ორშაბათი, ივლისი 14, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკა„სანქციები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება" - PACE-ში საქართველოზე იმსჯელეს

„სანქციები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება” – PACE-ში საქართველოზე იმსჯელეს

PACE-ში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ გაუარესებულ დემოკრატიულ სიტუაციასა და პოლიტპატიმრების საკითხს.

არაერთმა მომხსენებელმა მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე გაზრდილი ზეწოლა, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინების მცდელობები და უკანონო დაკავებები.

ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა, რომ დროა, დაწესდეს მიზნობრივი, პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლის წინააღმდეგ, ასევე, გააჟღერა მოწოდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის გამო სახელმწიფოთაშორის სარჩელის წარდგენის შესახებ.

„ჩემი სიტყვა სუსტი გულის მქონეებისთვის არ იქნება განკუთვნილი, თუმცა არც საქართველოში არსებული ვითარებაა ასეთი ადამიანებისთვის და ჩემი შეკითხვაც ესაა: კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად მოვიმოქმედებთ რამეს?

ასევე, მინდა, გთხოვოთ, რომ მოვლენებს თავისი სახელი დაარქვათ. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს „დემოკრატიული უკუსვლა“, მაგრამ ეს არ არის „დემოკრატიული უკუსვლა“. რასაც ჩვენ რეალურ დროში ვუყურებთ, ეს არის რუსულ სტილზე აგებული და შესაძლოა, რუსეთის მიერ მართული ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არის ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, რომელიც კრემლის შთაგონებითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ.

[…] მოდით, გარკვევით ვთქვათ, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, თანამზრახველები გავხდებით: დუმილი აღარ ნიშნავს ნეიტრალიტეტს, დუმილი ნიშნავს ღალატს. ამიტომაც მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლის: მინისტრების, დეპუტატების, სამართალდამცავების და მათი ხელშემწყობი პირების, მათ შორის მათი ოჯახების წინააღმდეგ.

მოვითხოვთ სახელმწიფოთაშორის სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ზუსტად ისე, როგორც ოდესღაც იყო „შავი პოლკოვნიკების“ წინააღმდეგ საბერძნეთში. რადგან საქართველო არის ზღვარზე, რომ გახდეს კიდევ ერთი ტყვედ ჩავარდნილი ქვეყანა, ზუსტად ისე, როგორც ბელარუსია დღეს, და როგორც იყო ნახევარი ევროპა წარსულში. ეს იქნება რუსეთისა და „რუსკი მირის“ გამარჯვება, ხოლო ევროპისა და ამ ასამბლეის დამარცხება“, – განაცხადა მან.

ავსტრიელი პარლამენტარმა, პეტრა ბაირმაც აღნიშნა, რომ მიუღებელია ადამიანების დაკავება მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საკუთარი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა სურთ.

„Economist Intelligence Unit-ის 2024 წლის მონაცემებით, საქართველომ მსოფლიოში დემოკრატიის მხრივ მეოთხე ყველაზე დიდი უკუსვლა განიცადა, ხოლო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეს იყო ყველაზე მკვეთრი ვარდნა. უკვე 200 დღეზე მეტია, რაც მასობრივი პროტესტები მიმდინარეობს ახალი არჩევნების მოთხოვნით. საქართველოს მთავრობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს, რეპრესიული ზომების სერია განახორციელა, მათ შორის გაამკაცრა კანონმდებლობა, სისხლის სამართლის დევნა გაზარდა და დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ მკაცრ სანქციებს იყენებს.

ძალიან მცირე ნიშნები არსებობს იმისა, რომ პროტესტები საბოლოოდ პოლიტიკურ ცვლილებამდე მიგვიყვანს, თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანები დღემდე ყოველ საღამოს იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან. თუმცა, იყო დიდი რაოდენობით დაკავებები, მათ შორის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო დამოუკიდებელი მედიაპლატფორმის, დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავება.

[…] ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო: არსებობს წითელი ხაზი, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ადამიანების იმისთვის დაპატიმრება, რომ მათ სურთ, ისარგებლონ ფუნდამენტური უფლებებით, როგორებიცაა თავისუფალი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, სრულიად მიუღებელია.

ჩვენ წარვადგინეთ წინაპირობები, რომლითაც ქართული დელეგაციის ასამბლეაში დაბრუნება დავუშვით. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამჟამად არ ჩანს არანაირი პოზიტიური სიგნალი. სწორედ ამიტომ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ რამე ფუნდამენტური ცვლილება მოხდება ან რომ დელეგაცია მალე დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვცადოთ უფრო ძლიერი ზეწოლის მოხდენა, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, გამოძიებული იქნას ყველა ძალადობა აქტივისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“, – განაცხადა მან.

სიტყვით გამოვიდა ნიდერლანდების წარმომადგენელიც, ტეკე პანმანიც, რომელმაც მიუთითა, რომ კრიტიკული ხმების ჩახშობა სისუსტის ნიშანია – მისი თქმით, ხალხი იმსახურებს ლიდერებს, რომლებსაც ჰყოფნით გამბედაობა, აღიარონ შეცდომები და გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებულები.

„მინდა, დავიწყო პირადი გამოცდილებით: გასული წლის ოქტომბერში მქონდა პატივი, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ვყოფილიყავი საქართველოში. მე ვნახე განსაკუთრებული სილამაზის ქვეყანა, რომელიც სავსეა სითბოთი და სტუმართმოყვარე ხალხით. არ მიკვირს, რომ უამრავი ადამიანი ცდილობს, წარმოადგენდეს საქართველოს და იზრუნოს მის წინსწვლასა და ნათელ მომავალზე.

„ქართული ოცნება“ ხალხს დაჰპირდა თანამედროვე ევროპულ მომავალს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ევროპული დროშა იქცა იმედის სიმბოლოდ, იმის შეხსენებად, თუ რა სურს საქართველოს – თანამედროვე ევროპული ქვეყანა აგებულია ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემაზე, დემოკრატიულ პროცესებზე.

მაგრამ დემოკრატიის გზა ყოველთვის მარტივი არ არის. საარჩევნო პროცესს თან ახლდა დაშინება და სხვა უსამართლო პრაქტიკა, რაც ამ დარბაზში უკვე განიხილეს. არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის მარცხი და ადამიანის უფლებებზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლა. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ემუქრებიან და აპატიმრებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოთქვამენ საკუთარ აზრს.

ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა: ხმების ჩახშობა არ არის სიძლიერის ნიშანი. ეს არის სისუსტისა და მერყეობის ნიშანი. ძლიერი ლიდერები არ უშინდებიან დიალოგს, ძლიერ ლიდერებს არ აშინებთ მათი ხალხის ხმები. ისინი მიესალმებიან დებატებს, მათ იციან, რომ თავისუფალი საზოგადოება არის ძლიერი საზოგადოება.

საქართველოს ლიდერებს ვეკითხები: გსურთ თქვენმა მოქალაქეებმა შიშსა და მორჩილებაში იცხოვრონ? თუ გსურთ, რომ პატივისცემით სარგებლობდეთ, როგორც ლიდერები, რომლებსაც საკუთარი ქვეყანა თავისუფლებისა და კეთილდღეობის გზით მიჰყავთ?

გახსოვდეთ, ხალხი არ არის მათ წინაშე არსებული არჩევანის მიმართ ბრმა – ისინი იმსახურებენ ლიდერებს, რომლებსაც აქვთ გამბედაობა, აღიარონ შეცდომები და გაათავისუფლონ უსამართლოდ დაპატიმრებულები და პატივი სცენ პრინციპებს, რაც თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებას განსაზღვრავს“, – განაცხადა მან.

კრიტიკული იყო PACE-ში დიდი ბრიტანეთის დელეგატის პერან მუნის გამოსვლაც, რომელმაც აღნიშნა, რომ, თუ მათ სურთ სერიოზული მხარდაჭერა გამოხატონ საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ, დროა, სიტყვებს ქმედებები მოჰყვეს.

„ჩვენი მოქმედების დრო არის ახლა. თუ ჩვენ სერიოზულად ვუჭერთ მხარს იმ ადამიანებს, ვინც სიმამაცით ეწინააღმდეგება პოლიტიკურ დევნას საქართველოში, მაშინ მიზანში უნდა ამოვიღოთ ისინი, ვინც ამ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი.

არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით, რაც ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლურ განათლებასა და ინსტიტუტებზე წვდომის შეზღუდვას, საზღვარგარეთ დასვენებების ფუფუნების გაუქმებას მაშინ, როცა ისინი საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიას ანადგურებენ“.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში – “რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან”

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა