ობიექტი ჩინეთის სინძიანის რეგიონში
ჩინეთმა დაიწყო მის თანამედროვე ისტორიაში ატომური ინფრასტრუქტურის უმსხვილესი გაფართოება. რუსეთის და მონღოლეთის საზღვრებთან ახლოს, სინძიანის უდაბურ რაიონებში პეკინის ქმნის ობიექტების მასშტაბურ ქსელს სტრატეგიული ატომური ძალებისთვის – ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
ახალი ინფრასტრუქტურა შენდება ხამის ოლქის გამშვები შახტების გვერდით – ანუ ჩინეთის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების განლაგების ერთ-ერთ მთავარ ცენტრთან. ამ რაკეტებს აქვთ აშშ-ის ტერიტორიაზე ჩაღწევის შესაძლებლობა. ანალიტიკოსების შეფასებით, პროექტის მიზანია ჩინეთს შეუნარჩუნდეს საპასუხო დარტყმის პოტენციალი იმ შემთხვევაშიც, თუ პირველ დარტყმას მოწინააღმდეგის მხრიდან მიიღებს.
Reuters-ის მონაცემებით, კომპლექსი მოიცავს 80-ზე მეტ ბეტონის სასტარტო მოედანს, სამ მსხვილ რვაკუთხიან ობიექტს, ათობით გამაგრებულ ბუნკერს, მიწისქვეშა კომუნიკაციებს, თანამგზავრის კავშირის კვანძებს, სარკინიგზო გზებს, აეროდრომებს და იარაღის საწყობებს. ყველა ობიექტი ერთმანეთთან დაკავშირებულია გზების და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ქსელით, რომელიც მოიცავს ათასობით კვადრატული მეტრის ტერიტორიას.
ექსპერტები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ სამ რვაკუთხიან კომპლექსზე. ანალიტიკოსების შეფასებით, ისინი შესაძლოა გამოიყენონ მობილური სარაკეტო კომპლექსების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადიოელექტრონული ბომბების და სტრატეგიული ატომური ძალების მართვის სისტემების განთავსებისთვის.
პენტაგონის მონაცემებით, ჩინეთი ამჟამად ყველა სხვა ქვეყანაზე სწრაფად ზრდის თავის ბირთვულ პოტენციალს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დეკემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის ჩინეთში ატომური ქობინების რიცხვმა შესაძლოა 1000-ს მიაღწიოს.
პარალელურად, ჩინეთი ავითარებს ადრეული გაფრთხილების სისტემას Huoyan-1. აშშ-ის მონაცემებით, სისტემას საშუალება აქვს 90 წამის განმავლობაში დაადგინოს კონტინენტთაშორისი რაკეტების გაშვება და ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია სარდლობას.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუვრცელებია Reuters-ის პუბლიკაციაზე.
წყარო: radiotavisupleba.ge










