შაბათი, ივნისი 15, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაროგორია ანტიდასავლური პროპაგანდა და რა არის რეალობა?

როგორია ანტიდასავლური პროპაგანდა და რა არის რეალობა?

მას შემდეგ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის (EU) წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო საქართველომ ვერა, ქვეყნის მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ თავდაცვის რეჟიმზე გადაერთო. ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე აქტიურად იმართლებენ თავს ხალხისა თუ მედიის წინაშე და იყენებენ რიტორიკას, რომელიც, ხშირად, ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული.

ამ სტატიაში, გვსურს, გამოვყოთ  და გავაქარწყლოთ ის სამი ძირითადი პროპაგანდისტული გზავნილი, რომელსაც მთავრობა იყენებს, რათა რეალობა იმგვარად დაგვანახოს, როგორც მის ინტერესებშია.

პროპაგანდა 1 – დასავლეთი თავად აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას, საქართველოს კი ამის გამო კიცხავს

მიმდინარე წლის მაისში, რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „ვეკითხები ჩვენს ევროპელ, დასავლელ მეგობრებს, თქვენ რომ მეუბნებით, შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლოო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?!

[…] თუ გაინტერესებთ, რა ღირებულების საქონელი შეიძინა, მაგალითად, რუსეთისგან ევროკავშირმა? 2.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა ომის შემდეგ. რა სანქციებზეა საუბარი?!“, – ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადებაც მაისში, ფრენების აღდგენის შემდეგ გააკეთა.

სინამდვილეში, მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან წლებია, იკლებს და 2023 წლის 3 თვეში EU-ის სავაჭრო ბრუნვაში რუსეთის წილი 2.3%-მდეა შემცირებული.

საქართველოსი კი, მიუხედავად წარსულის მწარე გაკვეთილებისა, საგრძნობლად იზრდება და რეკორდულ ნიშნულს აღწევს როგორც 2022 წელს, ასევე 2023 წლის 5 თვეშიც.

ვითარებას ამძაფრებს ფაქტი, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ბაზარზე საქართველო კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა. პარალელურად, ევროკავშირისა და რუსეთის ვაჭრობა ომის დაწყების შემდეგ 3-ჯერ შემცირდა. Eurostat-ის სტატისტიკით, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის მაისამდე  რუსეთის წილი ევროკავშირის იმპორტში 9.5%-დან 1.7%-მდე დაეცა.

პროპაგანდა 2 – არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე არაა

მიმდინარე წლის მარტში პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ იგი არასამთავრობო (NGO) ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებას უზრუნველყოფდა.  გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ამ ორგანიზაციების დაფინანების მიზნობრიობასაც, მაშინ, როდესაც მათი მიზანი ერთია – საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობით.

რეალურად NGO-ის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ისედაც საჯარო, გამჭვირვალე და ხელიმსაწვდომია, პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის, რადგან ყველა ფინანსური ოპერაცია საბანკო სისტემაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად და ყოველწლიურად აბარებენ დეკლარაციებს შემოსავლების სამსახურში თავიანთი ფინანსური აქტივობის შესახებ და, რაც მთავარია, მათივე ვებგვერდებზეც მუდმივად ახლდება ინფორმაცია დონორებსა თუ პროექტებზე.

მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მიმდინარე 7 პროექტიდან, ერთ-ერთი  დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დონორობით ხორციელდება, რომელიც კორუფციის გამძლე მმართველობის სისტემის ხელშეწყობას ცდილობს საქართველოში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ვებგვერდზე კი ვნახულობთ, რომ მიმდინარე 8 პროექტიდან, ერთ-ერთი  გაეროსა და USAID-თან თანამშრომლობით ხორციელდება და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების გამოწვევებისა და საჭიროებების ადვოკატირებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, ორგანიზაცია გალსა და ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.

სხვადასხვა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, ანალოგიური ტიპის პროექტებს ახორციელებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, იქნება ეს სამართალწარმოება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, შრომითი უფლებების დაცვის ადვოკატირება საჯარო სამსახურში თუ სხვა სახის სამართლებრივი პროგრამები.

პროპაგანდა 3 – რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს

თავდაპირველად რუსეთისთვის სანქციების არდაწესებას, მოგვიანებით კი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ დეპუტატები „რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველის“ არგუმენტით ამყარებდნენ.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს არის ფაქტი, რომ 1 მილიონი ეთნიკური ქართველი ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მათი მოძრაობა, მიმოსვლა, ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება,“ – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

საინტერესოა, რომელ წყაროზე დაყრდნობით აკეთებენ მსგავს განცხადებებს ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურში გვითხრეს, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების სტატისტიკა არ აქვთ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათ გვიპასუხეს, რომ მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკის მოწოდება შეუძლიათ, თუმცა კანონით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაში მათ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროსთანაც გადაგვამისამართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არც მათგან მიგვიღია. (ინფორმაციის მოწოდებისთანავე, მასალა განახლდება.)

