❗ავტობიოგრაფიული ჩანაწერები❗
💠ასპარეზი ფართოა და მრავალმხრივი: 1. ეროვნული მოძრაობა; 2. საჯარო სამსახური; 3. მეცნიერება; 4. უნივერსიტეტი; 5. ომი, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; 6. სპორტი…💠 📌ზოგი მასალა არქივშია, ზოგი – პრესაში, ჩემს პირად არქივსა და დღიურებში.📌
✔1. პირველი, ამჯერად ძალიან მოკლედ, სქემატურად ეროვნულ მოძრაობაზეა✔
🔸ჩემს დაბადებასა და შემდგომ ცხოვრება-არსებობაზე გარკვეულწილად განმსაზღვრელი გავლენა იქონია 1924 წლის აჯანყების დროს დაღუპულმა ბაბუაჩემმა ლუკა კუპრაშვილმა, რომელიც არასოდეს მინახავს და რომლის შესახებაც ყმაწვილკაცობამდე ოჯახში დამფრთხალ-დაბნეულ პასუხებს ვიღებდი.

🔸ბაბუაჩემი 1896 წელს დაიბადა სოფელ ცუცხვათში ბარნაბა ლუკას ძე კუპრაშვილისა (1840-1911) და მარიამ ყიფიანის (1855-1936) ოჯახში, შთამომავლობითი მღვდლების (პეტრე, იესე, ლუკა, ბარნაბა…) ოჯახში. ეს ორსაუკუნოვანი უწყვეტი ხაზი 1911 წელს შეწყდა. ბაბუაჩემმა ვეღარ გააგრძელა სასულიერო მოღვაწეობა, რადგან იმდროინდელი საქართველო სხვაგვარ აქტიურობას მოითხოვდა.
🔸1924 წელს სამშობლოს გასათავისუფლებლად საქართველოში აჯანყება დაიწყო. როგორც საარქივო მასალები მოწმობს, ბაბუაჩემი ხრესილისა და ტყიბულის რაიონების აჯანყების ხელმძღვანელად დაუნიშნავთ. 1924 წლის 29 აგვისტოს ლუკა კუპრაშვილის რაზმსა და საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოგზავნილ რიცხობრივად აღმატებულ სადამსჯელო რაზმს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. ბაბუაჩემი მძიმედ დაიჭრა კურსებელი ბოლშევიკის კეზევაძის ნასროლი ტყვიით (სხვათა შორის, ბებიაჩემმა კეზევაძის გვარი მანამ არ გამიმხილა, სანამ მისი გარდაცვალების ამბავი არ შეიტყო. ეშინოდა, შური არ მეძია).
🔸აჯანყებულები დამარცხდნენ. მძიმედ დაჭრილმა ბაბუაჩემმა მოახერხა ჯალათებს ხელიდან დასხლტომოდა. დევნილმა რამდენიმე კილომეტრი იარა… საკუთარი ნაწლავები ხელით ეჭირა… სოფლის წყაროსთან კი ჭრილობა გაურთულდა. უპოვია თანასოფლელ რისია უგრეხელიძეს, რომლის ხელშიც მიაბარა სული უფალს. მაშინ ბაბუა 28 წლის იყო. დარჩა 18 წლის მეუღლე ლუბა კუბლაშვილი, რომელიც ფეხმძიმედ იყო მამაჩემზე.
🔸აჯანყების დამარცხების შემდეგ ბოლშევიკებმა სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლებსა და მათი ოჯახის წევრებს ჯოჯოხეთი მოუწყვეს. უსასტიკესი რეპრესიების ჟამი დადგა. ვინც იცის მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლები, ადვილად წარმოიდგენს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა დამარცხების შემდეგ დამპყრობელი ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყებულთა რაზმის მეთაურის ოჯახი.
🔸ბებიაჩემს 1924 წლის 22 დეკემბერს შეეძინა მამაჩემი, ოთარი. ბებიაჩემის ძმამ, ნოე კუბლაშვილმა (იგი შემდგომში, მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში გარიბალდის სახელობის პარტიზანთა დივიზიის მეთაურის მოადგილე იყო, ცნობილი, როგორც „კოლონელო გოლია“) გადაწყვიტა, თავისი და იმერეთს განერიდებინა, თვალში რომ არ შეჩხეროდა აქტიურ იმერელ ბოლშევიკებს. აჯანყებულთა რაზმის მეთაური ლუკა კუპრაშვილი ოკრიბაში ხომ ცნობილი პიროვნება გახლდათ.
🔸უფროსმა ძმამ და და დისშვილი გადამალა ტყიბულის რაიონიდან და მოშორებით, ხაშურში დაასახლა. გვარსაც რომ არ „ეყვირა“, გააცნეს და დააქორწინეს შესანიშნავ მთიელ ვაჟკაცზე, ნიკოლოზ ლომოურზე. შესაბამისად, ახალ გვარზეც გადაიყვანეს – ბებიაჩემი გახდა ლუბა ლომოური. კოლია ლომოურთან ბებიას შეეძინა ქალ-ვაჟი, ნათელა და გიორგი. სამწუხაროდ, კოლია ლომოური მალე გარდაიცვალა და მარტოხელა ბებიაჩემს მძიმე პირობებში მოუწია სამი შვილის აღზრდა.
🔸იმერეთი და ხაშური კი „მოატყუეს“, მაგრამ საბჭოთა სპეცსამსახურებს ხომ ვერსად დაემალებოდა „მავნებლის“ ოჯახი. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ოჯახი მუდმივად გრძნობდა სუკ-ის (ОГПУ, ГУГБ, МГБ. КГБ) მსახვრალ ხელს. შექმნილმა გარემოებამ მამაჩემი პოლიტიკურად სრულიად მხდალი და შეშინებული ჩამოაყალიბა. ასეთი რამ დამახასიათებელი იყო მისი თაობის უმეტესობისათვის.
❗ამის ნათელი მაგალითია ერთი შემთხვევა: საქართველოს განთავისუფლებაზე მეოცნებემ, თბილისის 51-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლემ, თანამოაზრეთა ჯგუფის შექმნა განვიზრახე. გარდა თემურ ბჟალავასი (მასთან უკვე შეფიცული ვიყავი, საჩვენებელი თითები გავიჭერით, ერთმანეთს მივადეთ, სისხლი რომ შერეულიყო), ჯგუფში გაწევრიანება ჩვენს კლასელ გია (ტოტოშა) ბაგრატიონს შევთავაზე. სიხარულით დამთანხმდა. იმ დროს ჩემი თიკუნი იყო „გიორგი ქართველი“. გიას ვუთხარი, ყოფილიყო „გიორგი იბერიელი“. შემდეგ მოხდა, რაც მოხდა – იმავე საღამოს მამაჩემთან რეკავს ტოტოშას მამა, ჯანო ბაგრატიონი (მამაჩემი და ჯანო ბიძია ერთად მუშაობდნენ სახელმწიფო ფილარმონიაში. სხვათა შორის, ტოტოშას ძმასაც ჯანო ერქვა და ისიც ცნობილი და სახელოვანი პიროვნება იყო): ,,ოთარ, ვიღუპებით! „კაგებე“ მოგვსპობს! ჩვენი შვილები გაგიჟებულან, საქართველოს განთავისუფლებას აპირებენ“ (სახლში ტოტოშას გულუბრყვილოდ მოუყოლია, ორგანიზაცია შევქმენით და საქართველოს განთავისუფლებას ვაპირებთო). მამაჩემი, გასაგებია რომ შეშინებული იყო, მაგრამ, უფრო გასაგებია, გაგანია კომუნისტების დროს სამეფო გვარის ჯანო როგორი შეშინებული იქნებოდა…
არ ვიცი, ტოტოშას რა მოუვიდა, მე კი მამაჩემმა ქამრით სასტიკად მცემა, სახლში ჩამკეტა, ერთი კვირა სკოლაში არ მიშვებდნენ, სხვა სკოლაში უნდოდათ ჩემი გადაყვანა.
