მთავარიმსოფლიო„პუტინი პატივისცემას კარგავს“ - როგორ შეარყია ომმა და ინტერნეტის ბლოკირებამ რუსეთში ხელისუფლებისადმი...

„პუტინი პატივისცემას კარგავს“ – როგორ შეარყია ომმა და ინტერნეტის ბლოკირებამ რუსეთში ხელისუფლებისადმი ნდობა

ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო

პუტინი მოსახლეობის პატივისცემას კარგავს, რუსული ავტოკრატია კი საარჩევნო რეჟიმიდან სამხედრო დიქტატურისკენ მიექანება – ასე აფასებს რუსეთის დღევანდელ მდგომარეობას “კარნეგის ცენტრის” მკვლევარი ალექსანდრ ბაუნოვი. მისი თქმით, კრემლი დგას მორიგი არჩევანის წინაშე: ნაკლები რეპრესია თუ მეტი რეპრესია.

ალექსანდრ ბაუნოვი – ყოფილი რუსი დიპლომატი, ბერლინის კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარი, რომელიც იკვლევს პუტინის რუსეთს და ავტორია 2023 წელს გამოცემული წიგნისა „რეჟიმის დასასრული: როგორ დასრულდა სამი ევროპული დიქტატურა“. წიგნში განხილულია XX საუკუნეში ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის ავტოკრატიების დაცემის ანატომია. ალექსანდრ ბაუნოვის თქმით, ეს წიგნი „ავტოკრატიაში მცხოვრებმა ავტორმა სხვა ავტოკრატიებში მცხოვრები ადამიანებისთვის დაწერა“.

ალექსანდრ ბაუნოვი
ალექსანდრ ბაუნოვი

რადიო თავისუფლების პროექტ The CurrentTimes-თან საუბარში მკვლევარი ერთმანეთს ადარებს პუტინის, ფრანკოსა და სალაზარის რეჟიმებს, თანამედროვე რუსეთსა და გვიანდელ საბჭოთა კავშირში რეპრესიულობასა და ტოტალიტარიზმის დონეებს და ცდილობს ახსნას, სწორედ ახლა რატომ იბადება რუსეთის საარჩევნო ავტოკრატიის შიგნით სრულფასოვანი სამხედრო დიქტატურა.

„პუტინი ჩვენ თვალწინ კარგავს მოსახლეობის პატივისცემას“

— თქვენს წიგნში ფრანცისკო ფრანკოსა (ესპანეთის მმართველი 1939–1975 წლებში) და ანტონიუ სალაზარზე (პორტუგალიის მმართველი 1932–1968 წლებში) წერთ, რომ ინსულტის შემდეგ სალაზარი ფაქტობრივად ნომინალურ ფიგურად იქცა, თუმცა კვლავაც სჯეროდა, რომ პორტუგალიის მთავრობის მეთაური იყო, მაშინ როცა რეალური ხელმძღვანელი უკვე მარსელუ კაეტანუ გახლდათ. როგორც თქვენ ამბობდით, სალაზარისთვის სპეციალურ გაზეთებსაც კი ბეჭდავდნენ: მას ამერიკელები არ უყვარდა, ამიტომ ამ გაზეთებში მთვარეზე ადამიანის დაშვების შესახებ არაფერს წერდნენ. იმის გათვალისწინებით, რაც პუტინისა და მისი მსოფლმხედველობის შესახებ ვიცით, რისი თქმა შეიძლება – რამდენად იმყოფება ის რეალობისგან მსგავს იზოლაციაში?

— სალაზარი – ეს არის დიქტატორის დილემის უკიდურეს, თითქმის აბსურდამდე მიყვანილი მაგალითი. ეს დილემა იმაში მდგომარეობს, რომ დიქტატორმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ინფორმაცია უნდა შეზღუდოს. მაგრამ თუ ის იწყებს ინფორმაციის სხვებისთვის შეზღუდვას, ადრე თუ გვიან ამ შეზღუდვას საკუთარ თავზეც ავრცელებს.

ანტონიუ დი სალაზარი
ანტონიუ დი სალაზარი

სალაზარის შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ დიქტატორის დილემის შედეგი არ იყო. ამას მისი ავადმყოფობაც განაპირობებდა. თუმცა ეს ინფორმაციული ბუშტის ჩამოყალიბების უკიდურესი გამოვლინებაა. შეუძლებელია ინფორმაციის ცირკულაცია მხოლოდ სხვებისთვის შეზღუდო და ბოლოს თავად არ იქცე ინფორმაციული იზოლაციის ობიექტად.

ზუსტად ამას ვხედავთ დღეს ვლადიმირ პუტინის მაგალითზე. ასევე ვხედავთ, როგორი რეაქცია ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეებს ვიქტორია ბონიას ვიდეოზე. მოქალაქეები პოზიციიდან — „ხელმძღვანელობამ უკეთ იცის“ — უცბად გადავიდნენ პოზიციაზე — „ხელმძღვანელობა ვერაფერს ხედავს“.

ეს კი ხელისუფლებისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაა. როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ „ხელმძღვანელობა ვერაფერს ხედავს“, ისინი ხელისუფლების პატივისცემას კარგავენ. ეს თავისთავად რევოლუციურ სიტუაციად არ გარდაიქმნება, მაგრამ ადამიანები წყვეტენ გაერთიანებას იმ ფიგურის გარშემო, რომელიც სიმბოლურ რესურსს, თუ გნებავთ, სიმბოლურ კაპიტალს კარგავს. მოსახლეობის პატივისცემა სახელმწიფოს პირველი პირის მიმართ სიმბოლური კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი მმართველისთვის — დემოკრატიულისთვისაც კი, ხოლო ავტოკრატისთვის განსაკუთრებით. და პუტინი ამ კაპიტალს ჩვენ თვალწინ კარგავს.

ეს არ ნიშნავს, რომ პატივისცემასთან ერთად ძალაუფლებასაც კარგავს. თუმცა უდავოა, რომ მის გარშემო არსებული მმართველი კოალიციის სიმტკიცე მცირდება. მმართველი კოალიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტოკრატი იყოს მათი დამცველი და მათი გადარჩენის გარანტი. როგორც ვხედავთ, პუტინი თავისი გარემოცვის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უკვე აღარ არის ასეთი გარანტი. ამიტომ ისინი იწყებენ ახალ შესაძლებლობებსა და სცენარებზე ფიქრს.

ალექსეი ალექსანდროვი

წყარო: radiotavisupleba.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოზე დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს "მკაფიოდ განუმარტეს, რა არის საჭირო ამერიკის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა