ხუთშაბათი, ივლისი 18, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკამიწის გაცვლის სანაცვლოდ, ცხინვალი თბილისს დელიმიტაციის ერთობლივი კომისიის შექმნას სთავაზობს

მიწის გაცვლის სანაცვლოდ, ცხინვალი თბილისს დელიმიტაციის ერთობლივი კომისიის შექმნას სთავაზობს

6 ნოემბრის კირბალის ინციდენტის და თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ ოსური და რუსული მხარეები განსაკუთრებით ააქტიურებენ ე.წ საზღვრის დელიმიტაციის თემას. ეს საკითხი მოსკოვმა და ცხინვალმა ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზეც წამოჭრა. მათი აზრით, თუ საქართველო ვერ აკონტროლებს გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას, მაშინ ცხინვალთან ერთად უნდა ჩაერთოს დელიმიტაციის ერთობლივი კომისიის შექმნასა და მუშაობაში, რაც მომავალში მსგავს ინციდენტებს გამორიცხავს.

ერგნეთის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 12 დეკემბერს, ცხინვალში ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჟენევის დისკუსიის ფორმატში ოსური მხარის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოჩიევმა, რომელმაც თქვა, რომ ე.წ საზღვარზე არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალი ერთობლივი კომისიის მიერ საზღვრის დელიმიტაციაზე შეთანხმების მიღწევა და შემდგომი დემარკაციაა.

მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში გავლებული ადმინისტრაციული საზღვარი იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად არ იყო დადგენილი, ამიტომ მისი აზრით, შესაძლებელია შეთანხმების შემთხვევაში მიწის გაცვლაც მოხდეს.

„სადღაც არის ეკლესიები, სასაფლაოები და სხვა ობიექტები, რომლებიც, ალბათ, შეიძლება ერთმანეთს გავუცვალოთ, რადგან ერთ-ერთ მხარეს დიდი ინტერესი აქვს ამ მიმართულებით. ჯერჯერობით, ქართული დელეგაცია არ არის მზად დელიმიტაციაზე მსჯელობისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივალთ“, – მიიჩნევს დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი.

რუსეთის და ცხინვალის წარმომადგენლების მცდელობა, დაითანხმოს საქართველოს ხელისუფლება ერთობლივი კომისიის შექმნაზე, თუნდაც მიწის გაცვლის პირობით, ეს ფაქტობრივად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი ე.წ საზღვრების აღიარებას ნიშნავს, ეს კარგად ესმის ქართული მხარის წარმომადგენელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ანთაძეს, რომლისთვისაც ეს რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და არსებობს საერთაშორისოდ დადგენილი ერთადერთი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან:

„ამგვარ დისკურსში ცენტრალური ხელისუფლება არასოდეს არ შესულა და არც შევა. არსებობს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა ასევე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 5 მოქალაქის საკითხზეც და თქვა, რომ მათ შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით “არანაირი კონკრეტული დაპირება არ გაჟღერებულა”.

ქართული მხარის მოთხოვნაა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოიჩინოს ჰუმანიტარული მიდგომა და დაკავებულები ახალ წლამდე გაათავისუფლოს. ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.

წყარო: radiotavisupleba.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა წარადგინა აშშ-ის თავდაცვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კონგრესის ვებსაიტზე. „ქალბატონმა შაჰინმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა