მთავარიეს საინტერესოაამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე (UFO) აშშ-ს დოკუმენტებში საქართველო და კოდორიცაა ნახსენები

ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე (UFO) აშშ-ს დოკუმენტებში საქართველო და კოდორიცაა ნახსენები

8 მაისს პენტაგონმა “აქამდე უცნობი” იმ დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო, რომელიც კავშირშია ამოუცნობ საჰაერო ფენომენებთან (UAP) – რასაც წარსულში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს (UFO) უწოდებდნენ.

NBC News-ის ცნობით, აშშ-ს ომის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან არ იკვეთება, რომ ამერიკის მთავრობა “უცხოპლანეტელებთან გადაწყდომასთან” დაკავშირებით ცნობებს მალავდა. დოკუმენტებში ასევე არ ჩანს ისიც, რომ აშშ-ს მთავრობას “სხვა პლანეტის არსებებთან” ინტერაქცია ჰქონდა ან რომ მთავრობას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მსგავსი არსებები დედამიწას ესტუმრნენ. 

თუმცა, პენტაგონის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი საქართველოსაც ეხება, კერძოდ, 2001 წლის ოქტომბრის ბოლოს რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტს, რის ფარგლებშიც რუსულმა Su-25-ის ტიპის თვითმფრინავებმა კოდორის ხეობაში მარუხის უღელტეხილი დაბომბეს და რუსეთისკენ გაბრუნდნენ. 

მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დარღვევა უწოდა, რის გამოც სამინისტრომ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა და მოსკოვისგან “საქართველოს საჰაერო სივრცის არაერთი დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით” ახსნა-განმარტება მოითხოვა. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ნინო სტურუამ, განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს SU-25 ტიპის თვითმფრინავები არ გააჩნდა, შესაბამისად, დიდი ალბათობა იყო, რომ მარუხის უღელტეხილი რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს. 

რუსეთში აშშ-ს საელჩოს მიერ გაგზავნილ შეტყობინებას სარკასტული სათაური აქვს – “UFO-ები საქართველოს თავზე: საგარეო საქმეთა სამინისტროს ხარისხის ახლო კონტაქტები” – რაც, სავარაუდოდ, ხუმრობითაა მიმსგავსებული ფილმის “მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები” სახელთან. 

გასაიდუმლოებულ დოკუმენტში რუსეთში აშშ-ს ელჩი, ალექსანდერ ვერშბოუ წერდა, რომ, ქართული მხარის ბრალდებების მიუხედავად, მასთან საუბრისას კრემლმა უარყო რუსული თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა ან 28-29 ოქტომბერს კოდორის ხეობის დაბომბვა.

“[რუსეთის] საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, [გეორგი] მამედოვმა, ელჩ [ალექსანდერ] ვერშბოუს 30 ოქტომბერს უთხრა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, 28-29 ოქტომბერს არანაირ რუსულ თვითმფრინავებს არ გადაუფრენიათ ან დაუბომბავთ კოდორის ხეობა, ქართული მხარის საპირისპირო შინაარსის ბრალდებების მიუხედავად.” – ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეტყობინების მიხედვით, აშშ-ს ელჩმა, “ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები, თუკი ეს სიმართლე იყო და ასე გაგრძელდებოდა, კატასტროფული იქნებოდა აშშ-რუსეთის ურთიერთობებისთვის” და აშშ-რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილ სამიტს “გააფუჭებდა”. ცნობისთვის, პრეზიდენტ ჯორჯ უოკერ ბუშსა და ვლადიმირ პუტინს შორის აშშ-ში სამიტი 2001 წლის ნოემბერში გაიმართა.

“[რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გეორგი] მამედოვი დათანხმდა, რომ მსგავს შემთხვევებს სამიტზე უარყოფითი გავლენა ექნებოდა, თუმცა, მან გაიმეორა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელიც კატეგორიულად უარყოფდა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის რაიმე ინციდენტში რუსული თვითმფრინავები იყვნენ ჩართულნი”. – წერია გასაჯაროებულ ტექსტში.

“[რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს დეპარტამენტის უფროსმა] ტერეოკენმა უარყო აფხაზეთში რუსული თვითმფრინავების მიერ კოდორის ხეობის დაბომბვის შესახებ 30 ოქტომბრის ცნობები. მან ასევე უარყო, რომ რუსეთმა რაიმე სახით საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, მისი თქმით, 28 ან 29 ოქტომბერს არცერთი რუსული თვითმფრინავი არ დაფრინავდა ამ ტერიტორიის სიახლოვეს. ტერეოკენის მიხედვით, არსებობდა სანდო ცნობები, რომ აფხაზურმა ვერტმფრენებმა დაბომბეს ის ტერიტორია, “სადაც ტერორისტები იყვნენ,” მაგრამ თვითმფრინავების მიერ დაბომბვის შესახებ ცნობები შესაძლოა, სულაც “ამოუცნობი მფრინავი ობიექტები” იყვნენ.” – ვკითხულობთ ამერიკულ დოკუმენტში. 

დოკუმენტში აშშ-ს ელჩი, ალექსანდერ ვერშბოუ, წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით რუსული ვერსიის გაზიარება “რთულია”.

“იმის თქმა, რომ ეს UFO-ები იყო, სასაცილო იქნებოდა, დარღვევების სერიოზული ბუნება რომ არა. დიდი ალბათობით, რუსულ მხარეს უნდა, რომ წნეხი შეინარჩუნონ ქართველებსა და ჩეჩნებზე [კოდორის] ხეობაში, რაც არაფაქიზი მეთოდია იმ მიზნით, რომ აღნიშნულ დაჯგუფებებს აფხაზეთისა თუ რუსეთისკენ გადაადგილებაში ხელი შეუშალონ. მათი მხრიდან ოფიციალური უარყოფა ასახავს ტრადიციულ რუსულ მიდრეკილებას, რომ თამამი ტყუილით უხერხული აღიარება თავიდან აირიდონ. რაც შეეხება გუდაუთას, რუსეთის მთავრობა, დიდი ალბათობით, იქ კვლავ მყოფ 600 სამხედროს სავაჭროდ იყენებს, რათა აფხაზეთში ბოდენის გეგმასა და საქართველოს შიგნით ჩეჩნების ჩახშობის საკითხებთან დაკავშირებით თბილისისგან დათმობები მიიღონ.” – წერდა ვერშბოუ.

წყარო: tabula.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია საქართველოს შესახებ მუდმივი მომხსენებელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე. დოკუმენტზე იმუშავეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარებმა. დოკუმენტის კენჭისყრამდე იუკნევიჩიანემ თქვა: „როგორც...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა