Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით სამი ყოფილი, ერთი მოქმედი სეპცრაზმელის და ასევე შსს-ს დაცვის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “პასუხისმგებლობა არ უნდა დასრულდეს სამართალდამცავი ორგანოს ხუთი თანამშრომლის ბოლოდროინდელი დაპატიმრებით”, რომელიც დაგვიანებით მოხდა.
2024 წლიდან საპროტესტო აქციებზე დარბევის დროს პოლიციის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ ძალის ფართოდ გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა არ უნდა დასრულდეს სამართალდამცავი ორგანოს ხუთი თანამშრომლის ბოლოდროინდელი დაპატიმრებით, რომელიც უკვე 17 თვის დაგვიანებით მოხდა. Amnesty International-მა დააფიქსირა ძალის უკანონო გამოყენების და სავარაუდო წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათობით შემთხვევა, ასევე მძიმე დაზიანებები – მათ შორის ძვლების მოტეხილობები – იმ პირებისთვის, რომლებიც უბრალოდ ახორციელებდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს. ასობით მომიტინგე უჩიოდა ასეთ მოპყრობას. სამართლიანობა ნიშნავს ყველა ამ შემთხვევისთვის პასუხისმგებლობას,” – წერია განცხადებაში.
Amnesty International-ის განცხადებით, მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში, ან იმ ფაქტს, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათობით შემთხვევა ეფექტური გამოძიების გარეშე რჩება.
გენერალური პროკურორის გამოძიება უნდა გავრცელდეს ყველა იმ პირზე, ვინც ეჭვმიტანილია პასუხისმგებლობაში, მათ შორის მათზე, ვინც გასცა ბრძანებები და ვინც არ შეასრულა ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების მოვალეობა. აუცილებელია, რომ ანგარიშვალდებულება იყოს მთელი სარდლობის ჯაჭვის მასშტაბით და პოლიციის უკანონო ქმედებების ყველა დაფიქსირებული შემთხვევისთვის,” – წერია განცხადებაში.










