გადაჭარბებული ძალის გამოყენება მომიტინგეების მიმართ, ცნობები აქციებში ჩართული ქალების მიმართ გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწრობის მუქარაზე, ჟურნალისტების დაშინებასა და თვითნებურ დაკავებებზე, რეპრესიული ნაბიჯები პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა – 2025 წლის ანგარიშში ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს და გასულ წელს დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლით ახასიათებს.

რა წერია საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში? წაიკითხეთ სრულად:
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვა
ადამიანის უფლებები მკაცრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირად და ოჯახურ ცხოვრებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს.
2025 წელს ფართოდ იყო გავრცელებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდებოდა. არცერთი დამნაშავე არ მიცემულა პასუხისგებაში, რამაც დაუსჯელობის გარემოს შექმნას შეუწყო ხელი.
თვითნებური დაკავებების, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენებისა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების შემთხვევები სამართლიანი სასამართლოს უფლების კუთხით შეშფოთებას იწვევს.
დაფიქსირდა დემონსტრაციებში მონაწილე ქალების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროების, გაუპატიურებისა და სიკვდილის მუქარის შემთხვევები.
ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტმა“ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტმა, უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე.
ფართოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების მიმართ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და თვითნებური დაკავებების შესახებ.
საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაატარა, რამაც სერიოზულად შეარყია დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და, ფაქტობრივად, გააუქმა სამოქალაქო მონაწილეობა და შეკავებისა და გაწონასწორების ე. წ. checks and balances სისტემა.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვით, ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემა რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენა, რათა ორგანიზაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გარეშე დაეტოვებინა და განსხვავებული აზრი ჩაეხშო.
სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული ხმები ასევე აწყდებოდნენ დაშინებას, ხოლო მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა უფრო გახშირდა.
პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს.
სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა, უფრო ვრცლად ეს საკითხებზე მიმოხილულია ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშში.
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2025 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველომ 114-ე ადგილი დაიკავა; 52-ე ადგილი – „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ (WJP) 2025 წლის კანონის უზენაესობის ინდექსში; 56-ე ადგილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში და მიიღო 34 ქულა 100-დან CIVICUS Monitor-ზე, რაც რეპრესირებულ სამოქალაქო სივრცეზე მიუთითებს.
ევროკავშირის ქმედებები – ძირითადი ფოკუსის სფეროები
ევროკავშირი მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლა, გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებისა და კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეების ადამიანის უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს, გამოხატვის, შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის უფლებები და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები.
ეს მოწოდებები 2025 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამაც გაიმეორა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ.
ევროკავშირი აგრძელებდა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების შეფასებას. 2025 წლის დეკემბერში კომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ კიდევ უფრო განიცადა უკუსვლა მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში და კვლავ აგრძელებს ამ ნიშნულების დარღვევას.
კომისიამ ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში დაიწყო პროცედურა, რათა სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლება შეუჩეროს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს.
ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობა
2024 წლის ივნისში, ოქტომბერსა და დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინა პროცესი.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაგრძელებული სერიოზული დემოკრატიული უკუსვლის გამო, 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ შემდგარა. ევროკავშირმა გააგრძელა ორმხრივი კონტაქტების დონის დაქვეითება.
ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებათა დიალოგი 2023 წლის ივნისის შემდეგ არ გამართულა.
ევროკავშირის ფინანსური ჩართულობა
უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, ევროკავშირმა 2025 წელსაც გააგრძელა იმ ფინანსური დახმარების შეჩერება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას ხმარდებოდა.
სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, 2024 წლის ოქტომბრიდან, სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის (NDICI) ორმხრივი და თემატური დაფინანსების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 24 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა.
მიმდინარე დახმარება ფოკუსირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზნობრივ მხარდაჭერაზე, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ბავშვთა და ლგბტი პირთა უფლებებზე, ნდობის აღდგენაზე, აგრეთვე დეზინფორმაციასთან, უცხოურ ჩარევასა და მანიპულაციასთან ბრძოლაზე.
ევროკავშირმა ომბუდსმენის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა განაგრძო.
ქართული სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის უფლებადამცველები, ასევე სარგებლობენ გაზრდილი მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული მექანიზმის“ მეშვეობით, რისთვისაც 2025-2027 წლებში 10 მილიონი ევრო გამოიყო, და ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი რეგიონული პროგრამებით.
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG III) გაგრძელდა შემცირებული აქტივობებით, რომლებიც ძირითადად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო ფოკუსირებული.
საქართველომ განაგრძო ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტით სარგებლობა, რომელსაც „მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია“ ახორციელებს და საქართველოში სასამართლოს მართვის მოდერნიზაციას უჭერს მხარს.
მრავალმხრივი კონტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულება არაადეკვატურია და ამჟამად მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ 45 საქმე იმყოფება.
საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მოიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვება.
გარდა ამისა, საქართველომ არ გაითვალისწინა წინა არჩევნებიდან მიღებული ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.
საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) არჩეულ წევრად დარჩა 2025 წლის ბოლომდე. ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურმა პროცედურებმა საქართველოს დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამოძიებისკენ მოუწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფორმატებში კარგი თანამშრომლობა ძირითადად შენარჩუნებულია, საქართველო არ შეუერთდა ზოგიერთ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივას.










