შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელური კომპანია Cellebrite-სგან ყიდულობს ციფრულ სისტემას, რომლითაც შესაძლებელი გახდება დაშიფრულ და დაბლოკილ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში შეღწევა.
შესყიდვის ღირებულება 6 796 092 ლარია.
შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა Cellebrite-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, შპს „ქომუნალ ტექნოლოჯისთან“.
Cellebrite ციფრული დაზვერვის კომპანიაა და კრიმინალური გამოძიებისთვის საჭირო პროდუქციით ვაჭრობს, ხოლო მისი სისტემები გამოიყენება ანდროიდის, ეფლის, მაიკროსოფტის, ლინუქსის, ღრუბლოვან და სხვა ოპერაციულ სისტემებში დაცული მონაცემების წაკითხვისთვის.
შესყიდვის დოკუმენტაციის თანახმად, შსს-ს კომპანიის პროდუქტები სჭირდება საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზების ჩასატარებლად.
შესყიდვა მოიცავს Cellebrite Inseyets-ის პროგრამული უზრუნველყოფის 6 ახალ ლიცენზიას – 4 არსებული Premium ადაპტერის გამოყენებით, 2 ახალი ადაპტერის შეძენა;
არსებული Cellebrite Digital Collector-ის – 1 ლიცენზიის განახლება.
ზემოაღნიშნული ლიცენზიების მოქმედების ვადა უნდა იყოს შესყიდვიდან 3 წელი.
„მათი შეძენით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორია დამატებით შეძლებს ინფორმაციის უფრო სწრაფად მიღებას და დამუშავებს, მათ შორის შესაძლებელი იქნება ინფორმაციის სერვერზე პარალელურად დამუშავება (პარალელურად შესაძლებელია ექვსი პროცესის გაშვება ლიცენზიების რაოდენობის შესაბამისად), შესაძლებელი იქნება ინფორმაციების კატეგორიებად დაყოფა, კონკრეტული პერიოდის მითითება და ა.შ. […].
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ – არსებობს რეალური რისკი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ტექნოლოგიები პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოიყენოს.
„2024 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2025 წლის თებერვალში უკანონო დაკავების პრაქტიკას თან ახლდა წამების და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები. როგორც წესი ნაწამები დემონსტრანტების გადაცემა ხდებოდა საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ისინი გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში, სადაც იწერებოდა დაკავების ოქმები, რომელშიც მიეთითებოდა ცრუ ინფორმაცია დაკავების გარემოებების და დამკავებელთა ვინაობის შესახებ“, – წერია განცხადებაში.
საია წერს, რომ პირთა უსაფუძვლო დაკავება ხდებოდა არა მხოლოდ აქციებზე, არამედ სხვა ლოკაციებზეც, მაგალითად მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. ასევე, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციას ადამიანები კანონის დარღვევით გადაჰყავდათ განყოფილებებში, გამოკითხვაზე, ისე, რომ უგულებელყოფილი იყო საპროცესო უფლებები და გარანტიები და გადაყვანილ პირთა ოჯახის წევრებს და იურისტებს საათობით არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფლის შესახებ.
„საქართველოს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ ჯერ კიდევ 4 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა მოუწოდა. პროტესტის მონაწილეთა თვითნებურ დაკავებების პრაქტიკაზე ყურადღება გაამახვილეს გაეროს სპეციალურმა მომხსენებლებმაც თავიანთ განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ დაკავების პარალელურად, ხშირი იყო ტელეფონების და სხვა პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევის და წართმევის პრაქტიკა. საპოლიციო ძალების მხრიდან არასათანადო მოპყრობას დაქვემდებარებულ პირთა ნაწილი ასევე იხსენებს, რომ მათ ტელეფონის კოდის მოხსნას აიძულებდნენ.ამ ყოველივეს ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შსს ცდილობს კომპანია Cellebrite-სგან არსებული ლიცენზიების განახლებას და ახალი მოწყობილობების შეძენას, რაც შსს-ს მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს“, – წერია განცხადებაში.
საია ამბობს, რომ საქართველოში ადამიანები პერსონალური მონაცემების დაცვის და ფარული მიყურადების კუთხით ისედაც არ არიან დაცული – „ამას მოწმობს 2021 წელს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველი ათიათასობით ფაილის, ე.წ. კრებსების გაჟონვა, რაზეც ეფექტიანი გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა“.
„ამასთან, მიმდინარე პროტესტის წინააღმდეგ სახელმწიფო აქტიურად იყენებს ისეთ პრაქტიკას, რომელიც პერსონალური მონაცემების უკანანო მოპოვებასთან და დამუშავებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილ-მაისის პროტესტების პერიოდში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია“, – წერია განცხადებაში.