მთავარისაზოგადოებასათვალთვალო კამერები ხელოვნური ინტელექტით - ვინ გვიცავს და ვინ გვაკონტროლებს?

სათვალთვალო კამერები ხელოვნური ინტელექტით – ვინ გვიცავს და ვინ გვაკონტროლებს?

ამ სტატიაში ღია წყაროებზე, სახელმწიფოს კონტრაქტორებთან საუბრებსა და ყოფილი საჯარო მოხელეების მონათხრობებზე დაყრდნობით გიყვებით, რა პროგრამებს, აღჭურვილობასა და მეთოდებს იყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებები თვალთვალისთვის და მოქალაქეების რა მონაცემები ინახება საინფორმაციო ბაზებში.

აგვისტო 05, 2026

  • ნასტასია არაბული
  • მოკლედ
    ავტორიტარულ სისტემებში სახელმწიფოები დეტალურ ინფორმაციას აგროვებენ საკუთარ მოქალაქეებზე – სათვალთვალო კამერები და პროგრამები იქ კონტროლის ინფრასტრუქტურის ნაწილია.
    საქართველოში, სადაც ასობით აქტივისტია გასამართლებული ქვეყნის საპროტესტო განწყობების გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ცენტრში – რუსთაველის გამზირზე – დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების წყალობით, ხელისუფლების კრიტიკოსებს ამ კამერების წარმომავლობა აშინებთ.
    კამერების უმეტესობა და პროგრამების ნაწილი ჩინურია ან, ასევე საფრთხილო, რუსული ტექნოლოგიები და AI-ია გამოყენებული. ხელისუფლება ოპონენტების შიშებს უსაფუძვლოდ, კრიტიკას კი არასერიოზულად მიიჩნევს.
    “გაპატიმრებთ იმ მკვლელობის გამო, რომელსაც მომავალში ჩაიდენთ”, – ამბობს სტივენ სპილბერგის ფილმის პერსონაჟი 2002 წელს ფილიპ დიკის მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ფილმში Minority Report. მოვლენები 2054 წლის ვაშინგტონში ვითარდება. პოლიციის დანაშაულის პრევენციის სპეციალური დანაყოფი ეჭვმიტანილებს დანაშაულის ჩადენამდე აპატიმრებს, ექსტრასენსების ხილვების საფუძველზე. სისტემა, ერთი შეხედვით, უნაკლოდ მუშაობს – მკვლელობები აღარ ხდება.
    ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკად აღიარებული ეს ფილმი ბევრჯერ გაიხსენეს მას შემდეგ, რაც სხვადასხვა დროს ჩინეთის სახელმწიფო უწყებებიდან გაჟონილმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია სათვალთვალო ტექნოლოგიებისა და ალგორითმების გამოყენებით ასევე ცდილობს, წინასწარ ამოიცნოს “ანომალიური ადამიანები”, რომლებიც მომავალში კანონს და მართლწესრიგს საფრთხეს შეუქმნიან.
    თვალთვალი თუ კონტროლი?
    როდესაც სახელმწიფო მოქალაქეს უთვალთვალებს, ამას საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების აუცილებლობით ხსნის. იმისთვის, რომ თვალთვალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად და კონტროლად არ გადაიქცეს, დემოკრატიები მკაფიოდ განსაზღვრავენ სამართლებრივ შეზღუდვებსა და ანგარიშვალდებულებს.
    თვალთვალი კონტროლისთვის გამოიყენება ავტორიტარულ სისტემებში, სადაც – ირანის, ვენესუელის, რუსეთისა და ჩინეთის მაგალითები აჩვენებს, რომ მთავრობები იყენებენ არა მხოლოდ კამერებს, არამედ ამომწურავ საინფორმაციო ბაზებს მოქალაქეების შესახებ, მათი ქცევის და განწყობების შესასწავლად და საჭიროების შემთხვევაში, განსხვავებულების და საეჭვოების სწრაფად გამოსავლენად.
    ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტატუსით თანამშრომლობდნენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან, რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით უყვებიან, რომ ასეთი, განახლებადი ბაზები არც საქართველოსთვის არ არის უცხო.
    სათვალთვალო კამერების სიმრავლე თვალშისაცემია ისეთ ადგილებში, რომლებსაც მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად იყენებენ - ეს ფოტო 2025 წელსაა გადაღებული თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლის სიახლოვეს.
    სათვალთვალო კამერების სიმრავლე თვალშისაცემია ისეთ ადგილებში, რომლებსაც მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად იყენებენ – ეს ფოტო 2025 წელსაა გადაღებული თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლის სიახლოვეს.
    რას ნიშნავს, როცა თვალთვალში ხელოვნური ინტელექტი ერთვება
    სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს სახელმწიფო უწყებების შესყიდვებში გამოჩნდა მოთხოვნები ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პროცესორებიანი კამერების შეძენაზე. უახლოეს მომავალში თბილისის ქუჩებს დაემატება ფოტოხაფანგებიც, რომლებიც არალეგალური ნაგავსაყრელების მონიტორინგის ფუნქციას შეითავსებენ და ვანდალებს მარტივად გამოააშკარავებენ.
    ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ახალი კამერები პირველ ეტაპზე თბილისში გამოჩნდება – შესყიდვის ტენდერი დროის ახლო მონაკვეთში გამოაცხადა პარლამენტმა, რომელიც პარლამენტის შიდა და გარე სივრცეებში დაამატებს ახალ კამერებს და “თბილსერვისმა”, რომელსაც AI-პროცესორიანი კამერების განთავსება დასუფთავების მანქანებზე სურს. ხელოვნური ინტელექტის დამატება ნიშნავს, რომ კამერები აღარ იქნებიან მხოლოდ “თვალები”, მათ ექნებათ “ტვინიც” და წინასწარ მონიშნულ ობიექტებზე უკეთ დაკვირვების შესაძლებლობა. ამავდროულად, AI-პროცესორი არ ნიშნავს აუცილებლად სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრირებას კამერაში.
    7 ივლისს “თბილსერვისის” მიერ გამოცხადებული და შემდეგ ჩაშლილი ტენდერის ტექნიკური დავალებიდან ირკვეოდა, რომ მერიას არა მხოლოდ AI-ანალიტიკით, არამედ Vision Language Model-ით აღჭურვილი კამერების ყიდვა სურდა. ასეთ კამერებს, კარგად “გაწვრთნის შემთხვევაში”, შეუძლიათ მონაცემების ანალიზი და დასკვნების გაკეთება – კადრის აღწერა; არა მხოლოდ ობიექტების, არამედ მოვლენების ამოცნობა და კონკრეტული სცენის, მაგალითად წითელსაწვიმრიანი ახალგაზრდა კაცის ან პარკის სკამზე უმეთვალყურეოდ დატოვებული ჩანთის პოვნა ვიდეოდან.
    საილუსტრაციო გამოსახულება. როგორ გამოიყურება ქართველი სამართალდამცველებისთვის იმ პროგრამების მომხმარებლის მხარე, რასაც ისინი ვიდეომენეჯმენტისა და პიროვნების ამოსაცნობად იყენებენ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის.
    საილუსტრაციო გამოსახულება. როგორ გამოიყურება ქართველი სამართალდამცველებისთვის იმ პროგრამების მომხმარებლის მხარე, რასაც ისინი ვიდეომენეჯმენტისა და პიროვნების ამოსაცნობად იყენებენ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის.
    ასეთ კამერებს შეუძლია ხალხმრავლობისა (Crowd Density) და ერთ ადგილზე საეჭვო დაყოვნების (Loitering Detection) დაფიქსირებაც.
    თეორიულად, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ამგვარი კამერების გამოყენება შესაძლებელია ავტობუსებშიც – სადაც უბილეთო მგზავრს, მარშრუტის გადატვირთულ მონაკვეთებს და ავტობუსის გარშემო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებსაც გამოავლენს.
    ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კამერები დამატებით შესაძლებლობებს მისცემს იმ კარგად გამართულ სათვალთვალო ინფრასტრუქტურას, რომელიც წლებია შენდება საქართველოში და რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს შეუძლია დაინახოს მოქალაქე ყველგან – ფეხით მიდის ის ქუჩაში, ავტომობილს მართავს თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს და არა მარტო.
    სად გითვალთვალებენ კამერები?

    არ ვიცით, საქართველოში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების რა ნაწილს აქვს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა და რამდენი იყენებს მის შესაძლებლობებს – სახელმწიფოს ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ხშირად კამერების ტექნიკურ მახასიათებლებში ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის შესახებ ჩანაწერები უფრო მარკეტინგული ხრიკია, ვიდრე რეალურად უფრო ჭკვიანი მოწყობილობის გარანტია.


    ხელოვნური ინტელექტის პროცესორებით აღჭურვილი კამერების გარეშეც, სისტემას დღეს შეუძლია ერთ კამერაში გამოჩენის შემდეგ უწყვეტად გადევნოს თვალი და ადვილად გიპოვოს ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. სანავიგაციო სისტემების დახმარებით კი, რომლებიც კამერების ანალიტიკური პროგრამების თანმხლები კომპონენტია, ძალიან მაღალი სიზუსტით, რეალურ დროში დაინახოს კოორდინატებიც.
    ადვოკატები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობენ, რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ კრიმინალური საქმეების გამოძიების მასალების ნაწილია კამერების ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, მაგალითად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოქალაქის ავტომობილით გადაადგილება ქვეყნის სხვადასხვა მაგისტრალსა და ქუჩაზე. ეს გამოსახულებები აჩვენებს, რომ სახელმწიფოს აქვს პროგრამა, რომელსაც ათასობით კამერის ჩანაწერში რამდენიმე წამში შეუძლია ეჭვმიტანილის/ბრალდებულის მანქანის პოვნა.
    საილუსტრაციო ფოტო; საქართველოში გზებზე დამონტაჟებული ნომრის ამომცნობი კამერების მთავარი მისია მოძრაობის წესების დამრღვევების მყისიერი დაჯარიმებაა.
    საილუსტრაციო ფოტო; საქართველოში გზებზე დამონტაჟებული ნომრის ამომცნობი კამერების მთავარი მისია მოძრაობის წესების დამრღვევების მყისიერი დაჯარიმებაა.
    ის უფლებადამცველები კი, რომლებიც სასამართლოებში იცავენ რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვის გამო დაჯარიმებული ან დაკავებული მოქალაქეების ინტერესებს, ამბობენ, რომ თითქმის ავტომატიზებულ სისტემას, რეალურ დროში მოქალაქეების პოვნის და ამოცნობისას პირველ ჯერზე მაინც სჭირდება ადამიანის ჩარევა პიროვნების იდენტიფიცირებისთვის. ამოცნობის პროცესში გამოყენებულია ყველა გარეგნული ნიშანი, იქნება ეს ვარცხნილობა, ცხვირის მოყვანილობა თუ სიარულის მანერა – სისტემა სწორედ ამ ნიშნებით გიმახსოვრებთ და განგასხვავებთ, მაგრამ საბოლოო სიტყვა იდენტიფიცირებისას მაინც ადამიანზეა.
    კიდევ რას ხედავენ კამერები?
    თვალთვალის არსებული ინფრასტრუქტურით შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ დანაშაულში ეჭვმიტანილების ან სისტემისთვის საინტერესო ადამიანების გადაადგილების მარშრუტები ან სამართალდარღვევის ფაქტები, არამედ მათი ინტერესები, გარემოცვა, ჩვეული და უჩვეულო გადაადგილება, ჩვევები და ამ ჩვევებიდან გადახვევა. მეტიც, თუ ტელეფონს კამერების სიახლოვეს ხმარობთ, შესაძლებელია თქვენი მიმოწერის, მოხმარებული აპლიკაციების დანახვა, და თუ ტელეფონზე საუბრობთ, მოსმენაც.
    “მთელი მსოფლიო ასე მოქმედებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ანტიტერორისტული მიზნებიდან გამომდინარე. მათ შორის, დანაშაულის პრევენციის უპირატესი მიზნებიდან გამომდინარე. შევეცდებით, რომ [კამერები] საჯარო სივრცეში მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაყენოთ, არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში”, – თქვა 1 ივლისს ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც იმხანად სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა სამართალდამცავი სისტემების კოორდინაციის საკითხებში და ამ სტატიის გამოქვეყნების დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.
    მის განცხადებას რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა AlgorithmWatch-ის ვრცელი სტატია იმის შესახებ, როგორ შეასუსტა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საპროტესტო ტალღა ჩინური კამერებისა და რუსული პროგრამების დახმარებით. კვლევა მიუთითებდა იმაზეც, რომ ვინაიდან რუსეთსა და ჩინეთში კანონი კერძო ორგანიზაციებს მონაცემების სახელმწიფოსთვის გაზიარებას ავალდებულებს, დიდია ალბათობა, საქართველოში შეგროვებული ცნობები ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს.
    თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ხდება თუ არა ასე სინამდვილეში? ამის დამოუკიდებლად გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა.
  • წყარო: radiotavisupleba.ge
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა