ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებააფხაზები: „ჩვენი ყველაზე დიდი მტერი რუსეთია... გვჭირდება დიალოგი ქართველებთან“

აფხაზები: „ჩვენი ყველაზე დიდი მტერი რუსეთია… გვჭირდება დიალოგი ქართველებთან“

აფხაზეთის მომავალი თავად აფხაზების ხელშია. ასე ვიტყოდი სულ რაღაც ორი წლის წინ – მანამ, სანამ ვითარება ელვის სისწრაფით დაიწყებდა გაუარესებას. და აქ ცხოვრების დაბალი დონე, მაღალი ფასები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობის ზრდა და ტოტალური უკანონობაც კი არ მაქვს მხედველობაში. მხედველობაში მაქვს სახელმწიფოს მომავალი, რომელსაც, ჩემი მოკრძალებული შეფასებით, მოსკოველი ბატონები მიზანმიმართულად ანადგურებენ.

პრობლემები ყოველთვის იყო. მხოლოდ ზარმაცი არ საუბრობდა კორუფციაზე, გატაცებებზე, მკვლელობებსა და მთლიანობაში საზოგადოების სისტემურ რღვევაზე. ბოლო ორმა წელმა კი ყველა ამ მიმართულებით მთელი წინა პერიოდი გადაფარა. და თუ ზემოაღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, ახლა, როდესაც რუსული სახელმწიფო მანქანა საქმეში მთელი ძალით ჩაერთო, აფხაზებს წინააღმდეგობის გაწევის სულ უფრო მცირე შანსები გვრჩება.

მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ის შემაშფოთებელი პროგნოზი, რომელსაც ჯერ კიდევ წლების წინ ვაკეთებდი, გამართლდა. რუსმა მაღალჩინოსნებმა თავისი რეალური ზრახვების მალვას თავი დაანებეს და აფხაზეთის ტერიტორიის მიტაცებას შეუდგნენ. და თუ აქამდე ეს „მეგობრობისა და დახმარების“ საფარქვეშ კეთდებოდა, ახლა მუქარა და შანტაჟი ჩვეულ მოვლენად იქცა. ერთადერთი, რაშიც აფხაზეთს უმართლებს, ისაა, რომ სხვა ადგილებისგან განსხვავებით, რუსები აქ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღს არ იყენებენ… ჯერ არ იყენებენ.

აფხაზური მიწების მისაკუთრების რუსული გეგმა ამჯერად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების საფარქვეშ ხორციელდება, რომელთა შედეგად საუკეთესო ზღვისპირა (და არა მარტო) მიწები რუსული სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის. ამის მაგალითი, სამწუხაროდ, უკვე ბევრია: ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი, სოხუმის აეროპორტი, რუსული ტურისტული ანკლავები ბიჭვინთასა და გაგრაში…

როცა ამის შესახებ ვწერდი და ხალხს კატასტროფის მოახლოების შესახებ ვაფრთხილებდი, ხელისუფლებაცა და ოპოზიციის ვაი-პატრიოტი ნაწილიც „რუსეთის ძმური სიყვარულისა“ და „რუს ხალხთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის“ შესახებ განცხადებებით მპასუხობდა. ახლა რას იტყვით, ბატონებო? ჯერ კიდევ გჯერათ იმ რუსების „ქველმოქმედების“, რომლებიც მილიარდებს გჩუქნიდნენ და „სამუდამო ძმობას“ გეფიცებოდნენ?!

„სულ ვამბობდი, რომ რუსების ნდობა არ შეიძლებოდა, მოვუწოდებდი, ყურადღება მიექციათ რუსი სამხედროებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების რაოდენობის ზრდისთვის, მაგრამ არავინ მისმენდა. ახლა ბევრი მახსენებს საკუთარ სიტყვებს და ნანობს, რომ არ დამიჯერა“ – ამბობს ჩვენი რესპონდენტი მიზანი.

ჩვენი კიდევ ერთი თანამოსაუბრის – ალისას აზრით, რაც აფხაზეთში ხდება, ხელისუფლების გულგრილობის შედეგია – როგორც ყოფილის, ისე ამჟამინდელის, რომლებიც პირადი სარგებლის მისაღებად აფხაზეთს რუსეთს აბარებდნენ. „და რას ველოდით რუსებისგან, რომლებიც წლობით გვკვებავდნენ?! ჩვენი ხელმძღვანელობები გამუდმებით ჩადიოდნენ მოსკოვში გაწვდილი ხელით და საკუთარი ჯიბეების მილიონებით ამოსავსებად რუსების ყველა პირობას სთანხმდებოდნენ, ახლა კი ვალის გადახდა ჩვენ გვიწევს. რუსებს ფეხებზე ჰკიდიათ აფხაზი ხალხი, მათ ჩვენი მიწა სჭირდებათ უჩვენოდ. აფხაზებსა და რუსებს შორის ძმობა, მეგობრობა და სიყვარული არასოდეს ყოფილა და არც მომავალში იქნება“ – დარწმუნებულია ალისა.

რუსეთში გამუდმებით გამოდიან მაღალი რანგის ჩინოსნები განცხადებებით, რომ აფხაზეთის კავშირები დიად დერჟავასთან კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გახდეს. ამ კონტექსტში ხან სსრკ-2-ს გვთავაზობენ, ხან საკავშირო სახელმწიფოს. ხოლო ამასწინათ ისიც კი განაცხადეს, „აფხაზეთში მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ოცნებობსო“… წარმოდგენა არ მაქვს, ვის მიაქვს კრემლის დერეფნებამდე აფხაზი ხალხის სახელით მსგავსი ბოდვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. აფხაზები ამ ნაბიჯზე არც „მეგობრობის“, არც „ძმობის“, არც რაიმე სხვა „სოუსით“ წავლენ! ბევრი მათგანი ღიად აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში იარაღსაც აიღებს ხელში, მაგრამ რუსების წინაშე თავს არ დახრის.

„რუსეთის შემადგენლობაში შესვლა გარდაუვალი სიკვდილია. და არა მარტო აფხაზეთის სახელმწიფოსი, არამედ თავად ჩვენი – აფხაზი ხალხისაც! რუსებმა იმდენად დაგვახრჩეს საკუთარ „მოსიყვარულე მკლავებში“, რომ პირველად მრავალი წლის განმავლობაში, მოსახლეობამ დაიწყო ფიქრი ქართველებთან შერიგებაზე, როგორც გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობაზე.

ერთ-ერთი მათგანი ომის ვეტერანი როლანდ აჟიბაა, რომელიც ბათუმში აფხაზური კულტურული ცენტრის გახსნაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი მას სხვა ვეტერანებმაც დაუჭირეს მხარი.

„დიახ, ქართველებთან ომი გვქონდა, დაიღვარა ბევრი სისხლი, მაგრამ იმ დროიდან გასული წლების განმავლობაში მათაც და ჩვენც გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელია მშვიდობა და მეგობრობა. ჩვენ გვჭირდება დიალოგი – დიალოგი არა რუსების შუამავლობით, არამედ პირისპირ. ქართველები აფასებენ ჩვენს ენას, კულტურას… ეს რა, ცოტაა?! რუსებს კი ერთი მიზანი აქვთ – დაეპატრონონ ჩვენს მიწას, პირისაგან მიწისა აღგვგავონ ჩვენც და ჩვენი უძველესი ისტორიის ხსენებაც კი! მე პირადად მათ წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებ და ჩვენს სამშობლოს არ დავუთმობ!“ – ამბობს ჩვენი რესპონდენტი ლაშა.

მის აზრს ჩვენი სხვა თანამოსაუბრეებიც იზიარებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რუსები აფხაზეთს მხოლოდ პრობლემებსა და ტკივილს მოუტანენ, როგორც წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებიათ.

ისტორია აფხაზებს, როგორც ჩანს, არაფერს გვასწავლის, თუკი ამ დრომდე ვერ ამოვიცანით „ძმისა და მეგობრის“ ნიღბის უკან აფხაზეთის ყველაზე დიდი მტერი.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

წყარო: accentnews.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა