შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაროგორ დაიცავს საქართველოს ამერიკული ბაზა  – გენერლების არგუმენტები

როგორ დაიცავს საქართველოს ამერიკული ბაზა  – გენერლების არგუმენტები

როგორც კვლევები ადასტურებს, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნატო–ს ქოლგის ქვეშ ხედავს, რასაც წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსი სჭირდება და ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანი პერსპექტივაა. როდესაც მეზობლად აგრესიული სახელმწიფო გყავს, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, ხოლო შენ უსაფრთხოების სისტემა არ გფარავს, ცხადია, მოწყვლადი ხარ, ამიტომ საექსპერტო წრეებში ხშირად კეთდება აქცენტები მცირე ალიანსების და ორმხრივი ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებაზე, რომელიც სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში ალიანსის წევრობის მიზანთან. ამ კუთხით ერთ–ერთ საუკეთესო გამოსავლად საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება სახელდება ხოლმე.

თემა მორიგ ჯერზე გახდა აქტუალური, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საკითხის მნიშვნელობის დაკნინება სცადა. კერძოდ, „მთავარმა არხმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ მზად იყო საქართველოში სრულფასოვანი სამხედრო ბაზის განსათავსებლად, რომ ამ წინადადებით სტუმრობდა ქვეყანას 2021 წელს პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, თუმცა „ქართული ოცნებისგან“ უარი მიიღო. ინფორმაციის კომენტირებისას მან ერთის მხრივ ცნობის ნამდვილობა უარყო, მეორეს მხრივ, თავად თემის მნიშვნელობის დაკნინება სცადა: „ლიკა, ვიღაც გვარი ეწერა, რომელიც არის ამ ამბის გამავრცელებელი, ეს ხომ არასერიოზულია?! მეორე, ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატო-ს ქოლგა. რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა, ზოგადად, არ არის უსაფრთხოების გარანტია. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, წყარო არის სასაცილო, დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არ ღირს. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ? ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული“.

ამავე თემაზე: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?

შარაშენიძე: თუ გადაწყვეტენ, ამერიკული ბაზა განათავსონ ვთქვათ, გორთან – რუსების ცხვირწინ, ეს აბსოლუტურად შეცვლის ყველაფერს

ამ კონტექსტში ხშირად იხსენებენ 2008 წლის ომს, როდესაც საქართველოში საფრანგეთის ელჩი მივიდა საჩხერის სამთო მომზადების ცენტრში, აღმართა საფრანგეთის დროშა და ბაზაზე დარჩა.

„რუსებმა კარგად იცოდნენ, რომ ეს არა ფრანგული, არამედ ქართული ბაზა იყო, ფრანგების მონაწილეობით აშენებული, მაგრამ მოერიდნენ“,– გაიხსენა „აქცენტთან“ გენერალმა გიორგი სურმავამ.

გენერალ ვახტანგ კაპანაძეს “აქცენტთან” მაგალითად კიდევ ორი ფაქტი მოჰყავს საქართველოს ახლო წარსულიდან:

  • „როდესაც 2008 წელს ერაყიდან ქართული დანაყოფი ჩამოიყვანა ამერიკულმა თვითმფრინავმა, თვითმფრინავი დაჯდა თბილისის აეროპორტში. იყო ინფორმაცია და საშიშროებაც, რომ რუსებს დაებომბათ დანაყოფი. ამერიკული თვითმფრინავი აეროდრომიდან არ გასულა, ვიდრე ბოლო ჯარისკაცი არ გაიყვანეს, რათა დარტყმები არ განხორციელებულიყო.
  • ამავე პერიოდში ამერიკული ხომალდი შემოვიდა ბათუმის პორტში. მან პირობითად შემოიტანა ჰუმანიტარული დახმარება, თორემ ყველამ ვიცით, რისთვისაც შემოვიდა – ის იყო შემაკავებელი, არ მიეცა რუსებისთვის საშუალება, განეხორციელებინათ შემდგომი აგრესია“.

უსაფრთხოების რა კომპონენტები სდევს თან სამხედრო ბაზის განთავსებას, გენერალ სურმავას თქმით, ეს შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული.

„კუბაშიც არის ამერიკული ბაზა, მაგრამ ის სულაც არ იცავს კუბას“,– ამბობს გენერალი და განაგრძობს, რომ თუ ვალდებულებებში იქნება გათვალისწინებული მაგალითად, საჰაერო სივრცის დაცვა ან სხვა რამ, ამის მიხედვით იმოქმედებს შეთანხმების მხარე:

„ეს უნდა იყოს გაწერილი, უნდა შევთავაზოთ. რეალურად, კუბა გამონაკლისია: ამერიკას უმეტესად ბაზები აქვს ქვეყნებში, რომელთანაც პარტნიორულ დამოკიდებულებაშია და რაღაც ვალდებულებებიც აქვს ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, თუ აქ ბაზა გაიხსნა, იქნება დატვირთული გარკვეული ვალდებულებებით უსაფრთხოების კუთხით.მაგალითად, როდესაც ავღანეთიდან გამოდიოდნენ [ამერიკელები], იყო საუბარი, რომ აქ გაკეთებულიყო ლოგისტიკური ჰაბი. ეს ცხადია, ვერ უზრუნველყოფდა საჰაერო თავდასხმისგან დაცვას, მაგრამ ამერიკა იღებდა ვალდებულებას, რომ სხვა ძალებით დაიცავდა და არა უშუალოდ იმ ბაზის ძალებით“.

გენერალი დარწმუნებულია, რომ „ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს საკითხი მომგებიანია. ეს მეტყველებს, რომ ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესი მაღალია“:

„ბაიდენის მმართველობის დასაწყისში ეს თემა მინავლებული იყო. ომმა და აშშ–თურქეთის ურთიერთობების სხვა მოცემულობაში გადასვლამ, გააღვივა ინტერესი შავი ზღვის მიმართ და ეს უნდა გამოვიყენოთ. თუ არ გამოვიყენებთ, ისინი თავიანთ ინტერესებამდე მივლენ და ამით დაკმაყოფილდებიან, ჩვენიც რომ ჩავრთოთ, ჩვენივე აქტიურობაა საჭირო. რომ შევაჯამოთ, ბაზის განთავსება კარგი იქნება და ამას თან არ უნდა ახლდეს ანტიამერიკული კამპანია“.

ბაზის მნიშვნელობის თაობაზე კოლეგის მოსაზრებას იზიარებს გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე და სვამს კითხვას, ბაზის არსებობა რაში შეგვილიდა ხელს?

„საქართველოში ფუნქციონირებს ნატო–ს მომზადების სკოლა. ძალიან კარგად მახსოვს რუსების რეაქციები: „გახსნას არ დავუშვებთო“ და ა.შ. იყო აქტიური მუქარები. რამე გააკეთა რუსეთმა ამის საწინააღმდეგოდ? არა. ასევე გემახსოვრებათ მუქარები ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ, მუშტების ქნევის გარდა არაფერი მოჰყოლია.

ბაზის არსებობის შემთხვევაში უფრო აქტიურად იქნებოდა შესაძლებელი ურთიერთქმედება, ერთობლივი სწავლებების განხორციელება, ვიდრე ევროპის სარდლობიდან ძალების გადმოსროლა და აქ სწავლების ჩატარებაა. როდესაც ნატო–ზე ვსაუბრობთ, ამერიკა ალიანსის წევრი ქვეყანა არ არის?! შესაბამისად, ნებისმიერი საფრთხის შექმნა ამერიკული ბაზისთვის გამოწვევა იქნებოდა ნატო–სთვის. ამერიკელები აქტიურად მონაწილეობენ კონვენციური საბრძოლო მოქმედებებისთვის ქართული ბატალიონების მომზადებაში. შესაბამისი სასწავლო ცენტრიც არსებობს ვაზიანში. ეს ქმნის საფრთხეს?“,– ამბობს გენერალი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავად საფრთხეს ვერ ხედავს: ბაზა, ან მოწინავე დასაწყობება, რაზეც ადრეც იყო საუბარი 2014 წელს, რომ საქართველოში შეინახებოდა ამერიკული დანაყოფების აღჭურვილობა და მხოლოდ პირადი შემადგენლობა ჩამოვიდოდა სწავლებების განსახორციელებლად, იქნებოდა გაცილებით იაფი და ეფექტური“.

გენერალი დასკვნის სახით ამბობს, რომ არა თავად ბაზა, ბაზის არსებობა იცავს – ბაზის არსებობა არის პოლიტიკურ–სამხედრო მნიშვნელობის, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში. მეორე – მისი არსებობა უკვე შემაკავებელი ფაქტორია პოტენციური აგრესორისთვის:“ახლა საქართველოში ნატო–ს სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს. იქნებოდა მეტი ბაზა და ჩართულობაც იგივე ნატო–ს მიმართულებით – აშშ ნატო–ს წევრი ქვეყანაა“.

წყარო: https://accentnews.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა