ორშაბათი, ივლისი 14, 2025
Google search engine
მთავარიანალიტიკარუსეთის განცხადებები აფხაზეთზე ანექსიის დაწყების პროცესია – ექსპერტის ანალიზი ქართული პოლიტიკის მძიმე რეალობაზე

რუსეთის განცხადებები აფხაზეთზე ანექსიის დაწყების პროცესია – ექსპერტის ანალიზი ქართული პოლიტიკის მძიმე რეალობაზე

„ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა ან მომავალში შექმნა ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანა თავის სუვერენიტეტს თმობს და კარგავს გარანტირებულ უფლებას ამ ტერიტორიებზე“, – ამბობს კონფლიქტოლოგი გიორგი კობერიძე რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალკე მხარედ ჩართვაზე.

რა პროცესებს იწყებს რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ეგულება თუ არა მოკავშირედ ამ პროცესში „ქართული ოცნება“? – „ბათუმელები“ გიორგი კობერიძეს ამ თემაზე ესაუბრა.


  • მოსკოვი ითხოვს, რომ
     
    ოფიციალური თბილისი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დაეთანხმოს შერიგების გზავნილებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ და გადადგას პრაქტიკულ ნაბიჯები, რაც, რუსეთის განცხადებით, დაეხმარება „სტაბილიზაციას რეგიონში“. რუსული მხარის მტკიცებით, ეს განპირობებულია იმით, რომ კვლავ არსებობს თბილისის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებით ამ რეგიონების დაბრუნების რისკები. რის საფუძველზე საუბრობს რუსეთი რისკების გაზრდაზე, მაშინ, როცა „ოცნების“ მთავრობა მუდმივად „მშვიდობაზე“ საუბრობს?

ამ პროცესში რუსეთის მთავარი მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის იმდენად დასუსტება, რომ მან პრაქტიკულად დაკარგოს თავისი სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ აღადგინოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა.

ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს სახელმწიფოს უფლებაა, საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოოს თავდაცვითი ომი, ან ანტიტერორისტული ოპერაცია ნებისმიერი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს კონტროლს.

ამაზე ოფიციალურად უარის თქმა, ოფიციალურად იმის გაკეთება, რომ ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღოს ყოველგვარი თავდაუსხმელობა და მსგავსი რამ, მანიშნებელია ორი რამის:

პირველი, რომ ქვეყანამ საკუთარი სუვერენული უფლება დათმოს და მეორე – ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების წინაპირობა, რომ თითქოს ეს ტერიტორიები ცალკე ერთეულებია, არ არის ოკუპირებული და საქართველომ უნდა გადადგას აღიარებისკენ მიმავალი ნაბიჯები.

ასეთი ნაბიჯები არა მარტო საქართველოს, ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტს შელახავდა, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი გარანტირებული უფლებაა, საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს ძალა უსაფრთხოების მიზნით, თუკი საჭიროდ ჩათვლის.

  • რუსეთი წლებია მუშაობს იმაზე, რომ ჟენევის ფორმატში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დასვას როგორც კონფლიქტის მხარე საქართველოს პირისპირ. ამით რუსეთი ცდილობს ოკუპანტის როლი მთლიანად გააქროს ამ კონფლიქტიდან?

მე უფრო შორსაც წავიდოდი – ჩემი აზრით, ეს არის არა გვერდზე გადგომის საკითხი, არამედ მიეცეს შესაძლებლობა ელაპარაკოს არა საქართველოს, არამედ სამ სახელმწიფოს. შესაბამისად, მისი მიზანიც ეს არის, რომ შეეძლოს ნებისმიერი რამის რეგულირება, როგორც მთავარმა მომრიგებელმა ამ სამ „სახელმწიფოს“ შორის.

ფაქტობრივად, ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო, ოფიციალური დაშლა, თუკი შეძლებს ე.წ. კონფედერაციული წარმონაქმნის შექმნას. ეს კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს მისცემს რუსეთის ჯარებს ლეგიტიმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რა შავბნელ მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს (რადგან რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში კარგი მიზანი არ გააჩნია), ყველა ამ მიზნის შესასრულებლად საჭიროა, რომ ეს ორი ოკუპირებული ტერიტორია წარმოადგენდეს მხარეს.

განა იმიტომ, რომ კონტროლი არ აქვს რუსეთს მათზე, მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული დისფუნქციონალიზაცია და იმდენად დეგრადირება, რომ ვერაფერზე წინააღმდეგობა ვეღარ გასწიოს და ნებისმიერი რუსული აქტივობა გახდეს ლეგალური საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

  • რუსეთის საგარეოს ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „თბილისმა, სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტია უნდა უზრუნველყოს შესაბამისი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის სახით.“ ანუ კაპიტულაციას გვთავაზობენ?

კაპიტულაციის მუხლია, რადგან აძლევ ლეგიტიმაციას საოკუპაციო ძალას, ესე იგი თმობ სუვერენიტეტს. მინიმალურ ლეგიტიმაციას ამ შემთხვევაში, მაგრამ შემდგომი აქტივობებისთვის ეს ლეგიტიმაცია იქნება აბსოლუტურად განგრძობადი.

სხვათა შორის, რუსეთი ამას ითხოვდა ადრეც, 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან მალევე დაიწყო ამაზე საუბარი, თავიდან საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით ითხოვდა ამ ყველაფერს და ეს მაშინვე პრობლემა იყო.

დღეს რუსეთი თვლის, რომ ისეთი გავლენა აქვს ქართულ პოლიტიკურ ელიტაზე, შეუძლია კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად უფრო ღიად და ხისტად, პირდაპირ დააყენოს ეს საკითხი.

ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა ან მომავალში შექმნა ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანა თავის სუვერენიტეტს თმობს და კარგავს გარანტირებულ უფლებას ამ ტერიტორიებზე.

ეს პრეცედენტულია. რადგან თუკი შენ ამ აქტს აღიარებ, რა, მოტივაცია აღარ ექნება რუსეთს, რომ იგივე პრობლემები სხვა ტერიტორიებთან მიმართებით არ გაგიჩინოს ქვეყნის შიგნით? ეს ნაღმები მას ძალიან მარტივად შეუძლია შექმნას და აამუშაოს.

თუ ქვეყანა, რომელიც საკუთარ სუვერენიტეტს დათმობს და ომში დამარცხების შემდეგ კაპიტულაციის კიდევ ერთ მუხლს, ანუ ყველაზე მძიმე მუხლს იკისრებს – დაკარგული ტერიტორიების სუვერენიტეტს აღიარებს, რუსეთსაც ექნება მოტივაცია, რომ მან გაიმარჯვა და შეუძლია კიდევ ერთი პრობლემა, ნაღმი შეგიქმნას ქვეყანაში.

  • რუსეთი აყენებს საკითხს, რომ თითქოს საქართველო ხელს უშლის ოკუპირებული ტერიტორიების ჰუმანიტარულ ჯგუფში მუშაობას გაეროში. რომ „უკიდურესად პოლიტიზებული რეზოლუცია“ აქვს იძულებით გადაადგილებულ პირებზე. მაშინ როცა თავად მოსკოვი მხარს არ უჭერს დევნილების შინ დაბრუნების რეზოლუციას. პუტინმა ასევე განცხადა, რომ აფხაზეთში, ყოველი მეორე თუ მესამე, რუსეთის მოქალაქეა. რა მიზნები აქვს ამ ყველაფერს?

რუსეთის საბოლოო მიზანი სამხრეთ კავკასიის სრული კონტროლია და სამხრეთ კავკასიის გასაღები არის საქართველო. საქართველოს კონტროლით ის გააკონტროლებს სამხრეთ კავკასიას.

რუსეთისთვის ერთ-ერთი სერიოზული მეტოქეა საქართველო, რადგან არ არსებობს რეგიონში, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაშიც ისეთი ქვეყანა, ან პოლიტიკური ერთეული, იმდენად დიდი პოტენციური პოლიტიკური მიმზიდველობა რომ ჰქონდეს, როგორც საქართველოს აქვს.

ნათელია, რომ საქართველოს მსგავსი მეტოქის ბოლომდე დაჩოქება რუსეთის ამოცანა და მიზანია.

რუსეთს ჯერ კიდევ პეტრე პირველიდან აქვს მისწრაფება ზღვებზე და საზღვაო ტერიტორიების ათვისებაზე. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ქმედებები აფხაზეთთან მიმართებით არის ანექსიის დაწყების პროცესი.

ამ პროცესში რუსეთს სჭირდება საქართველოს გამოფიტვა და გამოშიგვნა, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა იყოს დაჩლუნგებული, ყოველგვარი პრეტენზია მომსპარი, რომ ეს პროცესები წაიყვანოს წინ, ეტაპობრივად, რა თქმა უნდა.

ერთ ღამეში სოხუმის და ცხინვალის ანექსიას ვერ მოახდენს, მაგრამ პროცესზეა აქ საუბარი. პროცესის დაწყებაა ეს მისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს იმ ფორმით, რომ საქართველოში ყველა ჩუმად დარჩეს, ყველას მოტივაცია ჰქონდეს ჩამკვდარი, რაიმე წინააღმდეგობა არ გასწიონ და გააკეთოს ეს ყველაფერი გარკვეული მორჩილების ან გარკვეული სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. შემდეგ, დანარჩენ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ულტიმატუმებით და მუქარებით დაელაპარაკება.

ნათელია ის ფაქტი, რომ რუსეთისთვის არც აფხაზეთში და არც ცხინვალში ქართველების დაბრუნება არ განიხილება. ნათელია ისიც, რომ ის ამ ტერიტორიებს საქართველოსთვის არც მოიაზრებს.  აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის არც საქართველოს მოიაზრებს. იგივე ოჩამჩირის საკითხიც, რასაც დიდი ამბები მოჰყვა თავის დროზე სოხუმში, პრინციპში დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთს უნდა ოჩამჩირე გახადოს კოლონიური ერთეული, სადაც ჩაასახლებს რუს მოსახლეობას, შექმნის რუსულ ბიზნესებს და, რაც მთავარია, ოჩამჩირის საზღვაო ბაზას გახდის მის საზღვაო ერთეულად.

რუსეთის საბოლოო მიზანია, რომ საქართველო იყოს ძალიან სუსტი, ტერიტორიებზე ჰქონდეს დე ფაქტო ანექსია, რომ დე იურე ანექსიაც მოახდინოს და მიიერთოს ოფიციალურად. მაგრამ ამისთვის სჭირდება გარკვეული პროცესები, გზები და ამ პროცესის ნაწილია ეს განცხადებებიც.

მე არ ვიტყოდი იმას, რომ შანსი არაა მიიერთოს-მეთქი, რადგან წარმოუდგენელი ამბები უკრაინასთან მიმართებით, სრულიად რეალისტურად იქცა. მეტიც, შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, როცა საოკუპაციო ხელისუფლება ატარებდა არჩევნებს, მაშინ სხვათა შორის ერთ-ერთი საკითხი იყო ცხინვალის რუსეთთან მიერთება.

პირველი საბოლოო შედეგი უნდა იყოს კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე. ამისთვის ის ცდილობს სომხეთშიც არიოს სიტუაცია. აზერბაიჯანელი მოქალაქეების დარბევაც ვიხილეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ეკატერინბურგში და სხვადასხვა ქალაქში. ამით ის ცდილობს სიგნალები გამოუგზავნოს აზერბაიჯანს, სომხეთს და უთხრას – „თქვენ ვერ გახვალთ ჩემი გავლენის სფეროდან“.

ამას სერიოზული დაძაბულობა მოჰყვა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. სულ რამდენი დღის წინანდელი ამბავია, ხომ?! და მთელ ამ პროცესში, იგივე სოხუმი და ცხინვალი თამაშობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს, რომ მოხდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა.

ეს პირველი ვარიანტი შემაძრწუნებელია, რომ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნას მიეცეს რაიმე ლეგიტიმაცია. ამ ტერიტორიებს შეიძლება მიეცეს მხარედ წარმოჩენის შესაძლებლობა, რადგან მაშინ ისინი იტყვიან, რომ რუსეთი მათი მოწვეული მხარეა ამ კონფლიქტში.

ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ მის მხრიდან იყოს ღია ულტიმატუმი საქართველოსთან მიმართებით.

ამ სცენარების გარდა, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ისეთი მახინჯი სცენარებიც, როგორიცაა კონფედერაციული წარმონაქმნი. ამაზე დიდი ხანია საუბრობს რუსეთი, რომ საჭიროა მსგავსი „ერთობა“, სადაც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ვეტოს უფლება ექნებათ და, შესაბამისად, საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირისკენ ხელს შეუშლის. აქ დამთავრდება ჩვენი სწრაფვა თავისუფალი სივრცისკენ. ორივე მხარეს შეუძლია „მშვიდობის“ გარანტორად რუსული არმიის შემოყვანაც მოითხოვოს.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად გაბედავს ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, რომ ხელი შეუწყოს რუსეთს ამ მიზნის მიღწევაში?

ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი. „აბა, ომი გინდა?“ – „თუ მშვიდობა გინდა, ჩვენ ვართ მშვიდობის გარანტიები“ და ასეთი ნარატივები, პრაქტიკულად საკუთარი მოსახლეობის დემილიტარიზაციაა, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგობის ნებისმიერი უნარის ჩახშობისკენ მიმართული პროცესი. ამას შესაძლოა წინ უძღოდეს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, რუსეთთან სავაჭრო ან პოლიტიკურ კავშირებში კიდევ უფრო მეტად შესვლა და ჩაფლობა; ნეიტრალიტეტის ოფიციალურად გამოცხადება, მსგავსი სამართლებრივი დოკუმენტის მიღება და ძალის გამოუყენებლობის აღიარება.

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთ ღამეში დამდგარი პროცესი და შეიძლება არც დადგეს ეს პროცესი, თუ რაღაც მომენტში „ოცნება“ მიხვდება, რომ ეს გზა დამღუპველია.

ეს ძალიან შავბნელი პროცესია, მაგრამ რუსეთის მცდელობაა, რომ ეს ყველაფერი განახორციელოს და ამას ვხედავთ ჩვენ.

ორი უბედურება შეიძლება მოხდეს. პირველი – თუკი რუსეთი იქნება წარმატებული საქართველოს ხელისუფლების სრულ მარიონეტად ქცევაში, ან პირიქით, თუკი ვერაფერი გააწყო საქართველოსთან, მაშინ შესაძლოა იგივე შედეგის მიღწევის მცდელობა სხვა გზებით სცადოს.

  • მაგალითად?

პუტინმა თქვა, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები არიანო და მან რუსული პასპორტების დარიგებისთვის დიდი ძალისხმევა გაიღო. ახალგაზრდების დიდი ნაწილი წაიყვანა კიდეც რუსეთში და ბევრი მათგანი ფრონტის ხაზზე კვდება უკრაინაში. რუსეთის სამსახურში ჩააყენა და კლავს. ამიტომ თუ ამ ტერიტორიების კოლონიზაციას მოახდენს რუსეთი, განსაკუთრებით აფხაზეთში ზღვის გამო, ეს გაზრდის რუსეთის მხრიდან ულტიმატუმის ენას.

რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ვერაფერს იზამს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში დამარცხდება – გეოპოლიტიკურ გადანაწილებას ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალს და ამ თამაშის ნაწილი იქნება კავკასიის რეგიონი.

  • თქვენ ახსენეთ აფხაზეთში პასპორტების დარიგება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვი, მაგალითად ბათუმში, ბოლო 10 წელში, მოსახლეობის რაოდენობა 53%-ით არის გაზრდილი. ამ აღწერაში შეიყვანეს საქართველოში მყოფი უცხოელებიც. ბათუმის მაგალითზეც კარგად ჩანს, რუსეთის რამდენად ბევრი მოქალქეა ქვეყანაში შემოსული, განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა. ხომ არ იქნება ეს ახალი ნაღმი საქართველოს წინააღმდეგ?

ყირიმში როცა დაიწყეს მოქმედება რუსებმა, იგივე არგუმენტი ჰქონდათ. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან მსგავსი რიტორიკა არახალია, ეს რუსული მიდგომაა, რომელიც მუშაობს.

ამ ეტაპზე, როცა რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია უკრაინაში, ამ თემის გამწვავების მცირე შანსია, თუმცა საფრთხეა ის, რომ რუსეთის მოსახლეობა საქართველოში ისე ცხოვრობს, როგორც სახელმწიფო სახელმწიფოში. ისინი ცალკე არიან, თავიანთი ბარები, გასართობი ცენტრები, ბიზნესები აქვთ, ცალკე ავითარებენ ეკონომიკას, არ ხდება მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში. ეს ძალიან საშიშია.

ბევრ მათგანს შესაძლოა არ ჰქონდეს პროპუტინული განწყობა, მაგრამ, შესაძლოა ძალიან ბევრსაც ჰქონდეს. ოკუპანტი მეზობლის მხრიდან 10 და 100 ათასობით ადამიანის ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთგულება საქართველოს სახელმწიფოსადმი, არის კატასტროფული შეცდომა.

მოგვიანებით ეს შესაძლოა გახდეს პოლიტიკური ან სხვა ტიპის თავის ტკივილი საქართველოსთვის, რადგან ისიც კი არ ვიცით, აღიარებენ თუ არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მინიმალურია იმ ადამიანთა რიცხვიც, ვინც საქართველოშია და რუსეთის პუტინისგან გათავისუფლებას ითხოვს.

ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ლუკაშენკომ – თუ მე აღარ ვიქნები, რუსეთის მხრიდან აგრესიის შანსი გაიზრდებაო.

  • მაგას ხომ „ქართული ოცნებაც“ ამბობს?

„მე არ ვიქნები მაშინ რუსები მოვლენ“, – თუ შენ ამას ამბობ, შენ ხარ რუსი და იმიტომ არ მოდის და არა იმიტომ, რომ შენი გენიალური დიპლომატიური შედეგებით მივიღეთ ეს ყველაფერი.

რუსები დიდი რაოდენობით რომ შევიდნენ ყაზახეთში, მათ მაშინვე შემოჰკრეს განგაშის ზარი. არც შესული რუსების ინტეგრაცია მოახდინეს მარტივად და არც სახლობის უფლება გასცეს. 100-ათასობით რუსია ახლა ყაზახეთში, რომლებსაც ბინადრობის უფლება არ აქვთ.

ფინეთმა საზღვარი ჩაუკეტა მოგვიანებით, ნაწილი წავიდა ლატვიაში და ახლა ისიც აღარ უშვებს, მოლდოვაშიც და სერბეთშიც ყველა მიხვდა, რომ ამის გაგრძელება არ შეიძლებოდა.

საქართველოს კარი კი რუსებისთვის ღიად რჩება, რაც სერიოზული პრობლემაა.

მათ ქართული ენის სწავლის საჭიროებაც კი არ უდგათ, რადგან პრაქტიკულად ყველასთან მათ ენაზე ურთიერთობენ. ეს არის კოლონიური ელიტა. ყველაფრის ფასები მათი ჩამოსვლის შემდეგ გაორმაგდა, რადგან საშუალო ქართველზე მეტი შემოსავალი აქვთ და რაც მეტი იქნება რუსი, მით უფრო გაიზრდება ფასები.

ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სოციალურად და ეკონომიკურადაც მძიმე საკითხი. რაც მეტი წელი გავა, სიტუცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რადგან ეს ადამიანები შექმნიან ეკონომიკურად დაწინაურებულ ელიტურ ჯგუფებს, რომლებიც თავად გადაწყვეტენ რა და როგორ უნდა იყოს.

მით უმეტეს, პრორუსულ ხელისუფლებას მათი გამოყენების საშუალება ექნება თუ მათ მოგვიანებით დაურიგებს მოქალაქეობას და ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ხმის მიცემას შეძლებენ.

  • ბოლოს მაინც გკითხავთ წულუკიანის კომისიაზე. ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს ის, რა კითხვებს სვამს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რას ედავებიან ქართველ გენერლებს. რა შეიძლება გააკეთოს ამ კომისიამ ისეთი, რითაც დაეხმარებიან პუტინის ამ მიზნებს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ?

დაეხმარება ყველაფერში საქართველოს დადანაშაულება. არა მარტო წინა ხელისუფლების, არამედ ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფის, მათ შორის მათი ყოფილი პრემიერის, გახარიასი, რომელიც დაადანაშაულეს ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის ეპიზოდში.

დადანაშაულება ნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, შესაძლოა, გახდეს დანაშაულის საკუთარ თავზე აღების საფუძველი. თუ შენ ხარ დამნაშავე, მაშინ ყველაფერზე პასუხისმგებელიც შენ გამოდიხარ. ეს ყველა შემდგომ მანკიერ პროცესს ეხმარება.

ლელა დუმბაძე

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში – “რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან”

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა