შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიანალიტიკასაზოგადოებები ავტორიტარულ რეჟიმებში

საზოგადოებები ავტორიტარულ რეჟიმებში

შესავალი

არალიბერალურ რეჟიმებზე მსჯელობისას კვლევის ძირითადი საგანი იმ ინსტიტუციურ ინფრასტრუქტურაზე დაკვირვებაა, რომელიც მმართველი ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკური ძალაუფლება სამართლებრივად გაიმყაროს. აკადემიური კვლევების ძირითადი ნაწილიც იმის შესწავლას ეთმობა, თუ რამდენად გამართულად ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობს თუ არა ქვეყანაში სამართლის უზენაესობა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. თუმცა, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს საზოგადოების როლი რეჟიმის ფორმირების პროცესში. ამდენად,  მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა თუ რა სოციალური ფაქტორები და პრერეკვიზიტები უწყობს ხელს ქვეყანაში პლურალისტული დემოკრატიული სისტემებიდან ჰიბრიდული ან ავტორიტარული რეჟიმებისკენ ტრანზიციას? რა გარემოებები უწყობს ხელს საზოგადოებას დათანხმდეს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, ამის სანაცვლოდ კი ხელი შეუწყოს განსხვავებული აზრის დევნას, პირადი ავტონომიის კონფორმიზმით ჩანაცვლებას და ავტორიტარი ლიდერისთვის მარტივად სამართავი საზოგადოებრივი ორგანიზმის შექმნას? ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ავტორიტარიზმის მთავარი მიზანი – აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მისი შენარჩუნება, უზრუნველყოფილი ვერ იქნება მხოლოდ ინსტიტუტების დამორჩილებით, ასევე საჭიროა ავტორიტარული status quo  მისაღები იყოს ქვეყანაში მცხოვრები საზოგადოებისთვის. ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად კი პირველ რიგში უნდა მიმოვიხილოთ როგორია თავად დემოკრატიული საზოგადოება?

დემოკრატიული საზოგადოების ცნება

დემოკრატიული საზოგადოება შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც პლურალისტური, პოლიარქიული სოციუმი, სადაც ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არსებობს დეცენტრალიზაციის მაღალი დონე, ძალაუფლება კი გადანაწილებულია შეკავება გაწონასწორების მექანიზმის საფუძველზე. ასევე, გარანტირებულია უმცირესობის უფლება არ დაეთანხმოს უმრავლესობას და დაცულია სამართლის უზენაესობის პრინციპი[1]. დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია პროცედურული გარანტიები, რომელიც გამორიცხავს a priori უმრავლესობის მიერ უმცირესობაზე დომინირებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული გადაწყვეტილების გონივრულობას უზრუნველყოფს საკითხთა საჯარო განხილვა, რომელშიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, რომელთაც გადაწყვეტილების შედეგზე რეალური გავლენის მექანიზმები გააჩნიათ – იმარჯვებს არა უმრავლესობა, არამედ უფრო სწორი, უფრო გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა უმცირესობის პოზიციას ემთხვეოდეს. ხოლო დემოკრატიულია საზოგადოება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ წესებს თანხმდება და იზიარებს.

დემოკრატიული საზოგადოების სხვაგვარად დახასიათებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ კარლ პოპერის ცნებები ღია და დახურულ საზოგადოებებზე. ნაშრომში „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ კარლ პოპერი ღია საზოგადოებას ახასიათებს საზოგადოებად, რომელიც აფასებს ინდივიდუალურ თავისუფლებებს და უფლებებს, უზრუნველყოფს პლურალისტული და განსხვავებული რწმენებისა და მოსაზრებების მიმოცვლას, ხელისუფლება მოქალაქეების წინაშე არის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი. ამისგან განსხვავებით, დახურული საზოგადოებები ხასიათდება ღია საზოგადოებების საპირისპირო ღირებულებითი სისტემით, რასაც ემატება ხელისუფლების მიერ ინფორმაციული ფილტრის დაყენება, ცენზურა და პროპაგანდა.

რეჟიმის ტრანზიცია და გავლენა საზოგადოებაზე

დემოკრატიისგან განსხვავებით, ავტორიტარულ რეჟიმებში ხელისუფლების მთავარ მიზანს ძალაუფლების მოხვეჭა და მისი რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნებაა. ამ მიზნის მისაღწევად ავტორიტარი ლიდერების მთავარ ამოცანას დემოკრატიული ინსტიტუტების დამორჩილება და მათი იმგვარად მოწყობა წარმოადგენს, რომელიც მისი მიზნების მიღწევის გარანტიას შექმნის. ამ პროცესში ავტორიტარი ლიდერები „რეფორმების განხორციელებას“ იმგვარად ცდილობენ, რომ ცალსახად არ გამჟღავნდეს მათი რეალური მიზნები, მეორე მხრივ კი უწევთ იმგვარი ნარატივების მოფიქრება, რომელზეც საზოგადოების უმრავლესობა თანახმა იქნება.

იმისთვის, რომ ავტორიტარმა ლიდერებმა შეძლონ მათთვის სასურველი მიზნების მიღწევა, სჭირდებათ საზოგადოების იმგვარად გარდაქმნა, სადაც უმრავლესობა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან მიმართებით კომფორმისტული განწყობების იქნება, ხოლო რეჟიმის მოწინააღმდეგე უმცირესობა დაკარგავს საზოგადოების მეორე ნაწილისგან ემპათიას, ნდობას და ამავდროულად მათთვის განსაკუთრებით გართულდება status quo-ს შესაცვლელად არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ხელმისაწვდომობა. ამ ამოცანის სისრულეში მოყვანისთვის ავტორიტარი ლიდერები ხშირად მიმართავენ საზოგადოებრივი პოლარიზაციის გამომწვევ ხრიკებს, რის შედეგადაც ვიღებთ რეალობას, სადაც საზოგადოება იყოფა ორ ჯგუფად – ჩვენ და ჩვენი მტრები. ავტორიტარულ რეჟიმებში ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს საზოგადოებაში არსებობდეს ორი მოსაზრება, რეჟიმის მომხრე უმრავლესობის და მისი მოწინააღმდეგე უმცირესობის, მანიპულირებით კი გაქრეს ან მაქსიმალურად შეზღუდოს ამ ორ მხარეს შორის არსებული საზოგადოებრივი მოსაზრებები და ინტერესთა ჯგუფების ხმა.

პოლარიზებული საზოგადოების შექმნა კი სხვადასხვა ინსტრუმენტით მიიღწევა, რომელთა შორის გამოირჩევა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მექანიზმი – მადისკრედიტირებელი ფუნქციით და სპეციალური ფსიქოლოგიური ოპერაციები, რაც ადამიანური ინსტინქტების ბუნების გათვალისწინებით იწვევს საზოგადოების ბუნებრივად ორ ნაწილად გაყოფას.

თუკი ამ თეორიულ მსჯელობას ქართულ პოლიტიკურ რეალობას შევუსაბამებთ, მსგავსებები თვალშისაცემი იქნება. მმართველი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს საზოგადოების პოლარიზებას ე.წ „შუის გაკრეფის პოლიტიკით“, რაც ქმნის იმგვარ ხელოვნურ სურათს, რომ თითქოს ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში არსებობს ორი ბანაკი -ხელისუფლების მომხრე – ქართული ოცნების მხარდამჭერი ბანაკი და ყველა სხვა ვინც ამ ბანაკში არ არის მოიაზრება როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად.

ამას ემატება ისეთი თემებით მანიპულირება, რომელიც ქმნის შიშის ეფექტს და საზოგადოების დიდ ნაწილს status quo-ს მხარდამჭერ პოზიციაზე განაწყობს. მაგალითად, სამსახურის დაკარგვა, ტერორისტული თავდასხმა, ომის საშიშროება და სხვა[2].  შიშზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური ოპერაციის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ვიქტორ ორბანის მიერ 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ნარატივი ომისა და მშვიდობის შესახებ. კერძოდ, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ვიქტორ ორბანმა ოპოზიციური პარტიები იმაში დაადანაშაულა, რომ სურდათ ქვეყნის ომში ჩართვა,  მედიის სრული სამთავრობო კონტროლის პირობებში, ოპოზიციას ამ ტყუილებზე პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცა[3].  პოლარიზაციის წამახალისებელი იდენტური ნარატივი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამაც გამოიყენა უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, როდესაც მესიჯით „ომი თუ მშვიდობა“ დაუპირისპირდა ყველას, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებებს აკრიტიკებდა, რამაც უფრო და უფრო გააღრმავა პოლარიზაციის ხარისხი.

შედეგად საქართველოში მივიღეთ პოლარიზებული საზოგადოება, რასაც ისიც მოწმობს, რომ ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად განსაზღვრულ ნაბიჯებში ერთ-ერთ კრიტერიუმად დეპოლარიზაცია განისაზღვრა. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების ჭრილში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს შემდგომი მუშაობისთვის პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით[4].  დეპოლარიზაცია მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც პოლარიზებულ საზოგადოებებში რთული, ხანდახან შეუძლებელიც კი არის კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. თავის მხრივ კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი დემოკრატიულ საზოგადოებებს ახასიათებთ, რადგან მრავალი ნიშნით განსხვავებული ინტერესთა ჯგუფების შეთანხმების შესაძლებლობას სწორედ კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები იძლევა. მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოება ვთანხმდებოდეთ ისეთ ძირითად პრინციპებზე, რომელიც ჩვენს თანაცხოვრებას შესაძლებელს გახდის და განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.

დასკვნა

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში საზოგადოება რეჟიმის მიმართ კომფორმისტულ განწყობებს ინარჩუნებს, რაც სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის პროპაგანდისტული ნარატივებისა და პოლარიზაციის გზით მიიღწევა. ასეთი საზოგადოება თანდათან კარგავს თვითორგანიზებისა და თვითმმართველობის უნარებს და უშვებს ავტორიტარის ხელში ერთპიროვნული ძალაუფლების კონცენტრაციას. საქართველოსთან პარალელები კი აჩვენებს, რომ ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების დამორჩილების პარალელურად ხელს უწყობს საზოგადოების დეპოლარიზაციას, რომლის ამოცანა დისფუნქციური საზოგადოების ფორმირებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ყველა სფეროში დეპოლარიზაცია და თანაცხოვრების ძირითად პრინციპებზე შეთანხმება, რომელიც დიალოგის და კომპრომისზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე რთულად წარმოსადგენი იქნება.

ვასილ ჟიჟიაშვილი


[1] Scheiring, Gábor. 2021. “The Social Requisites of Illiberalism,” in Routledge Handbook of Illiberalism, edited by András Sajó, Renáta Uitz, and Stephen Holmes. London, Routledge, 599.

[2] Feldman, S., Mérola, V., & Dollman, J. (2021). The Psychology of Authoritarianism and Support for Illiberal Policies and Parties. Routledge Handbook of Illiberalism, 639.

[3] Scheppele, K.L. (2022). How Viktor Orbán Wins. Journal of Democracy 33(3).

[4] EUROPEAN COMMISSION, COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS 2023 Communication on EU Enlargement Policy, Brussels, 8.11.2023 COM(2023) 690 final.

წყარო: gdi.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა