მთავარიმსოფლიომისი მშვენიერი ძიძები: როგორ იზრდებიან პუტინის ვაჟები დასავლელი გუვერნანტების გარემოცვაში

მისი მშვენიერი ძიძები: როგორ იზრდებიან პუტინის ვაჟები დასავლელი გუვერნანტების გარემოცვაში

სანამ პუტინი „კოლექტიურ დასავლეთს“ ებრძვის და აწარმოებს ომს, რომელსაც უკვე ასობით ათასი ადამიანი შეეწირა, მისი მცირეწლოვანი ვაჟები გარშემორტყმული არიან დასავლელი ძიძებით, რომლებსაც დავალებული აქვთ, ენობრივი მომზადების მხრივ, ბიჭები ადრეული ასაკიდანვე აიყვანონ „განათლებული ევროპელების“ დონეზე.

საგამოძიებო ჯგუფმა „სისტემამ“ მოიპოვა მიმოწერა და სხვა დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება ვლადიმირ პუტინისა და ალინა კაბაევას ვაჟების აღსაზრდელად უცხოელი სპეციალისტების დაქირავების ფაქტი. ამ მასალებიდან ირკვევა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტისა და ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახში, სულ მცირე, 20 უცხოელი გუვერნიორი და გუვერნანტკა მუშაობდა, მათ შორის ნატოს იმ წევრი ქვეყნებიდანაც, რომლებთანაც, თავად პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინაში ომობს. ამ მომსახურე პერსონალის შენახვაზე ოჯახი წელიწადში ასიათასობით დოლარს ხარჯავდა და კვლავაც ხარჯავს.

„სისტემა“ – საგამოძიებო პროექტი, რომელიც შეიქმნა 2023 წელს The CurrentTime-ისა და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მიერ და რომელიც აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალებს სხვადასხვა თემაზე – დაწყებულს ომის დანაშაულების გამოძიებიდან, დამთავრებულს კორუფციის გამოაშკარავებით.

„შესაძლოა, ვანია თევზაობით დაინტერესდეს“

34 წლის ემა დ. საფუძვლიანად მოემზადა რუსეთში გუვერნანტის ახალი სამსახურისთვის. ჯერ კიდევ ავსტრიაში მან მომავალი აღსაზრდელისთვის, ვანიასთვის, გერმანული ზმნების ბარათები და საბავშვო ვიმელბუხი (Wimmelbuch) შეიძინა. თან ასევე წაიღო ლამაზი ტანსაცმელი, რადგან წაიკითხა, რომ რუსეთში ქალები ევროპელებზე უფრო ელეგანტურად იცვამენ. ასევე ჩაალაგა საბრძოლო ხელოვნების ფორმაც, იმ იმედით, რომ თავისუფალ დროს სპორტულ კლუბებში ივლიდა სოციალიზაციის მიზნით.

ემამ დეტალურად აუხსნა მშობლებს, როგორ აპირებდა ოთხი წლის ბავშვისთვის გერმანული ენის სწავლებას. მაგალითად, ემამ შესთავაზა, კვირაში ორჯერ მაინც ბავშვთან ერთად ტყეში გაეტარებინათ დრო.

„დამტკიცებულია, რომ ე.წ. ტყის აბაზანები, რომლებსაც იაპონურად „შინრინ-იოკუ“ ეწოდება, იმუნურ სისტემას რამდენიმე დღით აძლიერებს. (…) ტყეში დროის გატარება (და არა უბრალოდ კეთილმოწყობილ პარკში) ძალიან სასარგებლოა პატარა ბავშვებისთვის, რადგან აუმჯობესებს მათ მოტორიკას — მიწა ხომ უსწორმასწოროა. (…) უამრავი შესაძლებლობა იქნება გერმანულად სასაუბროდ. შესაძლოა, ვანია დაინტერესდეს თევზაობით, კენკრის შეგროვებით და ა.შ.“ — ასე აღწერდა ემა ტყის სასარგებლო გავლენას თავისი მომავალი აღსაზრდელის მშობლებისთვის გაგზავნილ წერილში.

თუმცა ტყეში მუდმივი ცხოვრება ემას აღარ მოეწონა.

წყარო: radiotavisupleba.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში

როდესაც ჩვენ ვუყურებთ რუსული ჯარების ყოფნას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპის ინტერესებში აშკარად შედის ის, რომ ეს ძალები იქ აღარ იყვნენ დისლოცირებულნი,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა