შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიდგეთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს,...

“ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიდგეთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მეტი დახმარება გზაშია” – საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტზე საკუთარ ბლოგში საუბრობს. ბორელის თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველო ევროპულ გზაზე წარმატებული იხილოს და სწორედ იმიტომ ჩამოვიდა თბილისში, რომ მოქალაქეებისთვის ეცნობებინა: „საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.“ 


„გასულ კვირას ამჟამინდელი პოზიციით პირველად ვესტუმრე საქართველოს, რომ მეთქვა საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. თუმცა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველოს სჭირდება მნიშვნელოვანი პროგრესი პოლიტიკური დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების რეფორმის, საარჩევნო რეფორმისა და მედიის პლურალიზმის მიმართულებით.


„მსურდა, სამი ძირითადი მესიჯი გამეზიარებინა ქართველ ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. პირველი: ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში შემხვედრია. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ერთგულებას. ჩემი იქ ყოფნის დროს ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ დააფიქსირა თავისი თხოვნა, რომ საქართველომ მალე მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.“


ეს არის მოწოდება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით მოვისმინეთ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ეს არის მოწოდება, რომელიც არ გვინდა, გაუგონარი დარჩეს. თუმცა, ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტში და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები.

გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი შეასრულა, მაგრამ დანარჩენ ცხრაზე, საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს ძირითადად ეხება პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს.


ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელიც უნდა დადგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა. ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი.“

ბორელის თქმით, საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს. 

მან ასევე გაიმეორა, რომ მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ თანამშრომლობას. ბორელის შეფასებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. 


„ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს. არც საქართველოსთვის და არც სხვისთვის. გაფართოების პროცესს ყოველთვის მკაფიო კრიტერიუმები მოჰყვება. ეს, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ღირებულებებისადმი შრომისმოყვარეობას, პოლიტიკურ ნებას და მკაფიო ერთგულებას მოითხოვს, მაგრამ, როგორც ჩემს ქართველ კოლეგებს ვუთხარი, საკუთარი ესპანური გამოცდილებიდან ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ეს შრომა ღირს არამხოლოდ ევროკავშირის წევრად გახდომისთვის, არამედ, რაც მთავარია, მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საქართველოს აქვს ძლიერი ადმინისტრაცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. მას აქვს მთელი პოტენციალი ამ ისტორიული ამოცანის მისაღწევად,“ – წერს ბორელი.


„ჩემი მეორე მესიჯი ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მკაფიო პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე ამ კუთხით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამიტომ, მივესალმები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლით პრევენციის საკითხში. ამ მხრივ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მე გამოვხატე ჩვენი მკაფიო აღიარება ამ ძალისხმევისთვის. თუმცა, ისიც უნდა მეთქვა, რომ ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რაც თბილისს რუსების ევროპაში შემოყვანის ცენტრად აქცევს.

  • ასევე საჭიროა მეტი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებთან დასაპირისპირებლად, დაწყებული რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციული ომით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციით მანიპულაციისადმი მდგრადობას. დამოუკიდებელი მედია და ინფორმაციის სამართლიანი ხელმისაწვდომობა დემოკრატიის საფუძველია,“ – განაგრძობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ამავე ბლოგს ქვესათაურებად, უცვლელად გთავაზობთ:

საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა

ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა არის ვალდებულება, რომლის შესრულებასაც ჩვენ ველით ყველა ქვეყნიდან, რომლებიც მიისწრაფვიან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ეს ასევე არის ვალდებულება, რომელიც თავად საქართველომ უკვე 2014 წელს აიღო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. თუმცა, ამ კუთხით, ახლა გაუმჯობესებისთვის საკმაოდ დიდ სივრცეს ვხედავ.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა

ჩემი მესამე მესიჯი ეხებოდა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.

ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვადასტურებთ კონკრეტული ქმედებებით: გვყავს აქტიური ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი და ჩვენი თავდადებული სამოქალაქო მისია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელიც იმყოფება ქვეყანაში ბოლო 15 წლის განმავლობაში. მისია პატრულირებს „ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ,“ სეპარატისტულ რეგიონებთან „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან. ის ყოველდღიურად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,ა ადგილზე სიტუაციის დაკვირვებით, ინციდენტების შესახებ მოხსენებითა და, ზოგადად, ადგილზე ყოფნით.


ევროკავშირის მისიასთან ერთად, „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე ტერიტორია მოვინახულე. მე, რა თქმა უნდა, უკვე განვიხილე საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტის ირგვლივ არსებული ვითარება, მაგრამ ასევე მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიმდებარედ მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას. მათ მიამბეს მათი ყოველდღიური გაჭირვების შესახებ – გაყოფილი ტერიტორიები, რომლებზეც წვდომა აღარ არის პენსიის მიღებამდე. ისინი ძვირს იხდიან ამ კონფლიქტში.

ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში

საქართველოსთან ჩვენ ასევე დავამყარეთ მზარდი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს სამხედრო მისიებში მთელ მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ეხმარება ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით. დღეისათვის ჩვენ გამოვყავით 62 მილიონი ევრო არალეტალური აღჭურვილობისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისების დროს სწრაფი რეაგირებისთვის. პირველი პარტია უკვე ჩვიდა საქართველოში და მეტი დახმარება გზაშია.

  • დასასრულს, ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვინდა ,ვიხილოთ საქართველო წარმატებული ევროპულ გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა.
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა