ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების რეიტინგი გამოაქვეყნა – საქართველოს პოზიცია 21 ადგილით გაუარესდა და 135-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. გასულ წელს საქართველო 114-ე ადგილს იკავებდა.

ორგანიზაცია საქართველოს შესახებ წერს:
„ოფიციალური პირების მხრიდან ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. დამოუკიდებელი მედიისთვის გარემო კვლავ მტრულია, რაც ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით გამოიხატება.
„უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო მეტად ახდენს ჟურნალისტების მარგინალიზაციას, მათ ცენზურის საფრთხის წინაშე აყენებს და მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისუფალი სიტყვის სივრცეს“.
ორგანიზაცია საქართველოს შესახებ ასევე აღნიშნავს, რომ:
პოლიტიკური კონტექსტი
მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია და, ამავდროულად, უკიდურესად პოლიტიზებული. მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ქვეყნის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს მოხდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, სადაც მფლობელის ცვლილების შემდეგ სარედაქციო ხაზი შეიცვალა. მსგავსი ვითარებაა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ (GPB) დაკავშირებითაც, რომელშიც ხელისუფლება ერევა.
გაფართოებული რეგულაციები ახლა ხელისუფლებას მედიის შინაარსის კონტროლის საშუალებას აძლევს, რაც ცენზურის რისკს ზრდის. რეგიონული და სათემო რადიოსადგურებს დაფინანსების პრობლემები აქვთ, მაშინ როდესაც ბეჭდური მედიის მკითხველი მცირდება, ხოლო ონლაინ გამოცემების პოპულარობა იზრდება.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიუთითებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია.
პოლიტიკური კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი არასტაბილურობითა და რეპრესიებით, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიებს ფლობას უკრძალავს, მსხვილი მედიები, როგორც წესი, პოლიტიკასთან დაკავშირებული მფლობელების ინტერესებს იცავენ. იგივე ეხება სახელმწიფო მედიას, რომლებშიც ხელისუფლება ერევა. მთავრობა სულ უფრო ხშირად ამბობს უარს კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობაზე და მიმართავს ცენზურას, დისკრედიტაციის კამპანიებსა და დაშინებას.
სამართლებრივი ჩარჩო
RSF წერს, რომ მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც მედიაში პლურალიზმსა და გამჭვირვალობას აძლიერებდა, მთავრობამ მიიღო რეპრესიული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს მედიის დირექტორებსა და საბჭოს წევრებს, ხოლო კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ პატიმრობით ემუქრება.
ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში კრძალავს მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას და აფართოებს მარეგულირებლის უფლებამოსილებას, შეაფასოს სამაუწყებლო შინაარსის სიზუსტე და მიუკერძოებლობა. ამ მარეგულირებლის დამოუკიდებლობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას. ცვლილებებმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაასუსტა ჟურნალისტური წყაროს დაცვის მექანიზმები.
ეკონომიკური კონტექსტი
ორგანიზაცია საუბრობს სარეკლამო ბაზარზეც საქართველში – RSF მიუთითებს, რომ ნაკლებად განვითარებული სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო მცირდება ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რომლებიც ძირითადად დონორების მიერ ფინანსდება (როგორც წესი, დასავლეთიდან). უცხოურ დაფინანსებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მკვეთრად გააუარესა დამოუკიდებელი მედიების ფინანსური მდგრადობა. მარეგულირებლის მხრიდან ზეწოლასთან და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი მედიისთვის მინიჭებულ უპირატესობებთან ერთად, ეს ზომები ამახინჯებს კონკურენციას და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი გამოცემების გადარჩენას.
სოციოკულტურული კონტექსტი
ანგარიშში წერია, რომ ქართული საზოგადოება ხასიათდება ძლიერი სოციალური დაძაბულობით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+ უფლებები და რუსული გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტიკაზე. ჟურნალისტები, რომლებიც სენსიტიურ თემებს აშუქებენ, გაძლიერებულ შევიწროებასა და ზეწოლას განიცდიან. თვალთვალის პრაქტიკა და სამართლებრივი შეზღუდვები ძირს უთხრის წყაროს კონფიდენციალურობას, რაც კიდევ უფრო აფერხებს საგამოძიებო რეპორტაჟებს და ზღუდავს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ჟურნალისტიკას.
უსაფრთხოება
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ ჟურნალისტები ხშირად ხდებიან სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმისა და დაშინების მსხვერპლნი, რაც ხშირად უკავშირდება პოლიტიკურ დაძაბულობასა და საპროტესტო აქციებს. რეპორტიორების წინააღმდეგ ძალადობა გაძლიერდა, ხოლო ამ დანაშაულების გამოძიება არაეფექტურია, რაც აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს. გაუარესებული უსაფრთხოების გარემო არის მთავარი დაბრკოლება დამოუკიდებელი გაშუქებისთვის და ხელს უწყობს თვითცენზურას.
პრესის თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილებს ევროპული ქვეყნები იკავებენ ამ თანმიმდევრობით: ნორვეგია, ნიდერლანდები, ესტონეთი, დანია, შვედეთ, ფინეთი, ირლანდია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, პორტუგალია.
მოლდოვა პრესის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში 31-ე ადგილზეა, უკრაინა – 55-ე ადგილზე, სომხეთი – 50-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატები 64-ე პოზიციას იკავებს, რუსეთი კი – 172-ეს.