🔸ეტყობა, ჩემში ბაბუაჩემის გენები მძლავრობდა. მე უკვე ისე ვიყავი „მოწამლული“, ვერაფერი გამაჩერებდა, მიუხედავად იმისა, რომ რეპრესირებული და შეშინებული ჩემი ოჯახი კრინტს არ ძრავდა პოლიტიკაზე, ყველანაირად მიმალავდა ბაბუაჩემის წარსულს და ტაბუ ედო ამ ყოველივეს. გარშემო არც არავინ მყავდა, ვინმეს გავლენა, რომ მოეხდინა.
პატარაობიდან ძალიან ბევრს ვკითხულობდი. მეოთხე კლასიდან ნელ-ნელა დავიწყე და, სრულიად დამოუკიდებლად, 14 წლისას უკვე გაცნობიერებული მქონდა, რომ საქართველო რუსეთის მიერ იყო დაპყრობილი.
❗ერთხელ, მეშვიდე კლასში, დავალებად თავისუფალი თემა მოგვცეს. მე დავწერე დაჭრილ არწივზე, რომელიც ყინულის ქვეშ იყო მოყოლილი და იტანჯებოდა. მასწავლებელმა ემოციები ვერ დამალა და ჩემი თემა საჯაროდ წაიკითხა. გამარჯვებულად ჩემი და ზურაბ გველესიანის ( Zurab Gvelesiani ) ნაშრომები გამოაცხადეს (ზურამაც მაგარი რამე დაწერა. თემა აღარ მახსოვს).
❗1965 წელს კუს ტბაზე, ნავში (კონსპირაციის მიზნით, ჩვენთვის რომ არავის მოესმინა) მე, გიორგი ცხოვრებაძე და ზურაბ გველესიანი საქართველოს განთავისუფლების გეგმებს ვაწყობდით.
❗1965-1968 წლებში მომიწია სავალდებულო სამხედრო სამსახური. რუსულ ჯარში დრო უქმად არ დამიკარგავს. პოლკში მოვაწყვე საქართველოს დღე. ყველას გავაცანი საქართველოს ისტორია. ჩემი გვარი პრესაში მაშინ პირველად გაჟღერდა. დავდგი ქართული ცეკვები, ჩოხებს მოსკოვში ვქირაობდი. შემოვიღე წესი, პოლკში მყოფი ქართველები ერთმანეთს შეხვედრის დროს მარჯვენა ხელის აწევითა და სიტყვებით – ,,დიდება ქართველებს!“ – ვესალმებოდით. ვცდილობდი, სამწყობრო სვლის დროს ქართული სიმღერების შესრულება დამემკვიდრებინა. იქ მყოფ სომეხ მხატვარს დავახატვინე შოთა რუსთაველის დიდი პორტრეტი და დავკიდე პოლკის ბიბილიოთეკაში. ბიბლიოთეკა შევავსე რუსულ ენაზე თარგნილი ქართული ლიტერატურითა და საქართველოს შესახებ წიგნებით, ქართული სიმღერების ფირფიტებით, რომლებმაც ჩემამდე დიდი წვალებით მოაღწიეს. ჩამომიტანეს გია ცხოვრებაძემ და თამაზ შეროზიამ.
✔ჩემი აქტიურობა შეუმჩნეველი როგორ დარჩებოდა! სხვათა შორის, როდესაც საჯარისო კორპუსიდან მოსულმა სამხედრო სპეცსამსახურის ოფიცერმა დამკითხა, არა მარტო ჩემი საქმიანობის დეტალების შესახებ, არამედ ჩემ მიერ ანტისაბჭოური და ანტირუსული გამონათქვამები მისხალ-მისხალ ჰქონდა აღნუსხული დღის, რიცხვისა და საათის მითითებითაც კი (ამისათვის გამოიყენეს ჯარისკაცებიდან ქართველი ო.პ.). მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. ალბათ იმიტომ, რომ მთლად ხელწამოსაკრავი არ ვიყავი. მაშინ სარაკეტო ჯგუფის (Расчёт) უფროსი – პირველი ნომერი – ვიყავი, მეორე ნომრად – ყაზანელი თათარი, მესამე ნომრად კი კომი-პერმიაკელი ჯარისკაცები მყავდა.
✔ჩემს ჯგუფს საზენიტო სარაკეტო სისტემის (C-75) რაკეტა საბრძოლო მზადყოფნაში იმდენად სწრაფად მოჰყავდა, რომ საბჭოთა კავშირში იმ სისტემის რაკეტის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის დადგენილი დროის ნორმატივი შეცვალეს – ახალი ნორმატივი ერთი წუთით შემცირდა. წარმოუდგენელი ფაქტი მოხდა. სპორტულ ენაზე რომ გადავიტანოთ, მსოფლიო თუ არა, საბჭოთა კავშირის რეკორდსმენები მაინც ვიყავით. მაშინ ამ ზესაიდუმლოს საჯაროდ აფიშირებას ვინ გაბედავდა. ✔
პოლკში ყველგან იყო გამოფენილი ჩემი ჯგუფის ფოტოები და დიდ პატივში ვიყავით. მაგრამ იმ გაფრთხილების შემდეგ პირველი ამრევი გავხდი, ჰაუპტვახტშიც ჩამსვეს. მხოლოდ ის მოვასწარი, რომ საკავშირო მესამე თანრიგი ავიღე 10 კილომეტრიან დისტანციაზე თხილამურებით რბოლაში (შემსუბუქებული სამხედრო ფორმით). მალე დემობილიზაციამაც მომისწრო.
❗1973 წელს მე, გიორგი (გია) ცხოვრებაძემ, ზურაბ გველესიანმა და თამაზ შეროზიამ ჩამოვაყალიბეთ ჩოხოსანთა პირველი, ნახევრად არალეგალური ორგანიზაცია – ჩოხოსნები 1973 Chokhawearers 1973 საქართველოს დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი. დღემდე მისი თავმჯდომარე ვარ.
1973 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის საღამოს განყოფილების ფრიადოსანმა სტუდენტმა დეკანატიდან (ვ. მაჭარაძე) ვერაფრით მივიღე ნებართვა, კედლის გაზეთის გამოშვებით აღგვენიშნა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 900 წლისთავი. ასეთი ქმედება არ ჯდებოდა საბჭოთა ოფიციოზის იდეოლოგიის ჩარჩოებში. 1973 წელი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი შერბილებული, როგორც 80-იანი წლები.
პროტესტის ნიშნად, დაიბადა იდეა – ყოველ 8 თებერვალს ჩოხებში გამოწყობილ მეგობრებს ერთად აღგვენიშნა დავით აღმაშენებლის ზეობის დღე. იმ ვითარებაში ჩოხა ეროვნულობას უსვამდა ხაზს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამ ჯგუფიდან გია და მე ახლობლებს საიდუმლოდ ვაცნობდით დისიდენტურ ლიტერატურას („ოქროს საწმისი“, „მოამბე“, სოლჟენიცინი და ა.შ.). გია ცხოვრებაძის უფროსი ძმა კახა გვამარაგებდა. „შტაბი“ იყო მელიქიშვილის 6 ნომერში. მაშინ გვქონდა დევიზი “სამშობლოს საქმე სჭირდება და არა ლაყბობა”. ჩვენც ვცდილოდით აფისირების გარეშე გვეკეთებინა ქართული საქმე.
❗1974 წელს სუკ-ში დამაბეზღა პირველი ცოლის ბაბუამ, სუკ-ის ყოფილმა თანამშრომელმა (ჩხარის რაიონის შინსახკომის უფროსად იყო ნამუშევარი). „გეპეიშიც“ (მაშინ ხაზვის კათედრაზე ვმუშაობდი) მოვიდა „ინფორმაცია“, სადაც ეწერა: ,,კუპრაშვილი არის იდეოლოგიურად მავნე პიროვნება, საიდუმლო ორგანიზაციის წევრი, ნიცშეს მიმდევარი (მაშინ ნიცშე აკრძალული იყო. საიდუმლოდ ფოტოფირებიდან ვბეჭდავდით და ისე ვკითხულობდით). დაანგრია ოჯახი, მიატოვა ცოლ-შვილი და ა.შ. ატყდა ერთი ამბავი. ჩემს შესასწავლად გამოიყო კომისია: დოცენტი ი. მალუნცევი – საინჟინრო გრაფიკის კათედრა, ა. ჯოჯუა – თეორიული მექანიკის კათედრა და ამირან შენგელაია – მათემატიკის კათედრა. დამკითხეს. დაკითხეს ყოფილი მეუღლე მანანა ციხისთავი, ყოფილი სიდედრი და ა.შ. ყველამ კარგად დამახასიათა. ბრწყინვალედ დამახასიათა კათედრის გამგემ, პროფესორმა სერგო ბურჭულაძემ. კათედრაზე დიდი სიყვარულით ვსარგებლობდი და ყველა გულით გადამეფარა. ფრიადოსნობის ცნობა მივიტანე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მოკლედ, კომისიამ დადებით პიროვნებად მცნო.
❗1974 თუ 1975 წელი იყო. ისევ დაკითხვები. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველ განყოფილებაში (პირველი სუკის განყოფილება იყო, მეორე – არმიის) დამიბარეს, სადაც სუკ-ის ორი პოლკოვნიკი დამხვდა. ცდილობდნენ ჩემს გამოტეხვას, მქონდა თუ არა კავშირი აფხაზეთთან დაკავშირებულ მოვლენებთან. ნამდვილად არ მქონდა. ხელწერილი დამაწერინეს და გამომიშვეს.
❗1976 წელს ედუარდ შევარდნაძის მოხსენებით (წამოაყენა საკითხი „გეორგიევსკის ტრაქტატის“ 200 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის შესახებ) გამოწვეული უარყოფითი მუხტი პატრიოტებში იმდენად ძლიერი იყო, რომ მე და ძმებმა – კახა და გია ცხოვრებაძეებმა გადაწყვიტეთ, ზეიმისადმი პროტესტის ნიშნად, 1983 წელს ლენინის მოედანზე ლენინის ძეგლი აგვეფეთქებინა. დავიწყეთ მზადება, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ეს არარეალური იყო – იმდენად მყარი ნაგებობა იყო, „მოყვარული“ ამფეთქებლები ვერაფერს დავაკლებდით.
თავდაუზოგავი შრომისათვის ყოველთვის მაწინაურებდნენ. 1979 წელსაც შემომთავაზეს დაწინაურება და ვინაიდან შტატი (უმნიშვნელო, მაგრამ მაინც) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ნომენკლატურა იყო, გაუხმაურებლად სუკ-ის თანხმობა აუცილებელი იყო. მე არ დამნიშნეს. მოგვიანებით შინაურულად გავიგე მიზეზი სახალხო კონტროლის რესპუბლიკური კომიტეტის კადრების განყოფილების გამგისგან, თხილავასგან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სუკ-ის მკაცრ აღრიცხვაზე ვიყავი და ჩემი რაიმე სერიოზული წინსვლის პერსპექტივა საბჭოთა კავშირში გამორიცხული იყო, ციდან ვარსკვლავებიც რომ მომეწყვიტა.
❗1981-1984 წლებში სპი-ის გაერთიანებული პროფკომის (თავმჯდომარე მერაბ ახობაძე Merab Akhobadze ) დავალებით ვასრულებდი ინსტიტუტის კიკეთის დასასვენებელი ბაზისა და პიონერთა ბანაკის დირექტორის მოვალეობას. პროფკომისგან (ახობაძეც საბჭოთა სისტემიდან ამოვარდნილი კაი „შერეკილი“ იყო ❤) სრული თავისუფლება მქონდა.
დილით ჩემს ბანაკს აღვიძებდა რადიო, სიმღერით – „ქართველო, ხელი ხმალს იკარ!“. პიონერული ცხოვრების წესები გავაეროვნულე. დევიზები – ,,მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“ და სხვ. – გადაძახილები ძირითადად პატრიოტული ლექსების ტექსტებზე ავაგე (მუხრან მაჭავარიანი და ა.შ.). პიონერთა რაზმების სახელებიც პატრიოტული იყო. კომკავშირის ცკ-დან გამოგზავნილმა უფროსმა პიონერხელმძღვანელმა ოფიციალურად მიჩივლა პიონერებში ნაციონალისტური განწყობილების შეტანისათვის.
❗ეროვნული მოძრაობა რომ გააქტიურდა, სპი-იც გამოცოცხლდა. გამოვაქვეყნე სტატია თავისუფალ პროფკავშირებზე. ამ თემაზე მოხსენებაც გავაკეთე 1990 წელს ადამიანის უფლებათა მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე, ლენინგრადში.
სპი-ში ეროვნული მოძრაობის კონტექსტში აქტიურობით გამოირჩეოდა ახალგაზრდების ჯგუფი – ბ. წილოსანი, გიორგი ბარამიძე, მალხაზ გულაშვილი და სხვ. მათ შემომთავაზეს, კენჭი მეყარა სპი-ის გაერთიანებული პროფკომის თავმჯდომარის თანამდებობაზე. უარი ვუთხარი. იმ დროს ნოდარ ნათაძემაც შემომთავაზა სახალხო ფრონტის აპარატში სააღრიცხვო განყოფილების ხელმძღვანელად მემუშავა. ნათაძის წინადადებას დავთანხმდი.
❗1989 წელს სახალხო ფრონტში ამირჩიეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ. თავმჯდომარე რობერტ პეტრიაშვილი იყო.
❗1989 წლის მაისში საქართველოს სახალხო ფრონტთან შეიქმნა ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია „იმედი“ (თავმჯდომარე დავით ხომასურიძე ), რომლის დამფუძნებელი საწინამძღვროს – სამხედრო საბჭოს წევრიც ვიყავი.
❗1990 წელს სახალხო ფრონტთან ჩამოყალიბდა საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია ,,აიეტი “, რომლის თავმჯდომარედაც ამირჩიეს.
ვიყავი სახალხო ფრონტის დარბაზის წევრიც.
❗1991 წელს სიტყვით გამოვედი ესტონეთის სახალხო ფრონტის ყრილობაზე, მივეცი ინტერვიუ ესტონეთის რადიოს (მიმავლინა საქართველოს სახალხო ფრონტმა, სიტყვა დაიბეჭდა გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“). როგორც საქართველოს წარმომადგენელი დიდი პატივით მიმიღო ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა და, ამავე დროს, სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ედგარ სავისაარმა. (ტალინში ვნახე ირაკლი ქადაგიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან).
❗1992 წელს დამამტკიცეს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სახელმწიფო კომისიის (თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე) პასუხისმგებელ მდივნად (მივლინებით ვლადიკავკაზშიც ვიყავი. იმ დროს სიმშვიდეში მყოფ ვლადიკავკაზელ ოსებს დიდად არ ეპიტნავებოდათ „შფოთისთავი“ სამხრეთელი ოსები, ქართველებთან თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ).
❗1993 წელს მონაწილეობას ვიღებდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, როგორც მოხალისეთა რაზმ „აიეტის“ მეთაური (მივიღე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი და მედალი “მხედრული მამაცობისათვის”).
✔1992 წლის შემდეგ აღარ ვეკარები პოლიტიკურ პარტიებს (როგორი შეფერილობაც არ უნდა ჰქონდეს). რადგან გამოუსწორებელ შეცდომად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ვუთანაგრძნობდი ზვიად გამსახურდიას უკანონოდ დამამხომლებს.
💠პირველი ნაწილი ასე მოკლედ გადმოვეცი, სხვანაირად ძალიან ბევრი გამოვა. ასეთივე იქნება მომდევნო ნაწილებიც.💠