საქართველო უფრო დამთრგუნველი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და წარმოადგენს სვლას ავტორიტარიზმისკენ – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.
ეს განცხადება ევროპელმა პოლიტიკოსმა ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შემდეგ გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რის გამოა შეჩერებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ბორელი ამბობს, რომ მომავალი არჩევნები გადამწყვეტი გამოცდაა ქართული დემოკრატიისა და ინტეგრაციისთვის:
“საქართველოში უფრო დამთრგუნველი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და წარმოადგენს სვლას ავტორიტარიზმისკენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას ევროკომისია იღებს. ამიტომ,დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რაც იქნება გადამწყვეტი გამოცდა ქართული დემოკრატიისთვის და მისი ევროინტეგრაციისთვის.” განაცხადა ბორელმა.
ლუქსემბურგში მიღებულია სპეციალური დოკუმენტი საქართველოს შესახებ. ეს დოკუმენტი ევროპელი ლიდერების სამიტს გადაეცემა განსახილველად. Reuters წერს, რომ EU-ს ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ – სავარაუდოდ სწორედ ეს პოზიცია აისახება აღნიშნულ დოკუმენტში.
ევროპული საბჭოს სამიტი 17-18 ოქტომბერს გაიმართება.