შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიმსოფლიოევროკავშირის მედიის თავისუფლების აქტი

ევროკავშირის მედიის თავისუფლების აქტი

28 დეკემბერი 2023

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შეათანხმეს მედიასთან დაკავშირებული რეგულირების ახალი წესები.

საბჭო განმარტავს, რომ „მედიის თავისუფლების ევროპულმა აქტმა“ (EMFA) უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, პლურალიზმი და სარედაქციო დამოუკიდებლობა, დაიცვას მედია პოლიტიკური ჩარევისგან, ჟურნალისტები და მათი წყაროები კი – თვალთვალისგან. ახალი წესები შეეხება როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ მედიასაშუალებებს.

როგორც ევროპული პარლამენტისა და საბჭოს განცხადებებიდან ჩანს, მედიის დაცვის გარანტიებთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივა მედიასაშუალებებს გარკვეულ მოთხოვნებსაც უწესებს.

კერძოდ, ავალდებულებს მათ, პირდაპირი და ირიბი მფლობელების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა უზრუნველყონ. ამისათვის ეროვნულ დონეზე უნდა შეიქმნას სპეციალური ბაზები.

მედიამ ასევე საჯარო უნდა გახადოს სახელმწიფო რეკლამიდან მიღებული თანხები ან სახელმწიფოსგან მიღებული ფინანსური დახმარება, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგან მიღებული თანხები.

ამასთან, ახალმა რეგულაციამ კონტროლი უნდა დააწესოს მედიაკონცენტრაციაზე, რათა ამან არ დააზარალოს მედიაგარემოს პლურალიზმი.

აქტი ასევე ითვალისწინებს „მედიის მომსახურებების ევროპული საბჭოს“ შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებისგან. საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს ახალი კანონის პრაქტიკაში დანერგვას და მონიტორინგი გაუწიოს აღსრულების პროცესს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, შეთავაზებული ინიციატივა არის პასუხი ევროკავშირის შიგნით მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ მზარდ საფრთხეებზე.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც თავისუფალი მედიაგარემო განსაკურებულ გამოწვევებს აწყდება, საერთაშორისო გამოცემები ასახელებენ უნგრეთს და პოლონეთს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის დასაცავად საერთო კანონი წარადგინა.

„ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ მედიაზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმა. ახლა დროა, ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო პრინციპები: არცერთ ჟურნალისტს არ უნდა უთვალთვალებდნენ მისი საქმიანობის გამო; არცერთი საზოგადოებრივი მედიასაშუალება არ უნდა იქცეს პროპაგანდის არხად“

– განაცხადა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ 2022 წლის სექტემბერში, როცა ევროკომისიამ პირველად წარადგინა ინიციატივა.

დეკემბერში მიღწეული შეთანხმება ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.

„დემოკრატიის არსებობა მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარეშე შეუძლებელია. ეს შეთანხმება ადასტურებს, რომ ევროკავშირი არის მსოფლიო ლიდერი ჟურნალისტებისა და მედიის დამოუკიდებლობის დაცვაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციის სანდო წყაროების ფართო და მრავალფეროვან სპექტრზე“ – ამბობს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის კულტურის მინისტრი ერნესტ ურტასუნ დომენეკი.

„ეს შეთანხმება სხვა არაფერია, თუ არა იმ დიდი ძალისხმევის და მძიმე სამუშაოს აღიარება, რომელსაც ყველა ჟურნალისტი ყოველდღიურად ეწევა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩვენი დემოკრატიის დაცვისთვის. ეს არის მედიის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი“ – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა რამონა სტრუგარიუმ, რომელიც ევროპარლამენტში სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის თანამომხსენებელია.

ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის პოზიციების შეჯერებას მრავალთვიანი განხილვები და მწვავე დებატები უძღოდა წინ.

ყველაზე ცხარე კამათის საგანი კანონპროექტის მე-4 მუხლი იყო, რომელიც ჟურნალისტების დაცვას ეხება.

შეთანხმებული პროექტით, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და მათი წყაროების დაცვა, მათ შორის თვალთვალისგან. გამონაკლისს კი მკაფიოდ განსაზღვრული შემთხვევები უნდა წარმოადგენდეს. მაგალითად, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმთან ან სხვა მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებსა და არა მხოლოდ მათზე თვალთვალის საკითხი მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2021 წელს, როდესაც ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ გამოყენებასთან დაკავშირებული სკანდალი გახმაურდა. როგორც გაირკვა, აღნიშნული პროგრამის გამოყენებით მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანს უთვალთვალებდნენ, მათ შორის ათობით ჟურნალისტს.

ზოგიერთი ქვეყანა და მათ შორის, ყველაზე აქტიურად საფრანგეთი, მედიის თავისუფლების აქტში ჟურნალისტებზე თვალთვალის დაშვებას ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით ითხოვდა. ამას ევროპარლამენტის წევრების და უფლებადამცველების მტკიცე წინააღმდეგობა მოჰყვა.

„მთავრობები იყენებენ ეროვნულ უსაფრთხოებას, რათა გაამართლონ ჟურნალისტებზე თვალთვალის მიზეზების გამხელაზე უარის თქმა. თუ ევროკავშირს ჭეშმარიტად სურს ჟურნალისტების დაცვა ჯაშუშობისგან, მან მკაფიო სამართლებრივი კონტროლი და ბალანსი უნდა შეიტანოს „მედიის თავისუფლების ევროპულ აქტში“, – აცხადებდა ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ წარმომადგენელი ტომ გიბსონი ევროპარლამენტსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე.

საბოლოოდ, მიღწეულ კომპრომისულ ვარიანტში სადავო სიტყვათშეთანხმება „ეროვნული უსაფრთხოება“ ნახსენები არ არის. ამის ნაცვლად, მეოთხე მუხლი ითვალისწინებს „წევრი სახელმწიფოების ვალდებულებების პატივისცემას“.

ევროპარლამენტის წევრებმა ეს დემოკრატიის გამარჯვებად გამოაცხადეს. როგორც ევროპარლამენტის წევრმა საბინე ვერჰეიენმა განაცხადა, თვალთვალი შესაძლებელი იქნება მხოლოდ სერიოზული დანაშაულისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში.

„და არა უბრალოდ ყველაფრისთვის, რასაც მათ შეუძლიათ ეროვნული უსაფრთხოება უწოდონ“, – აღნიშნა მან.

საბოლოო შეთანხმებას ასევე მიესალმა „ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია“.

ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის კანონპროექტის ძირითადი პრინციპები უკვე შეთანხმებულია. ტექნიკური დამუშავების შემდეგ დოკუმენტი ორივე ინსტიტუტმა უნდა დაამტკიცოს. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ეს 2024 წლის გაზაფხულზე მოხდება, ანუ ევროპარლამენტის ივნისში დაგეგმილ არჩევნებამდე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა