კრიტიკულად მნიშვნელოვანი წელი საქართველოს მომავლისა და დემოკრატიული პროგრესისთვის – ასე აფასებენ ამერიკელი კანონმდებლები და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მომდევნო რამდენიმე თვის მნიშვნელობას ქვეყნის დასავლური პერსპექტივისთვის.
“ჩემთვის ძალიან ძნელი გასაგებია, რატომ არ უსმენს საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს, რომელსაც ნათელია, რომ არ სურს ის მიმართულება, საითაც ის მიდის“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა სამშაბათს სენატში გამართული მოსმენისას. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა კი თქვა, რომ ერთადერთი, ვინც საქართველოში განვითარებული მოვლენებით და პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობით კმაყოფილია, რუსეთია. საქართველოს მთავრობამ კი, მისი თქმით, უნდა გაიგოს, რომ ვაშინგტონში ორივე პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, ქვეყანა მცდარი მიმართულებით მიდის.
“საქართველო ითხოვს შეუერთდეს იმ კლუბებს, რომელთაგან ერთის წევრი ვართ, მეორე კი – ჩვენი მთავარი პარტნიორია. და ისინი ვერ შეცვლიან, ვერ გადაწერენ იმ წესებს, რომლებიც ამ კლუბებში გაწევრიანებისთვისაა საჭიროა“, – ამბობს ო’ბრაიენი.
კონგრესმენებმა გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ბევრად მეტი ისაუბრეს და „ქართულ ოცნებას“ გაუმეორეს, რომ დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლა, უპასუხოდ არ დარჩება. მოქალაქეების იმ უმრავლესობას კი, ვისაც დასავლური მომავალი სურს, კანონმდებლები ჰპირდებიან, რომ ამ გზაზე მხარდაჭერის გარეშე არ მიატოვებენ.
ეს არის ერთგვარი გამოღვიძების პროცესის ნაწილი ამერიკის ოფიციალური პირების მხრიდან იმის თაობაზე, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, არ არის კარგი“,
– ლუკ კოფი
ვაშინგტონში რეგიონის მკვლევრები ფიქრობენ, რომ კონგრესში გამართული მოსმენა ძალიან პირდაპირი და ცალსახა გზავნილი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებაზე, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობენ.
„კიდევ ერთი შეხსენება, რომ კონგრესის და ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციის შეფასებით, ივანიშვილს საქართველო მცდარი მიმართულებით მიჰყავს” – ასეთია ანალიტიკოსების შეფასება.
“ვფიქრობ, ეს მოსმენა საყურადღებო ღონისძიება იყო, დადებითი მოვლენა. აღსანიშნი, თუმცა არა გასაკვირი, რადგან უკვე დიდი ხანია კონგრესის ორივე პალატაში შეშფოთებულნი არიან “ქართული ოცნების” ავტორიტარული მოძრაობით“, – ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.
“ესაა განგრძობითი მაღალი დონის ყურადღება კონგრესში, ასევე, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს მხარდაჭერით, ივანიშვილის საქართველოში პოლიტიკის დამაზიანებელი მიმართულებით ცვლილების თაობაზე… ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია ფიქრობენ, რომ ივანიშვილს საქართველო მცდარი მიმართულებით მიჰყავს“, – ამბობს ჰერბსტი.
წყარო: amerikiskhma.com