თუ რუსეთის ფედერაციის 2020 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ვიმსჯელებთ, რუსეთის ტერიტორიაზე 113 687 ქართველი ცხოვრობს. გარდა ამისა, სტატისტიკაში ცალკეა გამოყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა – 8 177 აფხაზი და 323 ოსი.

ჯერ კიდევ 2015 წელს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანი იყო, ყველაზე მეტი ქართველი კი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა – მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევდა, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გახლდათ.

აღსანიშნია, რომ აღნიშნული სტატისტიკა არაოფიციალურია და მას ვერ დავეყრდნობით. როგორც უწყებაში აცხადებდნენ, ქართველების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება, შესაბამისად, ისინი არც საკონსულოს აღრიცხვაზე არიან. ამასთან, საკმაოდ დიდია სხვადასხვა ქვეყანაში მათი გადაადგილების ინტენსივობაც, რაც ზუსტი ოდენობის განსაზღვრას ართულებს.

თუკი ბევრი ქართველი არალეგალურადაა რუსეთში და სწორედ ამიტომ არ არიან აღრიცხვაზე, ფრენების მათთვის აღდგენის არგუმენტი მაინც აზრს მოკლებული და მანიპულაციურია, რადგან, საეჭვოა, არალეგალებს ლეგალური ფრენებით სარგებლობის უფლება ჰქონდეთ.

კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის რუსეთში მყოფი ქართველების შესახებ გაეროს (UN DESA) სტატისტიკაა, ე.წ. მიგრანტთა საერთაშორისო სიები (International migrant stocks), რომელსაც „PMC კვლევითი ცენტრი“ საკუთარ კვლევაშიც იყენებს ერთ-ერთ წყაროდ. გაეროს სტატისტიკა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საერთო რაოდენობის ზოგად, თუმცა არასრულ სურათს გვაძლევს.

UN DESA-ს მონაცემების მიხედვით, ქართველი ემიგრანტების მთავარი მიმღები ქვეყანა 2020 წლისთვის კვლავ რუსეთი გახლდათ და  მათი რაოდენობა 450 ათას ადამიანს შეადგენდა.

რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველის ნარატივს ჯერ კიდევ 2013 წელს აქტიურად იყენებდა ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც ფაქტების გადამამოწმებელი პლატფორმა „ფაქტმეტრი“ წერს, ვერც იმ პერიოდში მოიძებნა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მილიონთან მიახლოებული ან მილიონზე მეტი ქართველის რუსეთში ცხოვრების დამადასტურებელი იქნებოდა.

როგორც ვხედავთ, სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებულ მონაცემებს გვთავაზობს, რაც არაერთი ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას იძლევა. ყველაფერს ის ფაქტიც ართულებს, რომ შესაძლოა რუსეთში არალეგალურად მცხოვრები ქართველები ან ის ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებმაც შიშის ნიადაგზე შეიცვალეს გვარი. ყოველივე ამის ფონზე, გაუგებარია, თუ რა წყაროებს ეყრდნობიან მმართველ პარტიაში, როდესაც ანტიდასავლურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ამას „რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველის“ არგუმენტით ამყარებენ.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფრენების აღდგენა არა რუსეთში მყოფ ქართველებზე, არამედ რუსებისთვის მიმოსვლის გამარტივებასა და ამით ეკონომიკური სარგებლის მიღებაზეა მორგებული.

სტატიიდან ნათლად ჩანს, რომ მთავრობის პროპაგანდისტული მანქანა, ხშირ შემთხვევაში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაერთ ხრიკს მიმართავს და მოცემულობების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მასთან დაკავშირებული ჯგუფებისა თუ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ნებისმიერი პოლიტიკური წარმონაქმნის განცხადებები, ევროკავშირისკენ სავალ გზაზე, ფრთხილ გადახედვას საჭიროებს.

EU-ის დაფინანსებამ საქართველოს უკვე არაერთი სიკეთე მოუტანა, უფრო მეტი სარგებლისა და კანდიდატის სტატუსის მიღებას კი რეკომენდაციების მაქსიმალურად ზედმიწევნით შესრულება ესაჭიროება.

ავტორები: კახი ჩაკვეტაძე, ნათია ლევერაშვილი, თეკლა ადამია.
მასალა შექმნილია ForSet-თან თანამშრომლობით.
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით – ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა