გონზე მოსვლა?!
აშშ-ის (პირობითად – დასავლეთის) სპეცსამსახურები მხოლოდ ახლა მოვიდნენ გონზე, როდესაც შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდში დაგროვილი პროდასავლურობის უზარმაზარი კაპიტალი მოულოდნელად ერთ წამში განიავდა. ამ შემთხვევაში იმანაც ითამაშა როლი, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლაში მსოფლიო გლობალური პრობლემების გააზრების კუთხით უძლიერესები არიან, მაგრამ ლოკალური წინააღმდეგობის ველზე, კონკრეტულად კი ჩვენს ქვეყანაში, ნიუანსურ სპეციფიკაში სასტიკად მოიკოჭლებენ. ამის შედეგია ის, რომ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები, 2005-2006 წლებიდან მოყოლებული, დღემდე დიდი ანგარიშით უგებენ აშშ-ის სპეცსამსახურებს.
სპეციფიკა
დღევანდლამდე წარმოებულ, მაგალითად, საინფორმაციო ომში, ამერიკელებისაგან განსხვავებით, რუსეთის მიერ გამოყენებული ბრძოლის მეთოდები იდეალურად არის მორგებული ქართულ სპეციფიკაზე. საქართველოში რუსეთის ბატონობისა და რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის ორასწლოვანი გამოცდილების შედეგად, დღეს მსოფლიოში რუსებზე უკეთ – მეცნიერულად ზედმიწევნით, ნიუანსურადაც კი, არავინაა მცოდნე ქართველების ფსიქიკის, ქცევის, ტრადიციების, კულტურული და სულიერი ღირებულებებისა. შესაბამისად, რუსეთი საქართველოს მოსახლეობის ინდივიდუალურ, ჯგუფურ და მასობრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების გზით ცდილობს სასურველი შედეგის მიღწევას. რუსული სპეცსამსახურების (,,ქართული ოცნების“ 90%-ს წარმოდგენაც არა აქვს) მიერ აწყობილი მანქანა სისტემურ რეჟიმშია მოყვანილი (არ არის გამორიცხული, რომ, სანამ საქართველოს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურები პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ქვეყანაში ასევე მაგარი „გულავი“ ჰქონდეთ თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ირანულ სპეცსამსახურებს).
ზევსის მრისხანება
„ვარდების რევოლუცით“ გამოწვეული დროებითი შოკიდან გამოსვლის შემდეგ, რუსეთმა, დაახლოებით 2005-2006 წლებიდან მოყოლებული, კვლავ გამოაცოცხლა საქართველოში არსებული, ახლებითაც შევსებული და მობილიზებული უზარმაზარი ტრადიციული აგენტურული ქსელი. სააკაშვილის რეფორმატორულმა, უპრეცედენტო წარმატებებმა, ნატოსკენ მისწრაფების პერსპექტივამ და ბუქარესტის მომავალი სამიტის კონტურებმა, პუტინი განარისხა და „აგიზგიზებული“ სააკაშვილის ჩასაქრობად, ამოსაძირკვად რუსული სპეცსამსახურები მთელი ძალით აამოქმედა.
ოპერაცია #1 – ბადრი პატარკაციშვილი
ოპერაცია #1-ს 2007 წელს ჩატარებული, სააკაშვილის წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ პატრიოტული ლოზუნგებით იდეალურად შეზავებული და კარგად აგორებული მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. მონაწილეთა 99%-ს დღემდე არა აქვს წარმოდგენა, მათი გულუბრყვილობა როგორ იქნა გამოყენებული სპეცსამსახურების მიერ (ისევე როგორც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლაში. საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედების ამგვარ მეთოდებს სხვა ქვეყნებიც იყენებენ საქართველოში, თუმცა რუსები – ბევრად უფრო ზუსტად, რადგან ადგილობრივ სპეციფიკაში უკეთესად არიან გარკვეულები).
სააკაშვილი წამოეგო ამ პროვოკაციას და 2007 წელს რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული მიტინგი დაარბია. ამით სააკაშვილის – „დემოკრატიის შუქურის“ – იმიჯი მსოფლიოს თვალში შეირყა.
რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უჩინრად დაიწყო სათავისოდ გამოსაყენებლად წახალისება იმათი (ენჯეოების, პროდასავლელი ადამიანების და ა.შ), ვინც სამართლიანად გამოთქვამდა ბუნებრივ აღშფოთებას სააკაშვილის მიერ მიტინგის სასტიკად დარბევის თაობაზე. ამ მიმართულებით პუტინის უჩინარი აქტიურობის ფონზე, ლოკალურად საქართველოში, ბოლო ხანს აშშ-ის (ზოგადად – დასავლეთის) სპეცსამსახურების მიერ გამოვლენილი ერთგვარი სიბეცის შედეგად, პუტინმა ისიც კი მოახერხა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ დემოკრატიის დაცვის ლოზუნგით გააქტიურებულ ბრძოლაში თანამოაზრედ აშშ-ის ელჩებიც კი გაიხადა (თვითონ რომ არ უწყოდათ ისე), „ენჯეოებზე“ რომ არაფერი ვთქვათ (ახლა რომ ცრემლებს ღვრიან). მოდასავლეთე „ყოვლისმცოდნე დემოკრატები“ ვერ მიხვდნენ „ბავშვს რომ აყოლებდნენ ნაბან წყალს“ და აღმავლობის ევროპულ გზაზე მდგარი ქართული სახელმწიფოებრიობა სასტიკად დააზიანეს. ე.წ. ნეოლიბერალები პუტინის მხარდამხარ ებრძოდნენ „დიქტატორს“ (ისევე როგორც „დიქტატორ“ გამსახურდიას) და ვერ გააცნობიერეს, რომ კრიმინალებისა და „კანონიერი ქურდების“ სამფლობელო ქვეყანას სააკაშვილი „თეთრი ხელთათმანებით“ ვერ გაანთავისუფლებდა, თანაც ასე მოკლე დროში, ასეთი რამ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს (მავანნი „ნაცებისა“ და „ქოცების“ პერიოდის სისასტიკეებს, რომ ადარებს არ ითვალისწინებენ მათი მმართველობის სასტარტო პირობებს, რა ქვეყანა ჩაიბარეს და ვის წინააღმდეგობების დაძლევა უწევდათ). ე.წ. დემოკრატიის „მედროშეებმა“ ვერ გაიაზრეს, რომ პუტინის თანამებრძოლები იყვნენ და პუტინის საქმეს აკეთებდნენ და ამით მოახლოებული ბუქარესტის სამიტის ფონზე, პუტინის მიერ 2007 წლიდან ,,ენჯეოებში“ ჩანერგილი აგენტურის საშუალებით, ვითომ დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საბაბით, შენიღბულად დანთებულ ცეცხლზე ასხამდნენ ნავთს. მოსახლეობის დიდი ნაწილიც გადააბარეს ივანიშვილის ხელისუფლებას. შეგნებულად თუ გაუაზრებლად, „ნაცების“ მაგინებელთა რიგებში ჩადგა ნაწილი ე.წ. პოლიტიკოსებისა და ე.წ. პოლიტპარტიებისა. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, იქცნენ პუტინის თანამოაზრეებად და თანამებრძოლებად დამოუკიდებელი საქართველოს დაუძინებელი მტრის პუტინის დავალებით წამოწყებულ და ივანიშვილის ხელით მართულ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დაისმის კითხვა: თუ ქართველი პოლიტიკური მოღვაწე ზიანს აყენებს მტერს (რუსეთს), ბუნებრივია, რომ ამას მოჰყვება მტრისგან საპასუხო რეაქცია. ამ დროს ქართველმა ვისი მხარე უნდა დაიჭიროს? ცხადია, მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველის მხარე ან უარეს შემთხვევაში, პირადი ბოღმა თუ აქვს გამო გვერდზე გადგეს, რომა არ დაასხას წყალი მტრის წისქვილზე, აბა მტრის თანამოაზრე და თანამებრძოლი ხომ არ გახდება? ამ დროს, ჩვენთან მავანნი „პოლიტიკოსები“ სააკაშვილის წინააღმდეგ აწარმოებენ ბრძოლას არა ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში, არამედ მტრის გასახარად იბრძვიან მის გასანადგურებლად შენიღბული ბინძური მეთოდებით. საუბარია იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც რუსეთს საქართველოს მტრად საჯაროდ აღიარებენ, თორემ ვინც პოლიტიკურად რუსულ ორბიტას ამჯობინებს და „პატიოსნად“ ებრძვის სააკაშვილს, მასთან რა პრეტენზია უნდა გქონდეს.
თუ აღიარებ, რომ რუსეთი მტერია, მაშინ საქართველოსათვის პოლიტიკურ ბრძოლაში რატომ უნდა აღმოჩნდე მტრის მხარეს და იყო იმ ქართველის წინააღმდეგი ვინც მტერს ზიანს აყენებს?! ეტყობა ზოგიერთს არ მოსწონს, ქართველი ზიანს რომ აყენებს მტერს, თორემ რატომ უნდა აღმოჩნდე პუტინის მხარეს, გახდე მისი თანამოაზრე და თანამებრძოლი?!
ოპერაცია #2 – ბიძინა ივანიშვილი
პუტინმა ბუქარესტის სამიტის წინ საქართველოს ნატოსკენ წინსვლა კი შეაფერხა და „დემოკრატიის შუქურის“ ბრწყინვალება ჩააქრო, მაგრამ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გვერდზე გაწევა ვერ შეძლო. რაკი ამ მიზნით შექმნილმა ბადრი პატარკაციშვილის პროექტმა ვერ გაამართლა (ამ გაუგებრობაში მოხვედრილი „ნამდვილი თბილისელი კაცი“, პიროვნულად კარგი ადამიანი მალე მოიშორეს), წამოსწიეს ივანიშვილი, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა. გამოიკვეთა მისი და პუტინის ინტერესების თანხვედრა და ივანიშვილიც მეთოდურად შეუდგა უმთავრესი ამოცანის გადაჭრას: საქართველოში ნატოს არდაშვებას და სააკაშვილ-ნაციონალური მოძრაობის განადგურებას.
,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისთვის არა იმდენად სახელმწიფოს მმართველობის სრულყოფა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა გახდა მთავარი, არამედ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მთელი ძალები და რესურსები სააკაშვილ-ნაციონალური მოძრაობის დასასამარებლად იქნა მიმართული. სპეცსამსახურების მიერ უმაღლეს დონეზე დამუშავებულ ტექნოლოგიებს საკმაოდ წარმატებით იყენებდნენ ამ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციის დროს. 12 წელი მოანდომა ამ ოპერაციას – სააკაშვილი ერთგვარად „გამოთიშეს“. ნაციონალური მოძრაობის სახით მოსახლეობის გარკვეულ, გულუბრყვილო ნაწილში შექმნეს „მტრის ხატი“, მაგრამ ბოლომდე ვერ მოსპეს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2011 წელს დადო პირობა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ,,რადარებიდან“ მალე გააქრობდა.
უმთავრესი დავალება ვერ შესრულდა. ამას შეიძლება პუტინისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვეს. ამიტომაა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ 28 ნოემბრიდან ფაქტობრივად დაკარგა ხელისუფლება და პერსპექტივა ულაპარაკოდ კარგს არაფერს უქადის. ივანიშვილი, ნაცვლად იმისა, ქვეყანას და მის მომავალს მიხედოს, პირობას დებს (მერამდენედ?), რომ ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, რადგან ეს არის მთავარი შეუსრულებელი დავალება, რისთვისაც მას პუტინმა საქართველო ჩააბარა.
სწავლის ძირი მწარე არის
ის, ვინც საფუძვლიანად ვერ ერკვევა სახელმწიფოს მართვის და მისი უშიშროების უზრუნველყოფის ფუნდამენტურ საკითხებში, ვერ ხედავს, რომ საქართველო უკვე ჩაბარებულია რუსეთს. ამისთვის კრემლს არ დასჭირვებია სამხედრო ძალების თბილისში ფიზიკურად შემოყვანა (აფხაზეთ-ცხინვალში ისედაც ჰყავს); ამისთვის ისიც საკმარისია, რომ მისი სპეცსამსახურები უჩინარი ხელით მთლიანად აკონტროლებენ სახელმწიფოში საკვანძო ინსტიტუტებს, სტრატეგიულად ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას და თანამდებობებს… ასევე, მის უჩინარ კონტროლს ექვემდებარება პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და მასმედიაც, თვითონაც რომ არ უწყიან, რადგან, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკის გამშუქებელ ჟურნალისტებს საერთოდ ზერელე წარმოდგენა აქვთ მმართთველობასა სახელმწიფოებრივი უშიშროების უზრუნველყოფის მექანიზმებსა და ტექნოლოგიებზე, ასევე – რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობაზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული შეცდომა იყო რუსული ენის აკრძალვა. ამით რუსეთთან მებრძოლმა ქართველებმა თავი თვითონვე განიიარაღეს, მაშინ, როდესაც ზედმიწევნით უნდა სწავლობდე მტერს და მის მიერ წარმოებული სამხედრო-ძალადობრივი ომის, განსაკუთრებით კი – საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ბრძოლის შინაარსსა და მეთოდებს. პოლიტიკოსმა თუ პოლიტიკის საკითხების გამშუქებელმა ჟურნალისტმა მოყვარულის დონეზე მაინც უნდა შეძლოს: თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ღირებულებათა პირამიდის ანატომიაში გარკვევა – ეროვნული ინტერესისა და ეროვნული უშიშროების თანაფარდობის გააზრება; შიდა და საგარეო გარემოს სტრუქტურული შეფასება; შიდა და საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური საფრთხეების, მუქარებისა და რისკების ანალიზური აღქმა; სხვადასხვა საერთაშორისო აქტორთან მიმართებაში გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების, პოლიტიკის პრინციპების კვალიფიციური ფორმულირება და სხვ.
საგონებელი – აბა, პარტიები?!
ამჟამად აშშ (დასავლეთი) კი მოვიდა გონს, მაგრამ საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ფონმა საგონებელში ჩააგდო. პოლიტლიდერებში საერთოდ არ ილანდება ახალი სააკაშვილები, ჟვანიები… უსასტიკესი რეპრესიებგამოვლილი პუტინის მთავარი სამიზნე ნაციონალური მოძრაობაც ძველებურად „ვეღარ ქაჩავს“, ხოლო ხელოვნურად შეკოწიწებული, ერთმანეთის ჩაძირვაზე მომუშავე პარტიებზე ფსონს ვერ დადებს, რომელთა ბრძოლის სამიზნე სააკაშვილი უფრო ჩანს, ვიდრე ამ პარტიებისა და პიროვნებების თანამოაზრე და თანამებრძოლი პუტინი და მისი პოლიტიკა. ჩემი ამერიკელი კოლეგა მათ შინაურულად უწოდებს ძირითადად პოლიტიკური მოღალატეებისაგან შემდგართ, რომელთაგან ზოგმა ნაციონალურ მოძრაობას უღალატა, ზოგმა – ,,ქართულ ოცნებას“. მაგალითად, ,,ქართულ ოცნებას“ „ებრძვიან“ ადამიანები, რომლებსაც ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოყვანაში და შემდეგ ხელისუფლებაში წამყვანი პოზიციები (მინისტრები და სხვ.) ეკავათ. ესენი, თუ მაშინ ვერ ერკვეოდნენ მიმდინარე თვალნათელ პოლიტიკურ პროცესებში, თავს როგორ მიიჩნევენ პოლიტიკოსებად? მონანიებისა და ჩრდილში წასვლის მაგივრად პოლიტიკური პრეტენზიებიც რომ აქვთ? ძალიან ღრმა შეშლაა! ვაი და, კიდევ რომ შეეშალოთ? როგორ შეიძლება მათი ნდობა? მით უმეტეს, ახალგაზრდების მხრიდან. ცალკე მდგომი ნათელაშვილის პარტია, ანდა „მოღალატე“ ნიჭიერი გიგა ბოკერიას მოძრაობა ფონს ვერ ქმნის, ასევე – სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური ღირებულებების წინააღმდეგ მებრძოლი ნიჭიერი, მაგრამ ნარკომანების ნახევრად ანარქისტული პარტია „გირჩი“.
აბა, მასმედია?!
ასევე, ოპოზიციურ ტელევიზიებს ძალიან ძნელია უწოდო ოპოზიციური, ხშირად უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს. ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მათ დღის წესრიგს უდგენს რუსეთის სპეცსამსახურები.
ზოგიერთ ოპოზიციურ ტელევიზიაში:
- ,,პარადი“ მიჰყავთ ჟურნალისტებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ,,ქართული ოცნების“ მოყვანასა და გაფეტიშებაში;
- ძირითადად ჭკუას ეკითხებიან და პოლიტიკაზე სასაუბროდ იწვევენ იმ მოღალატე ადამიანებს, რომელთაც ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოყვანაში დიდი როლი აქვთ და შემდეგ ხელისუფლებაში წამყვანი პოზიციები (სახელმწიფო მინისტრები, მინისტრები, მოადგილეები და ა.შ.) ეკავათ;
- რეკლამას უწევენ დღევანდელ, ე.წ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიად უჩიოდნენ და ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოს, ანუ საქართველოს აბრალებდნენ ომის დაწყებას რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში;
- პოლიტიკურ ექსპერტებად იწვევენ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის პროცესში ,,ქართულ ოცნებას“ ოდებს უძღვნიდნენ. შემდეგ, სარგებელი რომ ვერ მიიღეს, ოპოზიციონერ „ექსპერტებად“ იქცნენ. რა ანალიტიკოსი ხარ, თუ მაშინ ვერ „მოტვინე“, როგორი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა, რითი განსხვავდები ჩვეულებრივი მედროვეებისაგან?
ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა ძირითადად ორ მიმდინარეობას შორის წარმოებს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ,,ქართულ ოცნებას“ შორის. ჰო და, ირჩევ ან დასავლეთს ან ჩრდილოეთს. დანარჩენ პოლიტპარტიებში ბევრია პოლიტიკური კახპა, მედროვე, საშოვარზე გასული ხალხი, ყოფილი „ნაცი“ ან ყოფილი „ქოცი“. კარგი იქნება თუ მიმდინარე ახალგაზრდული სახალხო მოძრაობა მესამე მიმდინარეობას შობს, სადაც გამორიცხული იქნება ამ ყოფილი მედროვეების მოხვედრა.
მამა-პაპებისგან რა მემკვიდრეობას იბარებენ შვილები?
1. საოცნებო და ნანატრი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დავამხეთ ამ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, საყოველთაოდ არჩეული პირველი პრეზიდენტი. ამით, უკანონო ქმედებით, თავიდანვე შეირყვნა თვით სახელმწიფოებრიობის სიმბოლო – პრეზიდენტობის ინსტიტუტიც, სხვა სიმბოლოებიც.
2. შემდეგ მამა-პაპებმა გავაჩაღეთ ძმათამკვლელი სისხლისღვრა.
3. ამასობაში ქვეყანას დაეპატრონნენ ჯაყო-ყვარყვარეები. თანდათან ხელში ჩაიგდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, საკუთარ თავზე მოირგეს კანონები, შექმნეს ქვეყანასა და ხალხზე მარადიული ბატონობის, ნეპოტიზმითა და კორუფციით გაჯერებული მექანიზმები.
დაიწყეს ქვეყნის უმოწყალო ძარცვა. პირველ რიგში, მუსრი გაავლეს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაგროვილ სიმდიდრეს: საქართველოში იწარმოებოდა თვითმფრინავები, ელმავლები, ავტომობილები, ფრთიანი კატარღები, ჩარხები, ფოლადი და თუჯი და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ, მსუბუქი მრეწველობის დარგებსა და იქ დასაქმებულ სამეცნიერო-საინჟინრო და ტექნიკური კადრების უზარმაზარ არმიაზე. ეს ყველაფერი საერთო-სახალხო საკუთრებას წარმოადგენდა, ისევე როგორც ქვეყნის ტყისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის მთელი ფონდი. ამ ყველაფერში წილი ჰქონდა თითოეულ ქართველს. ძარცვას კანონიერი სახე რომ მისცემოდა, სხვადასხვა მაქინაციების გზით (გამოგონილი ვაუჩერიზაციით და სხვ.), მთელი ქონება ჯართად გაიყიდა და აღმოჩნდა ცალკეული პიროვნებების ხელში, ხოლო გულუბრყვილო ხალხი პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.
4. ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა ჯაყო-ყვარყვარეეებს მოიცილებდა, მაგრამ დაწყებული თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გრანდიოზული პროცესი შეაჩერა როგორც სააკაშვილის მოღალატეთა, ისე ამ იდეას და პროცესს მიტმასნილ მედროვეთა შორის, წამოტივტივებულ კორუმპირებულთა ახალმა კასტამ – რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უჩინრად, ვირტუოზულად ჩატარებული სპეცოპერაციით. ახალი, თანამედროვე სახელმწიფოს აღმშენებლობის პერსპექტივა განულდა, ამ იდეის ავტორი და შემოქმედი კი ნანგრევებში მოიყოლა. ამით ისარგებლეს კორუფციის ძველმა მამებმა და კრიმინალებმა, შესაბამისად, ქვეყანა საძარცვად განუკითხავად მთლიანად დაიბრუნეს ხელში.
5. პარტიული და პოლიტიკური ველიც დაიკავეს პოლიტიკის ჯაყო-ყვარყვარეებმა, მათ შორის, პირველი პრეზიდენტის უკანონოდ დამხობის მონაწილე უზნეო, ე. წ. პოლიტიკოსებმაც. მათ დაივიწყეს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები, შექმნეს უზნეოთა ე.წ. პოლიტიკური ელიტა და 34 წელიწადია უსირცხვილოდ მიჰყავთ პოლიტიკური აღლუმი.
შვილების რევოლუცია
მონობაში დაბადებული თეიმურაზ ხევისთავების მართვა ადვილი იყო, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული და წამოზრდილი თაობისა უკვე – ვერა. შვილებს მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ. ისინი ხედავენ მამა-პაპების „მოღვაწეობის“ შედეგს: 34 წელიწადია ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო გერის როლშია.
მავანთათვის ცხადი გახდა, რომ აქამდე გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის ტრადიციული მეთოდები და ფორმები არ გამოდგებოდა საქართველოში, მით უმეტეს, უმაღლეს დონეზე აწყობილი სისტემური მექანიზმით მომუშავე „ქართული ოცნების“ მანქანის წინააღმდეგ, რომლის სამართავ პულტთან ივანიშვილის მიერ შერჩეული ერთი-ორი საკმაოდ ნიჭიერი პიროვნებაა. მათ შორის, ირაკლი კობახიძეც, რომელიც რომ არ მოხვედრილიყო ისტორიის მიერ დაგებულ ამ მახეში, შეიძლება სხვანაირად გაბრწყინებულიყო.
თანამედროვე პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიები სპეციალურ ანალიტიკურ ცენტრებში უმაღლეს დონეზე მუშავდება. მათი შეძენა მილიონები ჯდება. ,,ქართული ოცნება“ მრავალი წელია ამ ტექნოლოგიებს წარმატებით იყენებს. ამ აწყობილ სისტემას, ცხადია, მოყვარულის დონეზე შედგენილი გეგმებით ძვრას ვერ უზამ.
აქცენტი გაკეთდა ქართული საზოგადოების, მათ შორის, პოსტსაბჭოურ პერიოდში დაბადებულთა ცნობიერებაზე. მიგნებულია საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე გათვლილი, ამ მომენტისთვის შეძლებისდაგვარად ყველაზე ეფექტური, კარგად მართული გზა. მაგალითად, დაიწყო ე. წ. „უთავო“ მოძრაობა. და ეს „უთავო“, „პარტიზანული“ მოულოდნელობებით სავსე აქტივობა მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ამყოფებს მოწინააღმდეგეს. აბა, ცნობილი რომ იყოს „თავი“ (პარტიების სახით), გეგმები… მათ ადვილად გაუსწორდება ,,ქართული ოცნება“ (ამისათვის ისინი ფლობენ სათანადო ტექნოლოგიებს, ზოგიერთ დილეტანტს რომ სისულელედ ეჩვენება), მით უმეტეს, დაქსაქსული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიების პირობებში. მოძრაობამ თანდათან საკუთრივაც დაიწყო განვითარება და გადაიქცა სახალხო მოძრაობად. გაჩნდა ნამდვილი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების იმედი, მართვის სადავეებთან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფო აღმშენებლობაზე ორიენტირებული ადამიანების მოყვანისა. მაგრამ, თუ ფხიზლად არ იქნებიან, როგორც ყოველთვის, ნაყოფით მედროვეები ისარგებლებენ.
მართვის პროცესებს ჩამოცილებული, დაბნეული ოპოზიციური პოლიტლიდერები და მათი ე.წ. ექსპერტობა ყოვლისმცოდნის დაყენებული სახით ცდილობენ, იხტიბარი არ გაიტეხონ და მარაქაში გაერიონ.
ოპერაცია #3?!
ბოლო მომენტში ,,ქართულ ოცნებას“ „განგებამ“, ტრიუმფის ნაცვლად, პოლიტიკური „მიწისძვრის ძლიერი ბიძგები“ მოუვლინა. მეორე ოპერაციაც განწირულია. როგორც პატარკაციშვილმა, ისე ივანიშვილმაც „ბოლო ლურსმანი ვერ ჩააჭედა“ – ნაციონალური მოძრაობა „ვერ გააქრო რადარებიდან“. პუტინის დავალება ჯერჯერობით ბოლომდე ვერ შესრულდა. ეს კი, ივანიშვილს კარგს არაფერს უქადის – მას ძალაუფლება ხელიდან ეცლება და კატასტროფული მარცხი ელის. იმის მაგივრად, სახელმწიფო ინტერესები დააყენოს წინა პლანზე, დასავლეთთან გზების გამონახვაზე იზრუნოს და ამით შეეცადოს თავის გადარჩენას, მმართველობის 12 წლის შემდეგ, პირველ ამოცანად კვლავ ნაციონალური მოძრაობის განადგურებას აცხადებს, ამით თითქოს ეუბნება პუტინს, რომ დავალებას მაინც შეასრულებს, თუნდაც სისხლის დაღვრა დასჭირდეს.
მაგრამ პუტინი ოპერაცია #3-ის ამოქმედებაზე მუშაობს. საფუძველი უკვე ჩაყრილი აქვს. რუსეთის სპეცსამსახურებს ყოველთვის აქვთ წინასწარ რამდენიმე პროექტის მონახაზი. ახლა უნდა ველოდოთ რომელიმე ანტისააკაშვილისტი „ოპოზიციონერი“ პოლიტიკოსის წინ წამოწევას.
ზეზვა ერგასტერიძე