“1864 წლის შემდეგ, საქართველოში ბევრი ისეთი ცვლილება მოხდა, რომლის მიზანი საზოგადოების უკეთესად მოწყობა გახლდათ. ყველა გონიერი ადამიანი ამ ცვლილებებს აღტაცებული ხვდებოდა, თუმცა რამდენად გამართლდა მათი სიხარული, საკითხავია.
მაგალითისთვის განვიხილოთ 1864 წელს ყმების გათავისუფლება. ცხადია, ერთი მხრივ ძალიან კარგი რამ მოხდა და შეწყდა ადამიანობის გაქელვა და ადამიანი ადამიანად აღიარეს, თუმცა ამ ამბავში მეორე მხარეცაა.
როცა ბატონი გლეხს გაათავისუფლებს, ეს გლეხი სადმე უნდა დავინავდეს და მიწაც მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლება იმის თქმას უდრის: “წადი, ახლა თავისუფალი ხარ, რომ შიმშილით მოკვდეო”.
დიდი დავა იყო, როგორ უნდა გაყრილიყვნენ ბატონი და ყმა ერთმანეთს. ერთი აზრი იყო, რომ მებატონეს მიეყიდა გლეხისთვის მამული და მთავრობა გლეხს საყიდელი ფულით დახმარებოდა. მეორე აზრი იყო, რომ გლეხისთვის ფიქსირებული გადასახადი დაეწესებინათ, რომელსაც ყოფილ ბატონს, მიწის ყოფილ მფლობელს გადაუხდიდა. პირველი გზა უკეთესი იყო, თუმცა არც ერთი და არც მეორე გზა არ აურჩევიათ.
იყო მესამე გზა, სადავიდარაბოს და საჩხუბარს რომ ტოვებდა. გლეხს ყოფილი ბატონისთვის მიწის სანაცვლოდ რაღაც პერიოდი თავისი მოსავლიდან უნდა მიეცა წილი, მეოთხედი. იმისთვის, რომ ეს მოვალეობა პირნათლად შესრულებულიყო, მებატონის კაცი უნდა დასწრებოდა მოსავლის დათვლას.
საქმე ისაა, რომ მოსავალი საქართველოში მთლიანად თუ არა, ერთ სოფელში მაინც ერთდროულად მოდის. იმ მებატონეს რა უნდა ექნა 10 და 20 კომლი ნაყმევი რომ ჰყავდა? როგორ უნდა გაეგზავნა თავისი სანდო კაცი 10 და 20 ოჯახში? არ გაგზავნიდა და ეჭვები ექნებოდა, მატყუებენო. გაგზავნიდა და – ამ ხალხის გაგზავნაშიც ბევრი ფული ეხარჯებოდა.
გლეხიც ცუდ დღეში იყო. თუ ყოფილი ბატონის გამოგზავნილ კაცს მოუცდიდა, ვინ იცის, როდის მოვიდოდა და ამ ლოდინში ეშინოდა, ავდარმა მოსავალი არ გამიფუჭოსო. არ მოუცდიდა და იმის ეშინოდა, არ მომედავონ ტყუილადო.
ასეთ მდგომარეობაში ვერც გლეხი ხეირობდა და ვერც ყოფილი ბატონი. იმის მოწმეებიც ვყოფილვართ, გლეხს რომ ბატონის კაცის ლოდინში, მოსავალი დაუპლა. ასე იყო თუ ისე, რეალობაში ბატონი და გლეხი ერთმანეთის კეთილსინდისიერების იმედად უნდა ყოფილიყვნენ.
“ვინ არ იცის კიდევ, რომ კეთილ-სინდისიანობა გაჭიმული თოკია, რომელსაც დიდნი ზედ გადააბოტებენ და ისე გადადიან, პატარები კი ქვეშ უძვრებიან ხოლმე”. ხოდა, ატყდა ბატონსა და გლეხს შორის დავიდარაბა. მოსამართლენი პირველ ხანებში, საჩივრებს ვერ აუდიოდნენ.
მარტო ეს კი არ იყო პრობლემა. რადგან მეოთხედი უნდა მიეცა, ისიც უნდა დადგენილიყო რამდენი მიწა უნდა ეხნა გლეხს აუცილებლად. თუ გლეხს 10 დღის მიწა ეჭირა და მარტო ერთისას დაამუშავებდა, მებატონეს ცოტა მოსავალი ექნებოდა. ამიტომ კანონმა გლეხი დაავალდებულა, რაც გერგო იმ მიწის ნახევარი მაინც სულ დამუშავებული გქონდესო. ამან ცალკე შფოთი ჩამოაგდო და საჩივრები დაამატა.
ამდენ საჩივარს ვინ აუვიდოდა, ამიტომ სამართალს არავინ ელოდებოდა და დაიწყო ძალმომრეობა. ზოგი გლეხი და ბატონი კი თავად, სიტყვით შეთანხმდნენ და დაიწესეს ფიქსირებული გადასახადი, “შინაურულად მორიგდნენ”, თუმცა ყველგან ვერა “ეგ მარტო იქ მოხდა, სადაც გლეხ უფრო კაც-მოყვარე და მშიდობიანი მამულის პატრონი შეხვდა და საცა მაგისთანა მამულის პატრონს – გულ-მართალი გლეხი”.
წყარო: orjerori.ge