ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ვაშინგტონმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. მთავრობის ქმედება ანტიკონსტიტუციურად შეფასდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად წუხს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ გადამეტებული ძალის გამოყენებას ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ღალატს – ევროკავშირი დამცავი საყრდენია კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან,“ – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი X-ზე.


ვაშინგტონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და NATO-ში სრულ ინტეგრაციაზე, რომელიც გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში.


„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო გახადა უფრო მოწყვლადი კრემლის პირისპირ.


ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი დარჩეს.


„ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რომლებიც ეფუძნებოდა საერთოღირებულებებსა და ვალდებულებებს: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი.


კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს,“ წერია განცხადებაში, რომელიც თავის მხრივ, სპიკერ მეთიუ მილერის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.


ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს NATO-ში მისწრაფებისადმი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს.


ცნობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში 2009 წლის 9 იანვარს, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს მხრიდან იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.


სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ საგარეო უწყების ვებგვერდზე შემდეგი ინფორმაციაა მოცემული:

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში ხელმოწერილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიამ.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზმს. აღნიშნული თანამშრომლობის მექანიზმით გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატია და მმართველობა; უსაფრთხოება და თავდაცვა; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.


ქარტია, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საშუალებას იძლევა ყველა ზემოხსენებული მიმართულებებით გაფართოვდეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები. ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა.


სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, 2019 წლის 11 ივნისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპები და ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი.


დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა