მთავარიმსოფლიოEurobarometer: ევროპელების 75% ევროკავშირს სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს, 83% კი ცხოვრების ხარისხით კმაყოფილია

Eurobarometer: ევროპელების 75% ევროკავშირს სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს, 83% კი ცხოვრების ხარისხით კმაყოფილია

ევროპარლამენტი სოციოლოგიური კვლევის, Eurobarometer-ის ახალ შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტი ევროკავშირის მოქალაქეების განწყობებს ასახავს და უსაფრთხოებას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების დონესა და ბლოკის პოლიტიკურ პრიორიტეტებს ეხება.

გამოკითხვის თანახმად, თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე, ევროპელების 75% ევროკავშირს სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს. ამასთან, რესპონდენტთა 74% აცხადებს, რომ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში წევრობას დადებითი სარგებელი მოაქვს.

უსაფრთხოება და გლობალური როლი

კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეები ბლოკის მხრიდან უსაფრთხოების ფუნქციის გაძლიერებას ითხოვენ:

  • 68% მიიჩნევს, რომ გლობალური კრიზისებისა და საფრთხეებისგან მოქალაქეების დაცვის საქმეში ევროკავშირის როლი მომავალში უფრო უნდა გაიზარდოს;
  • 73% მხარს უჭერს ბლოკისთვის დამატებითი ბერკეტებისა და საშუალებების მინიჭებას გლობალურ გამოწვევებთან საბრძოლველად.

რაც შეეხება უშუალო პრიორიტეტებს, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ყურადღება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე უნდა გაამახვილოს, ხოლო 35% მთავარ ამოცანად ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ასახელებს.

პესიმიზმი და ცხოვრების დონე

ბოლოდროინდელმა საერთაშორისო მოვლენებმა ევროპელების მოლოდინებზე უარყოფითი გავლენა იქონია. გამოკითხულთა 58% მსოფლიოს მომავალს პესიმისტურად აფასებს. ამასთან, რესპონდენტთა 44% თავის ამჟამინდელ განწყობას „გაურკვევლობად“ ახასიათებს.

ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებით მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 83% აცხადებს, რომ თავისი ცხოვრების მიმდინარე დონით კმაყოფილია, ხოლო 17% უკმაყოფილებას გამოთქვამს;
  • მომავალ წლებში ცხოვრების პირობების გაუარესებას ელოდება გამოკითხულთა 29%, 50% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, ხოლო 18% გაუმჯობესების პროგნოზს აკეთებს.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ფუნქციონირებით კმაყოფილია გამოკითხულთა 59%.

ცნობისთვის, Eurobarometer-ის კვლევა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში ჩატარდა. სააგენტო Verian-მა, პირისპირ და დისტანციური ინტერვიუების მეთოდოლოგიით, სულ 26 421 რესპონდენტი გამოკითხა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპის მემარჯვენე შემობრუნება: უკრაინის ომი, საქართველოს მომავალი და დასავლეთის ბედი — ვინ გაძლიერდება და ვინ დასუსტდება?

თუ საფრანგეთსა და გერმანიაში რადიკალური მემარჯვენე ძალები ხელისუფლებაში მოვლენ და მათი პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერის შემცირებასა და რუსეთთან დაახლოებას დაეფუძნება, ეს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ საერთაშორისო...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა