 წელს, როცა “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა, სწორედ ეს კომპანია დაეხმარათ, მილიონობით დოლარის ინვესტიციით.

როგორც მამულაიშვილი ამბობს, 2018 წლის 25 აპრილს ამ კომპანიასა და “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” ფილიალს შორის ნედლი ნავთობის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამერიკულმა კომპანიამ “გრინ კაპიტალისგან” 5,8 მილიონი აშშ დოლარი აიღო, მაგრამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ნედლი ნავთობი არ მიაწოდა.

შედეგად, “გრინ კაპიტალმა” “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა.

2021 წლის 31 მარტს საქალაქო სასამართლომ განაჩენი “გრინ კაპიტალის” სასარგებლოდ გამოიტანა. შედეგად:

1. “გრინ კაპიტალს” მიენიჭა ნავთობის ოპერაციების ექსკლუზიური უფლება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის, მარნეულის და გარდაბნის ტერიტორიაზე;

2. ამერიკულ “ფრონტერას” დაევალა “გრინ კაპიტალისთვის” 5.8 მილიონი აშშ დოლარის გადახდა;

3. შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში” ამერიკული “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ”-ის 50%-ანი წილი “გრინ კაპიტალს” გადაეცა.

ეს ამბავი აქ არ დასრულებულა. 2021 წლის 20 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და სიტუაცია “ფრონტერას” სასიკეთოდ მალევე შემობრუნდა.

ერთ კვირაში „გრინ კაპიტალს“ “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” წილები დაუყადაღეს, 21 მაისს კი ამ კომპანიის ქონების განკარგვაც აუკრძალეს. “გრინ კაპიტალმა” გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.

იმის გასარკვევად, ისევ მუშაობს თუ არა „ფრონტერა“ მე-12 ბლოკის საბადოებზე, დედოფლისწყაროში ჩავედით. გზაში ადგილობრივებს რომ გამოველაპარაკეთ, გვითხრეს – „ფრონტერა ჩააჩოჩეს, აღარ არისო.“

ასე კითხვა-კითხვით მივადექით ტარიბანის საბადოსაც. ადგილზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები დაგვხვდნენ. მათი თქმით, „ფრონტერა“ უკვე აღარ ოპერირებდა და საქმიანობას სახელმწიფო კომპანია აგრძელებდა.

კახეთის საბადოები, სადაც “ფრონტერა” მუშაობდა: მირზაანი, ტარიბანი და პატარძეული

„სახელმწიფოსია, აქამდე იყო ‘ფრონტერასი’, დიდი ხანია გავიდა აქედან და მმართველობა გადაეცა ნავთობისა და გაზის კორპორაციას. მეტის თქმის უფლება არ მაქვს. თუ შეათანხმებთ ზევით და დაგრთავენ ნებას, გადაიღოთ, ან ჩაწეროთ რამე, კი ბატონო… ისე ვერ შეგიშვებთ“ – გვითხრა კორპორაციის წარმომადგენელმა.

ანალოგიური სურათი დაგვხვდა მირზაანის საბადოზეც. იქაც დაგვიდასტურეს, რომ „ფრონტერა“ საქმიდან გავიდა და მუშაობას მხოლოდ ნავთობისა და გაზის კორპორაცია აგრძელებს. “ერთი წლის დავალიანება წაიღო და წავიდა. მერე ჩვენ აქ შეკეთების მეტი არაფერი გვიქნია”, – გვითხრა ადგილზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომელმა.

“ფრონტერას” კვალს ვერც სამგორსა და პატარძეულში მივაკვლიეთ – “აქ მოქმედი ჭაბურღილებიცაა და უმოქმედოც, მაგრამ ‘ფრონტერა’ აღარაა. ძირითადად, საბადოები ჰქონდათ ტარიბანში, შემდეგ გაკოტრდნენ და გაიქცნენ, საერთოდ წავიდნენ…,” – თქვა პატარძეულის საბადოზე მომუშავე პირმა.

მის გარდა, სხვა თანამშრომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ ახლა ადგილზე სხვა კომპანია მუშაობს და არა “ფრონტერა.”

გაკოტრების საქმე

2021 წლის 18 აგვისტოს “საქართველოს ბანკმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და „ფრონტერა რესორსიზ ჯორჯია კორპორეიშნის” ქართული ფილიალის მიმართ გაკოტრების საქმის დაწყება მოითხოვა.

ოქტომბერში სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ფილიალის გაკოტრების საქმე დაიწყო. კომპანიის დირექტორებსა და მფლობელებს მართვის უფლება დროებით ჩამოერთვათ და დაინიშნა გაკოტრების მმართველი პირი/გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი. მისი მოვალეობა იყო კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების მოძიება, რეალიზაცია და მიღებული თანხებით კრედიტორების დავალიანების გადახდა.

თუმცა, “ფრონტერა” არ გაკოტრებულა. რადგან საქმე სახელმწიფო ინტერესებს და ლიცენზიას ეხებოდა, 2021 წლის 20 ოქტომბერს გაკოტრების შესახებ განჩინება ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ერთობლივად გაასაჩივრეს.

საქალაქო სასამართლომ საჩივარი ჯერ დაუშვებლად ცნო და სააპელაციოში გადაგზავნა. ამჯერად, საქმე დასაშვებად მიიჩნიეს.

2021 წლის 22 ნოემბერს სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერას“ ქართული ფილიალი არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი და ცალკე ვერ გაკოტრდება. მით უმეტეს, რომ კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული მისი “დედა კომპანია” “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი” უკვე ლიკვიდაციის პროცესში იყო.

შედეგად, გაუქმდა განჩინება, შეწყდა გაკოტრების პროცესი და “საქართველოს ბანკს” უკან დაუბრუნდა სასამართლოში გადახდილი 500-ლარიანი ბაჟი. აქედან ჩანს, რომ პროცესი ბიზნეს-დავას გასცდა და ერთგვარ პოლიტიკურ ვაჭრობაში გადავიდა.

სტატიაზე მუშაობისას, არაერთხელ დავუკავშირდით საქართველოში “ფრონტერას” ფილიალის დირექტორ ზაზა მამულაიშვილს. გვინდოდა მისთვის გვეკითხა, რამ განაპირობა საქართველოს მთავრობის დათმობები არბიტრაჟის დავის დასრულების შემდეგ, ეს ქცევა ნიკანდროსის ლობისტური მხარდაჭერის “გასამრჯელო” ხომ არ იყო? თუმცა, მამულაიშვილმა ზარი გაგვითიშა, მოგვიანებით “ვოთსაფში” გაგზავნილ კითხვებზე კი არ გვიპასუხა.

კითხვები გავუგზავნეთ და პასუხისთვის ერთი კვირა მივეცით “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” 50%-ანი წილის მფლობელ “გრინ კაპიტალსაც”. საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ ნავთობისა და გაზის კორპორაციისგანაც.

რაც შეეხება სტივ ნიკანდროსს, მას პირადად ვერ დავუკავშირდით, ამიტომ კითხვები “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ოფიციალურ ელ.ფოსტაზე გავუგზავნეთ. ჯერჯერობით, პასუხი არავის დაუბრუნებია.

სანამ საქართველოში „ფრონტერა“ ყადაღებსა და გაკოტრების საქმეებში იყო გახვეული, ვაშინგტონში „ქართულ ოცნებას“ დასანქცირების საფრთხე დაემუქრა. სწორედ აქ გადაიკვეთა მათი ინტერესები – ნიკანდროსი ფინანსური დანაკარგების გარეშე, საქართველოდან იოლად გასვლის გზებს ეძებდა, ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი – სენატში გავლენიან ლობისტურ მხარდაჭერას.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ორივე მხარემ – ნიკანდროსმაც და “ქართულმა ოცნებამაც” ის მიიღო, რაც სურდა. “მეგობარი აქტი” ჩავარდა, სტივ ნიკანდროსის ბიზნესი მრავალმილიონიანი დავალიანების გადახდას გადაურჩა. მაგრამ ვინ გადაიხადა ამ ყველაფრის ფასი?

წყარო: ifact.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა