ისინი ისევ მუშაობენ და ჩვენ ვიცით სად.
დაყადაღებული ქონება. მიმდინარე გამოძიება და კიდევ უფრო ძვირფასი მანქანები, რომლითაც დღეს გადაადგილდება აკაკი ქევხიშვილი, პირი ვისაც აგენტები „ბოსს“ ეძახდნენ.

ბოლო წლებში ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდებები “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებშიც გამოჩნდა.
შარშან გამოვლენილი და დაყადაღებული თაღლითური “ქოლ-ცენტრის” თანამშრომლები – ხელმძღვანელებიც და ხელქვეითებიც – “სტუდია მონიტორმა” ისევ ერთად აღმოაჩინა. თვეების მანძილზე ისინი ერთ შენობაში იყრიდნენ თავს – როგორც სამსახურში, დილიდან საღამომდე.
A.K. ჯგუფის თანამშრომლებმა საერთაშორისო გამოძიების თანახმად 3 წლის განმავლობაში თბილისიდან 6 ათასზე მეტ ადამიანს დაურეკეს და 36 მილიონი დოლარი წაართვეს. მათ მსხვერპლთა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები, მათ შორის – პენსიონერები.
2025 წლის 13 მარტს, პროკურატურის მოთხოვნით, ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილ თაღლითებს ქონება დაუყადაღეს; ერთი წლის შემდეგ, ისევ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა რომ ისინი კვლავ თავისუფლად დადიან, მათ შორის – დაყადაღებული ძვირადღირებული ავტომობილებითაც.“მონიტორი” ვარაუდობს, რომ კვლავ განაგრძობენ თაღლითურ საქმიანობას.
A.K. ჯგუფის თანამშრომლების შესახებ ახალი ჟურნალისტური გამოძიება „სტუდია მონიტორმა“ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო – თაღლითური სქემის შარშან გაშიფრული მონაწილეების თავშეყრის ახალი მისამართის (დიღომი, მირიან მეფის 68ა) დადგენის შემდეგ.
ადგილზე მისულებმა ნაცნობი სახეები ნახეს, შარშან გამოვლენილი “ქოლ-ცენტრის” ხელმძღვანელები, საშუალო რგოლის თანამშრომლები თუ რიგითი “სკამერები” [თაღლითები]. ნახეს არაერთხელ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში – 6-თვიანი გამოძიების მიმდინარეობისას – როდესაც, მათ ოფისთან ჩასაფრებულებმა, ათეულობით დღე და საათი გაატარეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო – რაც უფრო ხშირად გადავიღებდით, რომ ისინი ამ მისამართზე დადიან, მით მეტი მტკიცებულება გვექნებოდა, რომ რეგულარულად დადიან და ესე იგი ისევ მუშაობენ. ძალიან ბევრი ჩანაწერი გვაქვს. აკაკი ქევხიშვილის [A.K. ჯგუფის უფროსი] გადაღება მხოლოდ აპრილში შევძელით, მას შემდეგ, რაც [თვალთვალის] გრაფიკი შევცვალეთ და ოფისთან მისვლა 15:00 საათიდან დავიწყეთ. ის გვიან მოდიოდა, იყო შემთხვევა – ოფისიდან აღარ გამოვიდა”, – იხსენებს რადიო თავისუფლებასთან გამოძიების ერთ-ერთი ავტორი, მარი დუდუნია.

გამოძიების ავტორები: მარი დუდუნია და ნინო რამიშვილი
ჟურნალისტებმა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ძვირფასი ავტომობილების ნაწილი, რომლებითაც A.K. ჯგუფის უფროსები თუ თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, კვლავ დაყადაღებულია; ნაწილი კი სხვების სახელზეა გაფორმებული.
ჟურნალისტები” შენობაში არ შეუშვეს, ხოლო პასუხების გაცემას თითქმის ყველა თავს არიდებდა, ნაწილი გარბოდა, ტელეფონს თიშავდა, ნაწილი კი უარყოფდა ქოლ-ცენტრში მუშაობასა თუ ხელმძღვანელ პირებთან ნაცნობობას. დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა “მონიტორს” უთხრა, რომ ამ შენობაში შეყვარებული ჰყავს და შესაძლოა, ამიტომ ხედავენ ასე ხშირად.
საბოლოოდ ვერ მოხერხდა დადგენა:
- მოქმედებდნენ თუ არა, ამ ახალ მისამართზე იმავე თაღლითური სქემებით.
- რა სახელით ოპერირებდა ახალი შესაძლო ქოლ-ცენტრი.
თუმცა „მონიტორმა“ საჯარო და გამოჟონილი დოკუმენტების შესწავლით გაარკვია, რომ, ჯერ კიდევ 2022 წლიდან:
- ფარნავაზ მეფის 68 ა-ში მდებარე შენობის მესამე სართული, 450 კვადრატული მეტრი ფართი და საპარკინგე ადგილები, იჯარით ჰქონდა აღებული კომპანია რტმ იმპორტს, რომლის ერთადერთი მფლობელი – ირაკლი ქვლივიძე, აკაკი ქევხიშვილის ცოლის ძმა და თავადაც A.K. ჯგუფის თანამშრომელი იყო;
- რტმ იმპორტს იჯარის თანხას [თვეში 9 ათას დოლარს ] A.K. ჯგუფი უხდიდა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, რომ A.K. ჯგუფი არ იყო პირველი კომპანია, რომელშიც ისინი მუშაობდნენ. მაგალითად, “100 მარკეტინგი” ერქვა კომპანიას, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა და სადაც ისინი ყველანი მუშაობდნენ”, – მარი დუდუნია გვეუბნება, რომ ეს კომპანია 2023 წელს დააყადაღეს, მაგრამ – 2026 წელს ყადაღა კვლავ მოეხსნა.
„მონიტორის“ ახალი ჟურნალისტური გამოძიების ანონსის შემდეგ, ოფისი, სადაც AK ჯგუფის გაშიფრული აგენტები იკრიბებოდნენ, დაიხურა.
ამჟამად ორივე სართული ქირავდება. ინფორმაცია ამის შესახებ „მონიტორს“ შენობის მფლობელმა დაუდასტურა.
თუ „მონიტორის“ მიერ გაშიფრულ აგენტებს სხვა მისამართზე ნახავთ, გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე: monitori.org@gmail.com
თქვენი კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული!

ამჟამად ორივე სართული ქირავდება. ინფორმაცია ამის შესახებ „მონიტორს“ შენობის მფლობელმა დაუდასტურა.
თუ „მონიტორის“ მიერ გაშიფრულ აგენტებს სხვა მისამართზე ნახავთ, გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე: monitori.org@gmail.com
თქვენი კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული!
წყარო: მონიტორი・Monitori










