ხუთშაბათი, ივლისი 18, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკასაგარეო პოლიტიკაში თანხვედრის გაზრდა, ანტიდასავლურ რიტორიკასთან ბრძოლა - ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას ...

საგარეო პოლიტიკაში თანხვედრის გაზრდა, ანტიდასავლურ რიტორიკასთან ბრძოლა – ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას პრიორიტეტები დაუსახელა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამოყოფს რამდენიმე პრიორიტეტს, რაზეც საქართველომ უნდა იმუშაოს.

ბორელმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში თანხვედრა, ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლა, და 2024 წლის ოქტომბრისთვის საარჩევნო რეფორმა.

ბორელმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკაში საქართველოს თანხვედრა“. მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით პროგრესია, თუმცა ასევე თქვა, რომ ბრიუსელი ელის, რომ „შესაბამისობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“.

ჟოზეპ ბორელის თქმით, ბრიუსელს სურს, „ანტიდასავლური რიტორიკისა და ინფორმაციით მანიპულირების წინააღმდეგ მეტი ნაბიჯები იხილოს“; მან საქართველოს ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის – საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

მან საარჩევნო რეფორმის დასრულებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას – ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით რეფორმის დასრულებისკენ, რათა ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი და ღია არჩევნები.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სამშაბათს, 20 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.

სხდომის შემდეგ პრემიერმა კობახიძემ, ჟოზეპ ბორელმა და ოლივერ ვარჰეიმ საერთო პრესკონფერენცია გამართეს. ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია, რომელიც ამავე დროს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის როლს ასრულებს. ოლივერ ვარჰეი კი ევროკომისარია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.

ჟოზეპ ბორელმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გაიმეორა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის.

ბორელმა ასევე გაიხსენა, რომ როდესაც 2023 წლის შემოდგომაზე საქართველოში იმყოფებოდა, „გააოცა“ დედაქალაქში ევროპული დროშების სიმრავლემ.

„მხოლოდ ჩემთვის კი არა, ყველასთვის გასაოცარი იყო. თანაც, ჩემი ვიზიტისთვისაც კი არ იყო გაკეთებული, – ჩემს ვიზიტამდეც ასე იყო. ეს ცხადყოფს, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია. ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, ეს შანსი გამოვიყენოთ“, – განაცხადა მან.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა წარადგინა აშშ-ის თავდაცვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კონგრესის ვებსაიტზე. „ქალბატონმა შაჰინმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა