კვირა, მარტი 3, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაჰენრი კუპრაშვილი: ,,წიგნის სიკვდილი ხაშურში“

ჰენრი კუპრაშვილი: ,,წიგნის სიკვდილი ხაშურში“

საგანგებო ვითარება შეიქმნა 2023 წლის 13 მაისს – ქ. ხაშურის ცენტრში,    მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის შენობის ნაწილი ჩამოინგრა და ჰენრი კუპრაშვილის სახელობის ფასდაუდებელი წიგნადი ფონდი ნანგრევებში მოყვა. სამწუხაროა, რომ 7 თვის შემდეგაც აწვიმს და ათოვს  ნანგრევებს და მასში მოყოლილ უნიკალურ  წიგნებს. არავინ  რეაგირებს ამ საგანგაშო ფაქტზე. დასაწყისში ხაშურელი მაშველები კი მისულან, მაგრამ, შეშინებულები, უკან გაბრუნებულან, ადამიანი არ არის მოყოლილი და რაღაც წიგნების გულისთვის, რომლებიც ვიღაცისთვის შეიძლება ძვირფასია, ჩვენს თავს საფრთხეში ნამდვილად ვერ ჩავიგდებთო.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,  მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, უნიკალური მსოფლიო რეკორდსმენი, ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი (ზამთრის ცურვა, ბიატლი, ტრიატლი), საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ეროვნული მოძრაობის აქტივისტი, ომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ სახელმწიფო მედლის (საქართველო), უკრაინის შინაგანი ჯარების მედლის,  ბაირონის ოქროს მედლის (დიდი ბრიტანეთი) კავალერი ჰენრი კუპრაშვილი:

შემთხვევით  გავიგე ,,ფეისბუკიდან“. წიგნების ასეთ მდგომარეობაში ნახვამ შეაშფოთა  ერთ-ერთი წიგნიერი ხაშურელი და მან გამოაქვეყნა. მიჩუმათებული იყო ეს ფაქტი და არ გახმაურებულა, თორემ ხაშური მდიდარია წიგნიერი, სახელოვანი ადამიანებით და რეაგირების გარეშე არ დატოვებდნენ.

ვისაც მდიდარი პირადი ბიბლიოთეკა აქვს, ამაყობს, რომ უძვირფასესი განძის მფლობელია. მთელი არსებით დაჰკანკალებს მისი გონებისა და სულიერების ამ ფასდაუდებელ საზრდოს.  ციფრულტექნოლოგიამდელი წიგნიერების ეპოქის თაობამ იცის, რომ ხშირად საკვებსაც კი ვიკლებდით და ვცდილობდით, სპეციალობიდან გამომდინარე, მეცნიერულად და საზოგადოებრივად ღირებული წიგნი შეგვეძინა. ხშირად დიდი ძალისხმევაც კი დაგვჭირვებია, რომ გვეშოვა, რადგან წიგნი  იყო იმ ეპოქაში კაცობრიობის განვითარების, მისი წინსვლის განსაკუთრებული სტრატეგიული რესურსი. ჩემი ცხოვრების 77 წლის მანძილზე 5 ათასამდე წიგნი დაგროვდა პირად ბიბლიოთეკაში. ამით ვამაყობ (ამას წიგნის მოყვარული გამიგებს), მაგრამ, იმასაც ვაცნობიერებ, რომ წიგნების ოჯახებში „გამოკეტვა“ ვერ უნდა იყოს მთლად კარგი წიგნებისათვის. წიგნი წასაკითხად გამოიცემა, ესაა მისი დანიშნულება. შესაბამისად, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა, დაგროვილი ცოდნის დაუბრკოლებლად გამოყენების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში ისინი უსარგებლო, თავის მოსაწონებელად გამოფენილ უსულო ნივთებად იქცევა. წიგნს თუ არ კითხულობენ, თუ არ იყენებენ ცოდნის მისაღებად, ის „მკვდარია“ და უსარგებლო, რადგან ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას.  

ამიტომაც ერთ დღეს გადავწყვიტე, ამ ჩემი განძიდან ნაწილი მაინც მომეგლიჯა გულიდან და მეწილადებინა ბიბლიოთეკისათვის. ძალიან ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მაინც ასე ვამჯობინე, რადგან წიგნი ყველასათვის ხელისაწვდომი გახდებოდა, ხალხში გასვლით მეორე სიცოცხლეს შეიძენდა, გაცოცხლდებოდა, ბევრისთვის საჭირო გახდებოდა, ფუნქციას არ დაკარგავდა.

2 ათასამდე წიგნი შევარჩიე ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკისათვის. რა ჩამოთვლის: ივანე ჯავახიშვილის 10 ტომი, საქართველო და ქართველები ოსმალურ დოკუმენტებში, კონსტანტინე გამსახურდიას 10 ტომი, მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის ათეულობით ყველა ტომი, ქართული პროზა – ყველა ტომი, ოქსფორდის ლექსიკონის ტომები, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ყველა – 12 ტომი, დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის 30-ვე ტომი, მეორე მსოფლიო ომის ისტორიის 12 ტომი და სხვ. ასევე იყო მრავალი უძვირფასესი და უნიკალური გამოცემა, შავ ბაზარზე რომ ძალიან დიდი ფასი აქვს…  

ჩემს გადაწყვეტილებას დიდი გულისყურითა და პასუხისმგებლობით მოეკიდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ყველაფერს თავისი წესი აქვს და მალე ჩემთან, სახლში გამოგზავნეს კვალიფიციური თანამშრომლები: ბესო ბაჯელიძე, მარი კალანდაძე და ნინი კვერნაძე, რომლებმაც წიგნები, წესისამებრ, აღწერეს, დაახარისხეს და მოამზადეს ტრანსპორტირებისათვის (სხვათა შორის, გამოითქვა გარკვეული წუხილიც, წიგნებს ეროვნულ ბიბლიოთეკას რომ არ ვაბარებდი). შემდეგ ამ მნიშვნელოვანი  მოვლენის აღსანიშნავად გენერალური დირექტორის, ბატონ გიორგი კეკელიძის თავკაცობით, დელეგაცია (ეროვნული ბიბლიოთეკის 7 თანამშრომელთან ერთად) გავემგზავრეთ ქალაქ ხაშურში და წიგნები გადავეცით მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას, სადაც დირექტორის, ქალბატონ მაკა დიდებულიძის ორგანიზებით მოგვიწყვეს საზეიმო დახვედრა, მოხდა  შეკრებილ საზოგადოებასთან ჩვენი წარდგენა. პირველ სართულზე გამოიყო ოთახი,  გაუკეთდა წარწერა. გაშუქდა მასმედიაში. ამის შემდეგ კონტაქტი არ გაუწყვეტიათ.  ტარდებოდა შეხვედრები. ლამაზად ჩაიარა ფონდის საზეიმო გახსნამაც, ჩამოვიდა მწერალი  რევაზ მიშველაძე და სხვ. უკვე ვფიქრობდი, დანარჩენი 3 ათასი წიგნიც გადამეცა ხაშურისათვის.

რატომ – მისთვის? იმიტომ, რომ, ღვთის ნებით, 1946 წელს ხაშურში დავიბადე. იმ დროს თბილისში, კახეთის ქუჩაზე მცხოვრები ჩემი მშობლების გადაწყვეტილებით (რადგან მამაჩემი ჯარში იქნა გაწვეული), ფეხმძიმე დედაჩემი მოსალოგინებლად უნდა ჩაეყვანათ ხაშურში მამაჩემის დედასთან. ასე ვიქეცი ხაშურელად. მართალია, თბილისში გავიზარდე, მაგრამ ყოველთვის მეამაყებოდა, საქართველოს ცენტრში, ამ ძირძველ, ნამდვილ ქართულ ქალაქში რომ მოვევლინე ქვეყანას.

13 მაისს მომხდარმა  საზარელმა შემთხვევამ მოურჩენელი ჭრილობა მომაყენა. კითხვა მიჩნდება:  ამ შემთხვევიდან ცოტა ხნით ადრე, რატომღაც, ამ საზეიმოდ გახსნილი ფონდის ოთახიდან თაროებს მოაცილეს ჩემი წიგნები და აიტანეს მეორე სართულზე, ავარიულ ბლოკში. ვიღაცას უთქვამს, აქ მომავალში ანუ როდინობის კვირაში მოვაწყობთ ფონდის ახალ ოთახსო! ძველი რას აშავებდა? მე არც კი ჩამაყენეს საქმის კურსში! ცხადია, რომ არ დახარბებულიყვნენ ოთახს და ხელი არ ეხლოთ  წიგნებისათვის, ეს ძვირფასი ფონდი გადარჩებოდა.

ვაი, ჩემს თავს უბედურს! ყველაფრის წარმოდგენა შემეძლო, მაგრამ ასეთის?!

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აფხაზეთი: «დროა, ამ ისტორიას წერტილი დაესვას»?

რუსეთთან მეგობრობას ყოველთვის მოჰყვება შედეგები. მასთან ურთიერთქმედება ყავლგასული „სამუდამო მეგობრობის“ ლოზუნგით ჯერ არავის გამოსვლია. მეტისმეტად ძვირი ჯდება ეს „სიამოვნება“: არ ხარ თანახმა, „უფროსი მეგობრის“...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა