2024 წლის დემოგრაფიული მონაცემები ადრინდელზე შემაშფოთებელია.
გასულ წელს საქართველოში დაიბადა 39 483 და გარდაიცვალა 43 971 ადამიანი. ის, რომ გარდაცვლილები დაბადებულებს აჭარბებენ ბოლო 4 წლის ტენდენციაა. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ადრე კოვიდპანდემიით აიხსნებოდა, ახლა ეს მიზეზი აღარ არსებობს.

2024 წლის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობს 3 694 000 ადამიანი, ეს შარშანდელზე დაახლოებით ასი ათასით ნაკლებია.

„ქართული ანდაზა რომ გავიხსენოთ, დამწვარზე მდუღარე დაასხესო, ამას ემატება გარე მიგრაცია. გადის მეტი, ვიდრე შემოდის. ამასთან გადიან საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნების კი შემოდიან. მოსახლეობის ის ნაწილი გადის, რომელიც რეპროდუქციულ ასაკშია (საშუალოდ 31 წლის). ვიღამ უნდა გააჩინოს ბავშვი და ვინ უნდა შექმნას ოჯახი?“ – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. ის იხსენებს, რომ 1991 წელს საქართველოს მოსახლეობა 5 460 000 ადამიანს ითვლიდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით:
„მას მერე დაახლოებით ერთი მესამედით არის შემცირებული მოსახლეობა. რაც საქართველო დამოუკიდებელია, ქვეყნიდან იმაზე მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ტყვეთა სყიდვის დროს. ანუ ამ 30 წლის განმავლობაში უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო, ვიდრე 150 წლის მანძილზე. სადღაც 300 ათასამდე ადამიანი გამოდის“.
კიდევ უფრო დრამატულად იზრდება განქორწინებების რიცხვიც, 2024 წელს დაქორწინდა 21 653 ადამიანი, განქორწინდა – 13 520, ანუ ყოველი ხუთი წყვილიდან ორი განქორწინებულია.
ხშირი განქორწინებები წლებია ორ ძირითად მიზეზს „ბრალდება“ – სიდუხჭირეს და ქალთა ემანსიპაციას. რაც დრო გადის, უფრო მეტი ქალი ახერხებს იცხოვროს დამოუკიდებლად.
მაია, 37 წლის: „მე ამ სოციალურ პირობებში მაქსიმუმ ორი ბავშვის გაჩენას თუ გავრისკავდი. მშობიარობა თავისთავადაც პრობლემაა, ჩემ გარშემო ბევრს ჯანმრთელობის გამო უჭირს ბავშვის გაჩენა…“
მაგდა, 45 წლის: „ნორმალურმა სახელმწიფომ მოქალაქეებს პირობები უნდა შეუქმნას, რომ მათ ბავშვის გაჩენა მოუნდეთ.
თან დასავლურ ყაიდაზე გადავედით. წყვილები შეიძლება წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ისე, რომ ბავშვის გაჩენა სამომავლოდ გადადონ. ამასობაში კი შესაძლოა დაშორდნენ კიდეც.
ისედაც არ ვიყავით ეკონომიკურად მდგრადი ქვეყანა, ახლა კი ამ ავტორიტარიზმის ფონზე ისეთებიც ფიქრობენ წასვლას, ვისაც არასდროს უფიქრია. ისეთი განცდა მაქვს, რომ ხელისუფლებას უნდა კიდეც, რომ საწინააღმდეგო აზრის მქონე მოსახლეობა აქედან წავიდეს…“
2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 16,2 პროცენტი 65 ან მეტი წლისაა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ასეთი მაღალი ჯერ არ ყოფილა.
სტატისტიკის დეპარტამენტი